მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი რიცხუთაჲ
თავი 11

1და ერი იგი დრტჳნვიდა ბოროტად წინაშე უფლისა და ესმა უფალსა და განრისხნა გულისწყრომით და აღატყდა ცეცხლი მათ შორის უფლისა მიერ და შეჭამა რაოდენიმე ბანაკისაჲ მის.

2და ღაღად-ყო ერმან მან მოსესა მიმართ და ილოცა მოსე უფლისა მიმართ და დასცხრა ცეცხლი იგი.

3და ეწოდა ადგილსა მას „ცეცხლით მოწუა“, რამეთუ მუნ აღატყდა მათ შორის ცეცხლი უფლისა მიერ.

4და ერსა მას უცხოსა, რომელი გამოვიდა ისრაჱლისა თანა, გულმან უთქუა გულისთქმაჲ, დასხდა და ტიროდა, და ძენი ისრაჱლისანიცა მათ თანა, და იტყოდეს: ვინ მცეს ჩუენ ჴორცი და ვჭამოთ.

5რამეთუ მოვიჴსენეთ ჩუენ თევზი იგი, რომელსა ვჭამდით ჩუენ ეგჳპტეს უსასყიდლოდ და ნესუსა, და მელაპეპონსა, და პრასასა, და ხახუსა და ნიორსა.

6აწ, ესერა, სული ჩუენი დამდნარ არს, გარნა მანანასა ამას ხოლო თუალნი ჩუენნი მსტუარ არიან.

7ხოლო მანანაჲ იყო ვითარცა თესლი ქინძისაჲ სპეტაკ და ხილვაჲ მისი - ვითარცა ხილვაჲ მყინვარისაჲ.

8და განვიდეს ერი იგი, შეკრიგის და დაფქვიან მფქველითა, და მოგალიან ფილთა, და შეგბიან იგი ქოთნითა და შექმნიან ყურბეულად. და იყო გემოჲ მისი, ვითარცა გემოჲ რჩეულისა ზეთიჱაჲ და,

9რაჟამს გარდამოჴდის ცუარი ბანაკსა მას ზედა, გარდამოჴდის მანანაჲცა იგი მის თანა.

10და ესმა მოსეს ტირილი იგი მათი ტომად-ტომადისა მათისაჲ თითოეულთაჲ წინაშე კარსა კარვისა თჳსისასა და ტიროდეს. განრისხდა გულისწყრომით უფალი ფრიად და წინაშე მოსესცა იყო ესე ბოროტ.

11და ჰრქუა მოსე უფალსა: რაჲსათჳს ბოროტი უყავ მსახურსა შენსა და რაჲსათჳს არა ვპოვე მადლი წინაშე შენსა და დამდევ სიმძაფრე ერისაჲ ამის ჩემ ზედა?

12ნუუკუე მე მუცლად-ვიღე ყოველი ესე ერი, ანუ მე ვშვენ ესენი, რამეთუ მეტყჳ მე: შთაისხენ ეგენი წიაღსა შენსა, ვითარცა აღიქჳს დედამძუძემან მწოვარი ჩჩჳლი და შეიყვანენ იგინი ქუეყანასა მას, რომლისათჳს ეფუცე მამათა მათთა?

13ვინაჲ ვსცე მე ჴორცი ყოველსა ამას ერსა, რამეთუ ტირან ჩემდამო და მეტყჳან: მეც ჩუენ ჴორცი და ვჭამოთ?

14ვერ ძალ-მიც მე მარტოსა ტჳრთვად ერი ესე, რამეთუ მძიმე არს ჩემდა სიტყუაჲ ესე.

15უკუეთუ ესრეთ მიყოფ მე, მომკლა მე მოკლვით, უკუეთუ ვპოვე მე მადლი და წყალობაჲ შენ წინაშე, რათა არა ვიხილო ძჳრი ჩემი.

16და ჰრქუა უფალმან მოსეს: შემიკრიბენ მე სამეოცდაათნი კაცნი მოხუცებულთაგან ისრაჱლისათა, რომელნი შენ იცნი, ვითარმედ: ესენი არიან მოხუცებულნი ერისანი და მწიგნობარნი მათნი, და მიიყვანენ იგინი კარვად წამებისა, და დგენ მუნ შენ თანა.

17და მოვიღო სულისა მისგან, რომელ არს შენ თანა და მივსცე მათ ზედა, და შეგეწეოდიან შენ ზედა მოსლვასა მას ერისასა და არა გეტჳრთოს შენ მარტოსა.

18და ერსა არქუ: განწმიდენით ხვალისა და ჭამეთ ჴორცი. რამეთუ სტიროდით წინაშე უფლისა და იტყოდით: ვინ მაჭამოს ჩუენ ჴორცი? რამეთუ უმჯობე იყო ყოფაჲ ჩუენი ეგჳპტეს, და მოგცეს თქუენ უფალმან ჴორცი ჭამად და ჰჭამდეთ.

