მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
წიგნი გამოსლვათაჲ |
თავი 10 |
1და ჰრქუა უფალმან მოსეს: გუალე, შევედ შენ ფარაოჲსა, რამეთუ მე განმიფიცხებიეს გული მისი და გული ერისა მისისაჲ და გული მთავართა მისთა, რათა აწ ცხადად მოვიდეს ყოველი ესე სასწაული მის ზედა. 2რათა თქუენცა უთხრათ შჳლთა თქუენთა და შვილის შვილთა თქუენთა-ნაშობთა მათ თჳსთა, რაოდენი უყო მე ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა. 3და სასწაულები იგი და ნიშები ჩემი, რომელ ვყავ მაგათ ზედა გულისჴმა-ჰყოთ და უწყოდეთ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი. შევიდეს მოსე და აჰრონ წინაშე ფარაოსა და ჰრქუეს მას: ამას იტყჳს უფალი, ღმერთი ებრაელთა: ვიდრემდის არა გრცხუენოდის, გამოუტევე შენ ერი ეგე ჩემი, რათა მსახურებაჲ მმსახურონ მე. 4უკუეთუ არა გნებავს გამოტევებაჲ ერისა მაგის ჩემისა, ხვალე და მასვე ჟამსა შინა მოვჰჴადო საზღვართა შენთა ზედა მკალი. 5და დაფაროს პირი ქუეყანისა მაგის შენისაჲ და ვერ იხილო ქუეყანაჲ იგი შენი და შეჭამოს ყოველივე იგი ნეშტი ქუეყანისა მაგის, რომელი დაშთომილ იყოს სეტყჳსა მისგან და შეჭამოს ყოველივე მცენარე ქუეყანისა მაგის შენისაჲ. 6აღივსოს საუნჯეები შენი და ტაძრები ეგე შენი და სახლები და ყოველი საუნჯეები მონებისა მაგის შენისა და ყოველივე სახლები აღივსოს ყოველსა მაგას ქუეყანასა ეგჳპტელთასა, რომელ ეგევითარი არა სადა ეხილვოს მამათა თქუენთა ჟამითგან, რომლით დაბადებულ იყვნეს იგინი ქუეყანასა ზედა მოდღენდელად დღედმდე, მიჰრიდა მოსე და გამოვიდა პირისაგან ფარაოჲსა მთავართა თჳსთა. 7ჰრქუეს მონათა ფარაოს: ვიდრემდე იყოს გუემა ესე ჩუენ ზედა, განუტევე ერი ეგე, რათა მივიდენ და მსახურებაჲ ჰმსახურონ უფალსა თჳსსა, ანუ არა უწყი, რამეთუ წარწყმდა ეგჳპტე? 8და მოაქციეს მოსე და აჰრონ მუნვე ფარაოსა და ჰრქუა მათ: გუალეთ, წარვედით და ჰმსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა, და აწ ვინ და ვინ მისლვად ხართ? 9მიუგო მოსე და ჰრქუა: მოხუცებულითურთ და ჭაბუკითურთ მივალთ, ძეებით და ასულებით, ცოლით და შჳლითურთ, ზროხით და ცხოვარით, და ყოვლით საცხოვარითურთ, რამეთუ დღესასწაული არს უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ. 10და ჰრქუა მათ ფარაო: ეგრე იყავნ, უფალი თქუენ თანა, და თქუენ განგიტევნე, სახლითურთ თქუენით გნებავს წარსლვის? ჰხედავთ, რამეთუ ზრახვაჲ ბოროტებისა ძეს გულსა შინა თქუენსა. 11არა ეგრე არს. ნუ მიხუალთ, არამედ მამანი ხოლო მივიდე და მსახურებაჲ თჳსი ჰმსახურედ უფალსა ღმერთსა მათსა, სადა მაგას რასა ეძიებდი თქუენ. და გამოასხნეს იგინი პირისაგან ფარაოსა. 12ჰრქუა უფალმან მოსეს: მიყავ ჴელი შენი ქუეყანასა მაგას ეგჳპტელთასა და აღმოვედინ მკალი ქუეყანასა ზედა და შეჭამოს ყოველი მხალი ნედლი და ყოველივე ნაყოფი ხისა, რომელ დაშთომილ იყოს სეტყჳსაგან 13აღიპყრნა მოსე ჴელნი თჳსნი ზეცად და მიავლინა უფალმან ქარი ბღუარისაჲ ყოველსა მას ზედა ქუეყანასა დღე ყოველ და ღამე ყოველ. განთიადითგან შემწუხრებადმდე და მიცისკრადმდე ქარნი იგი ქროდა და აღმოადინებდა მკალსა. 14და აღავსებდა ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა და მოაქცია ყოველივე საზღვარი ქუეყანისა ეგჳპტისა მკალმან დიდად ფრიად, რამეთუ არასადა იყო დასაბამითგან აქამომდე. 15და დაფარა ყოველი პირი ქუეყანისაჲ და განრყუნა ყოველი ქუეყანა ეგჳპტელთაჲ და შეჭამა ყოველი მწუანვილი ველისაჲ და ყოველი ნაყოფი ხისაჲ, რომელ განრინებულ იყო სეტყჳსაგან სასტიკისა და არა დაშთა რაჲთურთით მხალი ნედლი ველისა ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა. 16სწრაფით მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: ვცოდე მე წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და თქუენცა. 17ამას ჯერსა შე-ღა-მიწყნარეთ მე ამას უნასსა ზედა. და ილოცეთ ჩემთჳს უფლისა მიმართ, ღმრთისა თქუენისა, რათა განაქარვოს ჩემგან მკალი ესე. 18და გამოვიდა მოსე პირისაგან ფარაოჲსა და ილოცვიდა უფლისა მიმართ. 19და გარდააქცია უფალმან ქარი იგი უსასტიკესად ზღჳთ, და აღიღო და აღუმაღლა მკალსა მას და შთადვა იგი ზღუასა მას მეწამულსა და არა დაშთა რაჲთურთით მკალი იგი არცა ერთ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა. 20მერმე განუფიცხა უფალმან გული ფარაოსი, და არავე უნდა განტევებაჲ ძეთა მათ ისრაჱლისათა. 21და ჰრქუა უფალმან მოსეს: აღირთხ ჴელი შენი და იყავნ ბნელ უღაღ, ჴშირ, ჴელით შესაპყრობელ ქუეყანასა მაგას ზედა ეგჳპტელთასა! 22აღირთხა მოსე ჴელი თჳსი ზეცად და იქმნა ბნელი წყუდიადი, ნისლი და არმური ყოველსა ზედა ქუეყანასა ეგჳპტელთასა სამ დღე. 23და ვერ იხილა კაცმან მოყუასი თჳსი, ვერცა ძმაჲ თჳსი და არა ვის ეძლო ყოვლად აღდგომად სარეცელით თჳსით სამთა მათ დღეთა. ხოლო ძეთა მათ ისრაჱლისათა იყო ნათელ ყოველთავე საყოფელთა მათთა. 24მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: გუალე, წარვედით და ჰმსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა, გარნა ცხოვარი და ზროხაჲ ადგილობანს იყავნ და ყოვლითა სიმრავლითა წარვედით. 25მიუგო მოსე და ჰრქუა: არა ეგრე, არამედ ცხოვრით და ზროხით და ყოვლითურთ ჭურჭლით ჩვენით წარვიდეთ და ზედა შენცა მეც ჩუენ საწევნელი მსხუერპლთა მათ, რომელ-იგი შევწიროთ ჩუენ უფლისა ღმრთისა ჩუენისა. 26აცადე, თუ ჩუენი არა დაგიტეოთ შენ, არცაღა ჭლაკი ერთი მათგანი, რამეთუ არა უწყით, რაჲ სათნო იყოს მსახურებად უფლისა, ღმრთისა ჩუენისა, მსხუერპლი საკუერთხთაჲ ნაყოისა მის ჩუენისაგნი, არც უწყით, რაჲ ბრძანებაჲ გამოვიდეს ჩუენდა მსახურებისა მისთჳს მსხუერპლთასა ვიდრე მიწევნადმდე ადგილსა მას მსხუერპლისასა. 27მერმე გან-ვე-უფიცხა უფალმან გული ფარაოჲსი, და არავე უნდა გამოტევებაჲ მათი. 28და განრისხნა ფარაო და თქუა: წინა განმეშორენით, წარვედით ჩემგან და ნუღარა შესძინებთ ხილვად პირსა ჩემსა, რამეთუ რომელსა დღესა მეჩუენო მე შენ, მუნთქუესვე მოჰკუდე! 29ჰრქუა მას მოსე: არღარა გეჩუენო პირსა შენსა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |