მთავარი გვერდი - ბიბლია |
ახალი აღთქმა |
პეტრე მოციქულის მეორე ეპისტოლე |
თავი 2 |
1 იყვნენ ცრუ წინასწარმეტყველნიც ხალხში, ისევე, როგორც თქვენში იქნებიან ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ წარმწყმედ მწვალებლობას, უარყოფენ მათ გამომსყიდველ უფალს და მალე თვითონვე წარიწყმედენ თავს. 2ბევრი გაჰყვება მათ თავაშვებულებას და მათი წყალობით დაიგმობა ჭეშმარიტების გზა. 3ანგარებით აღძრულნი ცრუ სიტყვებით მოგისყიდიან, მაგრამ არ დაახანებს მათი სასჯელი და არ სძინავს წარწყმედას მათსას. 4რადგან თუ ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვის დღემდე დასამარხავად; 5თუ არც ძველი ქვეყანა დაინდო, არამედ იხსნა მხოლოდ სიმართლის ქადაგი - ნოე, რვა სულთან ერთად, როცა წარღვნა მოუვლინა უღმრთოთა ქვეყანას; 6თუ გასწირა სოდომისა და გომორის ქალაქები, ფერფლად აქცია და მომავალ უღმერთოთა ნიმუშად დადო ისინი, 7ხოლო მართალი ლოტი ურჯულოთა უგვანი ქცევით გაწამებული, იხსნა, 8(ვინაიდან მათ შორის მცხოვრები ეს ალალ-მართალი ყოველდღე იტანჯებოდა თავისი მართალი სულით, როცა ხედავდა და ისმენდა მათ ურჯულოებას), 9მაშასადამე, იცის ღმერთმა, როგორ დაიხსნას ღვთისმოსავნი განსაცდლისაგან, უკეთურნი კი განკითხვის დღისათვის შემოინახოს განსასჯელად; 10უპირატესად კი ბილწ ხორციელ ვნებებს აყოლილნი, უფლებათა შეურაცხმყოფელნი, თავხედნი, კადნიერნი და დიდებათა ურიდად მგმობნი. 11მაშინ როდესაც თვით ანგელოზნი, მათზე უფრო ძლიერნი და ძალმოსილნი, მკრეხელურად არ განსჯიან მათ უფლის წინაშე. 12ისინი კი, როგორც უგონო პირუტყვნი, მათივე ბუნებით დასაჭერად და გასაწყვეტად გაჩენილნი, გმობენ იმას, რაც არ ესმით და თავიანთი ხრწნილებით გაიხრწნებიან. 13ასე მიიღებენ უსამართლობის საზღაურს, ნეტარებად რომ შეურაცხავთ ყოველდღიური განცხრომა; შესვრილნი და შებილწულნი თავიანთი სიცრუით ტკბებიან, როცა ილხენენ თქვენთან ერთად. 14მათი თვალები სავსეა სიმრუშით და უძღები ცოდვით; გულხარბნი და ანგარების მოყვარენი აცთუნებენ უმტკიცო სულებს; ესენი არიან ძენი წყევლისა. 15წრფელი გზა რომ დაუტევეს, შეცდნენ და შეუდგნენ ბალაამის, ბოსორის ძის, კვალს, რომელმაც შეიყვარა უსამართლობის საზღაური. 16მაგრამ თავისი ურჯულოების მამხილებლად ექცა უტყვი სახედარი, რომელიც კაცის ხმით ამეტყველდა და ალაგმა წინასწარმეტყველის სიშლეგე. 17ესენი არიან უწყლო წყარონი, ქარიშხლით დევნილი ღრუბლები, რომელთათვისაც გამზადებულია მარადიული უკუნი. 18ვინაიდან თავიანთი მაღალფარდოვანი ფუჭსიტყვაობით ხორციელ გულისთქმათა სიბილწეში იტყუებენ იმათ, რომელნიც ოდნავ ჩამორჩნენ საცთურში დანთქმულთ. 19თავისუფლებას აღუთქვამთ მათ, თვითონ მონები ხრწნილებისა. ვინაიდან ვინც რისაგან არის ძლეული, მისივე მონაა. 20რადგან თუ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შემეცნების წყალობით ამქვეყნიური ბილწებისგან განრისხებულნი კვლავ იმავე ბილწებით ისვრებიან და დაიძლევიან, მათთვის ეს უკანასკნელი ყოფა უწინდელზეც უარესია. 21უჯობდათ საერთოდ არ შეეცნოთ გზა სიმართლისა, ვიდრე შეცნობის შემდეგ უკუქცეულიყვნენ მათთვის მიცემული წმიდა მცნებისგან. 22სწორედ მათზე თქმულა მართალი ანდაზა: ძაღლი მიუბრუნდა თავის ნარწყევს და ნაბანი ღორი კვლავ წუმპეში ჩაგორდა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |