მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები სასოწარკვეთილებისა და მწუხარების შესახებ


წმინდა ინოკენტი ხერსონელი

„უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა მიმომწვლილველობისასა ნუ მიმცემ მე!“, მაშასადამე, მწუხარებისა და უიმედობის სული მიუღებელია არა მარტო ამქვეყნიერ სიამოვნებათათვის, არამედ ქრისტიანული ცხოვრებისთვისაც. რატომ? იმიტომ, რომ ქრისტიანული ცხოვრება მოითხოვს მუდმივ სულიერ მოღვაწეობას, სიფხიზლეს, შემართებასა და ძალას, გულგატეხილსა და დადარდიანებულს კი, აბა, როდის აქვს მოღვაწეობა, სიფხიზლე ან ძალა?! ცათა სასუფეველი, რომელშიც იმყოფება ჭეშმარიტი ქრისტიანი, მოციქულის სიტყვებით, „არის სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში“ (რომ. 14: 17), ხოლო უიმედოსა და სასოწარკვეთილს, აბა, რა სიმშვიდე და სიხარული შეიძლება ჰქონდეს?!

ამიტომ ისინი, ვინც ფიქრობს, რომ ქრისტიანული ცხოვრება უსათუოდ მწუხარებასა და სევდასთანაა დაკავშირებული, თავადვე ამჟღავნებენ, რომ მათთვის უცხოა ჭეშმარიტი ქრისტიანობის სული. არა! ეს არის სული სინათლის, სიმტკიცისა და ძლიერების, სული მშვიდობისა და მარადიული სიხარულის! მართალია, ქრისტიანი ამ ნეტარ მდგომარეობას სწრაფად ვერ აღწევს, ისევე, როგორც მძიმე ავადმყოფი არ იკურნება მეყსეულად, მაგრამ დასაწყისშივე შეგრძნება სულიერი გამოჯანმრთელების დაწყებისა უკვე სასიხარულო და სანუგეშო შეგრძნებაა, რომელიც მუდმივად ძლიერდება და სიმშვიდითა და სიხარულით აღავსებს სულს.

სიმართლეა ისიც, რომ, სულის ხსნაზე გამუდმებით მოფიქრალი ჭეშმარიტი ქრისტიანი, რომელიც დროდადრო იგემებს ხოლმე უმაღლეს სულიერ და ზეციურ სიამოვნებას, უუცხოვდება წუთისოფლის ხმაურიან სიხარულს და ხშირად წარმოგვიდგება ჩაფიქრებული სწორედ იმ დროს, როდესაც სხვების აღტაცებას არა აქვს საზღვარი. ის იმდენად ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს წუთისოფლის სიხარულში არმონაწილეობით გამოწვეულ დანაკარგს, რამდენადაც ზრდასრული ადამიანი არ მიიჩნევს დანაკარგად იმას, რომ არ მონაწილეობს ბავშვურ გართობაში. მის ჩაფიქრეულობას არ განაპირობებს მოწყინებისა და სასოწარკვეთილების სული, არამედ სხვა რამ არის ამის მიზეზი –ფიქრი იმის შესახებ, თუ როგორ მხიარულობენ ისინი, რომელთაც ტირილი უფრო მართებდათ.

დაბოლოს, სიმართლეა ისიც, რომ ქრისტიანი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე განუწყვეტლივ ებრძვის ცოდვებსა და ვნებებს, ხშირად განიცდის ისეთ ცდუნებებს, რომელთა შესახებ წარმოდგენაც არ აქვთ წუთისოფლის მოყვარულთ, მაგრამ სულიერი ბრძოლა არ იწვევს ქრისტიანში მწუხარების სულს, ქრისტეს მეომარი უმეტესი გულმოდგინებით ებრძვის მისი ცხონების მოწინააღმდეგეს, უფრო მეტადაც კი, ვიდრე ამქვეყნიური მეფის მეომარი.

ამიტომ, ჩემო ძმებო, როდესაც იხილავთ ჭეშამრიტ ქრისტიანს, რომელიც სევდით იტანჯება, ნუ იჩქარებთ ქრისტიანობის საწინააღმდეგოდ დასკვნის გამოტანას, რადგან ეს მხოლოდ იმის შესახებ მეტყველებს, რომ ქრისტეს სხეულის ხსენებული წევრი ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი რწმენასა და ერთგულებაში, და რომ მას ადამიანურ უძლურებათა გამო სტკივა გული, ან, სულაც, ზეციური მკურნალის მიერაა მასზე დაშვებული ეს სატკივარი, რათა სრულიად განიკურნოს.

როგორც არ უნდა იყოს, სასოწარკვეთილება ყოველთვის სულის არაბუნებრივი მდგომარეობაა, ეს არის სენი, რომელიც, გაძლიერებისა და გახანგრძლივების შემთხვევაში, საკმაოდ საშიში და მომაკვდინებელიც კი შეიძლება გახდეს არა მარტო სულისათვის – სასოწარკვეთილების მიერ, არამედ სხეულისთვისაც – მისი დანგრევის გამო. მოციქული აღნიშნავს, რომ „სოფლისა ამის მწუხარებაჲ სიკუდილსა შეიქმს“ (2 კორ. 7: 10), ამიტომაც წმიდა მამებს ისე არაფრის ეშინოდათ, როგორც მოწყინებისა და უიმედობის, და მტრის პირველივე გამოჩენისთანავე ესწრაფვოდნენ მის გაძევებას. განმარტოებით მცხოვრებისა და მოღვაწისათვის უიმედობა და მოწყინება, ცხადია, უფრო მეტად სახიფათოა, ვიდრე ერში მყოფთათვის, თუმცაღა ერისკაცთა სულისა და ხორცისათვისაც არაა უსაფრთხო სასოწრკვეთილება, რომელიც მით უფრო გაძლიერდება, რაც უფრო დიდხანს გასტანს ეს არაბუნებრივი მდგომარეობა; ამიტომაც ყველას გვამრთებს ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს და განვიხილოთ, თუ საიდან წარმოდგება სასოწარკვეთილება და რა შეიძლება მას დავუპირისპიროთ.