19არა დღე ერთ, არცა ორ დღე, არცა ხუთ დღე, არცა ათ დღე, არცა ოც დღე,

20არამედ ვიდრე თვესა დღეთასა ჰჭამდეთ, ვიდრემდე წარმოჴდეს ცხჳრით თქუენით და გექმნეს თქუენ ნავღელ, რამეთუ ურჩ ექმნენით უფალსა, რომელი არს თქუენ შორის, რამეთუ სტიროდეთ წინაშე მისსა და იტყოდეთ: რაჲსათჳს იყო გამოსლვაჲ ჩუენი ქუეყანით ეგჳპტით?

21და ჰრქუა მოსე უფალსა: ექუსას ათასი არს მკჳრცხლი ერი ესე, რომელსა ვარ მე მათ ზედა და შენ იტყჳ: ჴორცი ვსცე მათ და ჭამდენ, ვიდრე თთუეთა დღეთამდე?

22ნუ ცხოვარი და ზროხაჲ დაუკლნენა მათ და კმა-ეყოს მათ, ანუ ყოველნი თევზნი ზღჳსანი შეკრბენ და ეყოს მათ.

23და ჰრქუა უფალმან მოსეს: ჴელი უფლისა ვერმე კმა-ეყოს ამათ აწვე, ეგერა, სცნა მო-რა-იწიოსა სიტყუაჲ ჩემი ანუ არა?

24და გამოვიდა მოსე და ეტყოდა ერსა სიტყუასა მას უფლისასა და შეკრიბა სამეოცდაათი კაცი მოხუცებულთაგან ერისათა და დაადგინნა იგინი გარემო კარავსა მას.

25და გარდამოჴდა უფალი ღრუბლითა და ეტყოდა მოსეს. და მოიღო უფალმან სულისა მისგან, რომელი იყო მის ზედა და მიჰფინა იგი სამეოცდაათთა მათ კაცთა ზედა მოხუცებულთა. და ვითარცა განისუენა სულმან მან მათ ზედა და წინაწარმეტყუელებდეს ბანაკსა მათსა შინა და არღარა შეეძინნეს.

26და დაშთეს ორნი კაცნი ბანაკსა მას შინა: სახელი ერთისაჲ ელდად და სახელი მეორისაჲ მის - მოლდად. და განისუენა სულმან მან მათ ზედა. და ესენი იყუნეს აღწერილთა მათგანნი და არა მოვიდეს კარვად

27და წინაწარმეტყუელებდეს ბანაკსა მას შინა. და მორბიოდა ჭაბუკი ერთი და უთხრა მოსეს და ჰრქუა მას: ელდად და მოლდად წინაწარმეტყველებენ ბანაკსა შინა.

28მიუგო ისო, ძემან ნავესმან, წინაშემდგომელმან მოსესმან რჩეულმან, და ჰრქუა: უფალო მოსე, დააბრკოლენ იგინი.

29და ჰრქუა მას მოსე: და შენცა მეშურობ მე? და ვინ მომცეს ყოველი ესე ერი წინასწარმეტუელად, რაჟამს მოსცეს უფალმან სული მისი მათ ზედა?

30ხოლო წარვიდა მოსე და ბანაკი მისი უწინარეს ისრაჱლთასა.

31და გამოვიდა სული უფლისა და გამოიღო მწყერმარჴილი ზღჳთ და დადვა იგი ბანაკსა მას დღის ერთისაგანსა ამიერ და იმიერ, გარემო ბანაკსა მას, ვითარ ორ წყრთა ქუეყანასა ზედა.

32და აღდგა ერი იგი მას დღესა დღე ყოველ და ღამე ყოველ, და დღე ყოველ ხვალისაგან და შეკრიბეს მწყერმარჴილი იგი, რომელმან მცირედ შეიკრიბა ათკოროს, რომელ არს სამას გრივ. და დაწჳდეს და განაჴმეს ჴმელად გარეშე ბანაკსა მას.

33და ჴორცი იგი იყოღა პირსა შინა მათსა და არღა მოკლებულ იყო. და უფალი განრისხნა ერსა მას ზედა და მოსრა ერი იგი წყლულებითა დიდითა ფრიად.

34და ეწოდა ადგილსა მას `საფლავებ გულისთქმისაჲ,~ რამეთუ მუნ დაჰფლეს ერი იგი გულისმთქმელი.

35და სამარით გულისთქმით წარიძრა ერი იგი ასეროთდ და იყო ერი იგი ასეროთს.


წინა თავი შემდეგი თავი