მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი გამოსლვათაჲ
თავი 15

1უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს, ცხენები და მჴედრები შთასთხია ზღუასა.

2შემწე და მფარველ მექმნა მე მაცხოვარებად ესე ღმერთი ჩემი, ვადიდო ესე ღმერთი მამისა ჩემისა და აღვამაღლო ესე.

3უფალი შემმუსრველ ბრძოლათა, უფალ-სახელი მისი.

4ეტლები ფარაოჲსი და ძალი მისი შთასთხია ზღუასა, რჩეული მჴედრები სამმდგომნი დაანთქნა ზღუასა მეწამულსა.

5ღრმამან დაფარნა იგინი, შთაჴდეს სიღრმედ ვითარცა ლოდი.

6მარჯუენე შენი, უფალო, დიდებულ არს, ძალითა შენითა მარჯუენემან შენმან, უფალო, მოსრნა მტერნი.

7და სიმრავლითა დიდებისა შენისათა შეჰმუსრენ წინააღმდგომნი, მიავლინე რისხვაჲ შენი და შეჭამნა იგინი, ვითარცა ლერწამი.

8და სულისაგან გულისწყრომისა შენისა განიყო წყალი, შეჰყინდეს ვითარცა ზღუდენი წყალნი, შეჰყინდეს ღელვანიცა შუა ზღუასა.

9თქუა მტერმან: ვდევნო, ვეწიო და განვიყო ნატყუენავი და განვიძღო სული ჩემი, მოვსრა მახჳლითა ჩემითა, ეუფლის ჴელი ჩემი.

10მიავლინე სული შენი, და დაფარნა იგინი ზღუამან, დაჴდეს ვითარცა ბრპენი წყალსა შინა ფრიადსა.

11ვინ მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო? ვინ მსგავს შენდა წმიდათა შორის, დიდებული, საკჳრველ, დიდებათა შინა მოქმედი ნიშნებისაჲ?

12მიჰყავ მარჯუენე შენი, შთანთქნა იგინი ქუეყანამან.

13უძეღუ სიმართლითა შენითა ერსა შენსა ამას, რომელი იჴსენ, ნუგეშინის-ეც ძალითა შენითა ბანაკსა წმიდასა შენსა.

14ესმა წარმართთა და განრისხნეს და სალმობამან შეიპყრნა მკჳდრნი ფილსტიმისანი.

15მაშინ ისწრაფეს მთავართა ედომისათა, და მთავართა მოაბელთამან, ძრწოლამან შეიპყრნა იგინი, და დადნეს ყოველნი მკჳდრნი ქანანისანი.

16დაეცეს მათ ზედა შიში და ძრწოლაჲ, სიდიდითა მკლავისა შენისათა ქვა იქმნენ, ვიდრემდის წარვლოს ერმან შენმან, უფალო, ვიდრემდის წარვლოს ერმან შენმან ამან, რომელ მოიგე.

17შეიყვანენ და დაჰნერგენ იგინი მთასა მკჳდრობისა შენისასა განმზადებულსა სამკჳდრებელსა შენსა, რომელ ჰქმენ, უფალო, სიწმიდე, უფალო, რომელ განჰმზადეს ჴელთა შენთა, უფალო.

18უფალი მეფე არს საუკუნე და საუკუნესა და მერმეცა.

19რამეთუ შევიდა ჰუნე ფარაოჲსი ეტლებითურთ და მჴედრებით ზღუად, და მოაქცია მათ ზედა უფალმან წყალი იგი ზღჳსაჲ. ხოლო ძენი ისრაჱლისანი ვიდოდეს ჴმელად შუა ზღუასა.

20და მოიღო მარიამ წინასწარმეტყუელმან, დამან აჰრონისმან, ებანი ჴელითა მისითა და განვიდეს ყოველნი დედანი შემდგომად მისსა ბობღნებისა თანა და მწყობრებისა.

21ხოლო უპირობდა მათ მარიამ მეტყუელი:

22უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს. ცხენი და მჴედარი შთასთხია ზღუასა. და აღიხუნა მოსე ძენი ისრაჱლისანი ზღჳით მეწამულით და მოიყუანნა იგინი უდაბნოდ სურდ. და ვიდოდეს სამთა დღეთა უდაბნოსა მას შინა და არა ჰპოებდეს წყალსა, რათამცა სუეს.

23ხოლო მოვიდეს მერრანდ და ვერ ეძლო სუმად წყალი მერრანისაგან, რამეთუ იყო მწარე.

24და დრტჳნვიდა ერი მოსესთჳს და იტყოდეს: რაჲ ვსუათ?

25ხოლო ღაღად-ყო მოსე უფლისა მიმართ და უჩუენა მას უფალმან ძელი და შთააგდო იგი წყალსა და დატკბა წყალი. მუნ დაუსხნა ღმერთმან სამართალნი და მსჯავრი და მუნ გამოსცდიდა მას.

26და თქუა: უკუეთუ სმენით ისმინო ჴმისა უფლისა, ღმრთისა შენისა, და სათნონი წინაშე მისსა ჰყვნე და ყურად-იხუნე მცნებანი მისნი და დაიცვნე ყოველნი სამართალნი მისნი, ყოველი სნეულებაჲ, რომელი მოვაწიე მეგჳპტელთა ზედა, არა მოვაწიე შენ ზედა, რამეთუ მე ვარ უფალი, განმკურნებელი შენი.

27და მოვიდეს ელიმდ, და იყვნეს მუნ ათორმეტნი წყარონი წყალთანი და სამეოცდაათნი ხენი დანაკისკუდთანი და დაიბანაკეს მუნ წყალთა მათ ზედა.


წინა თავი შემდეგი თავი