მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი რიცხუთაჲ
თავი 17

1და ჰრქუა უფალმან მოსეს

2 და ელიაზარს, ძესა აჰრონისსა, მღდელსა: აღკრიბეთ საცეცხურები ეგე რვალისაჲ შორის დამწუართა მაგათ და ცეცხლი ესე უცხოჲ მიაბნიეთ მუნ, რამეთუ განწმიდნეს

3 საცეცხურები ესე ამათ ცოდვილთანი სულითა მათითა და შექმნან ეგენი პეპელად ჭედილად, გარემოსადებელად საკურთხეველისა, რამეთუ მოიხუნეს წინაშე უფლისა და განწმიდნეს; და იქმნეს ესე სასწაულად ძეთა ისრაელისათა.

4 და მოიხუნა ელიაზარ მღდელმან, ძემან აჰრონისმან, საცეცხურნი იგი რვალისანი, რაოდენნი-იგი მოიხუნეს დამწუართა მათ და მოსდვეს გარეშესადებელად საკურთხეველსა

5საჴსენებელად ძეთა ისრაელისათა, რაჲთა არავინ მოუჴდეს უცხოთესლი, რომელი არა იყოს ნათესავისაგან აჰრონისა, დასხმად საკუმეველისა წინაშე უფლისა, რაჲთა არა იყოს ვითარცა კორე და კრებული მისი, ვითარცა იტყოდა უფალი ჴელითა მოსესითა.

6და დრტჳნვიდეს ძენი ისრაელისანი ხვალის დღე მოსესა მიმართ და აჰრონისა და იტყოდეს: თქუენ მოჰსართ ყოველივე ესე ერი უფლისა.

7და იყო, ვითარცა მოიქცა კრებული იგი მოსეს ზედა და აჰრონის ზედა და მოიმართეს კარვად საწამებელისა, და მეყსეულად დაჰფარა ღრუბელმან კარავი იგი და გამოჩნდა დიდებაჲ უფლისაჲ.

8და დადგეს მოსე და აჰრონ წინაშე პირსა კარვისა მის საწამებელისა.

9და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:

10გამოეშორენით შორის კრებულისა ამის და აღვჴოცნე ეგენი ერთბამად. და დაცჳეს პირსა ზედა მათსა.

11და ჰრქუა მოსე აჰრონს: მოიღე სასაკუმევლე და დაასხ მას ცეცხლი საკურთხეველისაგან და დასდევ მას ზედა საკუმეველი და მიიღე ადრე ბანაკად და ლხინება ყავ მათთჳს, რამეთუ გარდამოჴდა რისხვაჲ უფლისამიერი და უწყიეს მოსრვაჲ ერისაჲ.

12და მოიღო აჰრონ სასაკუმევლე, ვითარცა ჰრქუა მას მოსე, და მირბიოდა ბანაკად და ეწყო მოსრვად ერისა. და დაასხა საკუმეველი და ლხინება ყო ერისა მისთჳს.

13და დადგა შორის მომწყდართა და შორის ცოცხალთა და დასცხრა მოსრვაჲ იგი.

14და იყვნეს მოსრვასა მას ათორმეტ ათას და შჳდას, თჳნიერ მომწყდართა მათ კორეს თანა.

15და მოიქცა აჰრონ მოსესა კარად კარვისა მის საწამებელისა და დასცხრა მოსრვაჲ იგი.

16და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

17ეტყოდე შენ ძეთა ისრაელისათა და მოიღე მათთჳს კუერთხები სახლად-სახლად მამათა მათთა, ყოველთაგან მთავართა მათთა ათორმეტი კუერთხი და კაცად-კაცადისაჲ გამოწერე სახელი კუერთხსა მისსა,

18და სახელი აჰრონისი გამოწერე კუერთხსა მისსა, რამეთუ არს, კუერთხი ერთი ტომად-ტომადად მამათა მათთა მოსცედ,

19და დასხი იგი კარავსა საწამებელისასა, ვინაჲ-იგი გამოგეცხადო შენ მუნ.

20და იყოს, კაცი, რომელი გამოვირჩიო მე, კუერთხი იგი მისი განედლდეს, და მოვსპო დრტჳნვაჲ ძეთა ისრაელისათაჲ ჩემგან, რომელსა დრტჳნვენ თქუენთჳს.

21და ეტყოდა მოსე ძეთა ისრაელისათა და მოსცეს მას ყოველთა მათ მთავრთა მათთა კუერთხები: კუერთხი მთავრისაჲ ერთი, კუერთხი მთავრად-მთავრად და სახლად-სახლად მამათა მათთა, მოჰსცეს ათორმეტი კუერთხები, და კუერთხი აჰრონისი შორის კუერთხებსა მათსა.

22და დასხა მოსე კუერთხები იგი წინაშე უფლისა კარავსა მას შინა საწამებელისასა.

23და იყო ხვალისაგან, და შევიდეს მოსე და აჰრონ კარვად საწამებელისა, და აჰა ესერა, კუერთხი იგი აჰრონისი განედლებულ იყო სახლსა ზედა ლევისსა: და მოეღო ფურცელი და გამოეღო ყუავილი და გამოსცა ნიგოზი.

24და გამოიღო მოსე ყოველი იგი კუერთხები პირისაგან უფლისა წინაშე ყოველთა ძეთა ისრაელისათა. და იხილეს და მოიღო კაცად-კაცადმან კუერთხი თჳსი.

25და ჰრქუა უფალმან მოსეს: დადევ კუერთხი ეგე აჰრონისი წინაშე საწამებელთა დასამარხველად, სასწაულად ძეთა მაგათთჳს ურჩთაჲსა და დასცხერინ დრტჳნვაჲ მათი ჩემგან და არა მოწყდენ.

26და ეგრე ყვეს მოსე და აჰრონ, ვითარცა ამცნო უფალმან მოსეს, ეგრე ყვეს.

27და ეტყოდეს ძენი ისრაელისანი მოსეს და ჰრქუეს: აჰა ესერა, აღვიჴოცენით და წარვწყმდით, აღვესრულენით.

28ყოველი, რომელი შეეხების კარავსა ამას საწამებელისა უფლისასა, მოკუდების, ნუუკუე სრულიად მოვწყდეთ?


წინა თავი შემდეგი თავი