სასოწარკვეთილებისა და უიმედობის მრავალი მიზეზი არსებობს. ეს მიზეზები შეიძლება იყოს როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი და როგორც სულიერი, ასევე ხორციელი. უბიწო და სრულყოფილებას მიახლოებულ სულში სასოწარკვეთილებას, უპირველეს ყოვლისა, ღვთის მადლისაგან დროებითი მიტოვებულობა განაპირობებს. განღმრთობილი მდგომარეობა ყველაზე ნეტარი მდგომარეობაა, მაგრამ იმისათვის, რომ ამ მდგომარეობაში მყოფმა საკუთარ სრულყოფილებას არ მიაწეროს ყოველივე, ხანდახან ღვთის მადლი სრულიად განეშორება და საკუთარ თავთან მარტო ტოვებს ადამიანს. მაშინ წმიდა სულის მქონე საშინელ დღეში ვარდება – თითქოს შუადღის ჟამს სიბნელეს მოეცვას ან ყინვას დაერტყას ზაფხულის ყველაზე თბილ დღეს. სულში ისადგურებს წყვდიადი, სიცივე, უსიცოცხლობა და ამავდროულად – სასოწარკვეთილება.

მეორე მხრივ, როგორც სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი ადამიანები აღნიშნავენ, უიმედობასა და სასოწარკვეთილებას განაპირობებს ბოროტი სული. თუკი სულის ხსნის მტერს არ ძალუძს ზეცისკენ მსრბოლავი სულის ხორციელი გრძნობებით შეჩერება, და წუთისოფლის სიამეებითა და სიტკბოებით ვერ ახერხებს მის მოხიბლვას, მაშინ ბოროტი სული სხვა გზას მიმართავს – სულიერად ამძიმებს და სასოწარკვეთილებაში აგდებს ადამიანს. ასეთ მდგომარეობაში სული სიბნელესა ან ბურუსში მოულოდნელად მოხვედრილ მგზავრს ემსგავსება, რომელიც ვეღარც წინ ხედავს რამეს და ვეღარც უკან, არ იცის რა ქნას, კარგავს მხნეობას და სულიერ სიმტკიცეს, ყოყმანობს და აღარ იცის რა მოიმოქმედოს. ამგვარ მწუხარებაში ცვივიან ის ადამიანები, რომლებმაც არცთუ მცირედი სათნოებები მოიღვაწეს უკვე და დაამარცხეს ხორციელი ვნებები.

სასოწარკვეთილებისა და უიმედობის მესამე მიზეზი არის ჩვენი ცოდვით დაცემული, დაუძლურებული და მოკვდავი ბუნება. სანამ ჩვენში თავმოყვარეობა მოქმედებს, წუთისოფლის სულით აღვსილნი, ვნებების ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფებით და ჩვენი ბუნებაც მხიარულია და ცოცხალი. სწორედ აქედან ეძლევა მას ძალა, შინაგანი სიმტკიცე, სიმამაცე და მოთმინება, მაგრამ შეიცვალეთ ცხოვრების წესი, გადადით წუთისოფლის ფართო გზიდან ქრისტიანული თავის უარყოფის ვიწრო გზაზე, შეუდექით სინანულს და დაიწყეთ საკუთარი თავის გამოსოწორება – მყისვე აღმოაჩენთ თქვენი სულის უძლურებასა და სიცარიელეს, შეიგრძნობთ გულის უსიცოცხლობას და ვიდრე სულით არ განახლდებით, ვიდრე არ აღივსებით ღვთისა და მოყვასის მიმართ სიყვარულითა და ქრისტეს ჯვრის მიმართ რწმენით, ვიდრე, როგორც ტოტი ხეს, არ შეეზრდებით მთელი თქვენი აზრებითა და გრძნობებით ცხოვრების ხეს – უფალ იესო ქრისტეს, მანამ შეუძლებელია არ განიცდიდე უიმედობას ხან მეტად და ხან – ნაკლებად. ბედნიერია ის, ვინც დიდხანს არ რჩება ამ მდგომარეობაში, რადგან აქედან არც ისე შორია სულიერ სასოწარკვეთილებამდე. ამგვარ მწუხარებას, პირველ რიგში, ცოდვილები განიცდიან სარწმუნოებაზე მოქცევისას.

სულიერი მწუხარების მეოთხე მიზეზი არის ნაკლებობა, მით უმეტეს შეწყვეტა, ყოველდღიური საქმიანობისა და მოღვაწეობისა. როდესაც საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების გამოყენებას წყვეტს, სული კარგავს სიცოცხლესა და მხნეობას, სუსტდება, დუნდება, უწინდელი საქმიანობა საძაგელი ხდება მისთვის, შინაგანი სიცარიელის განცდა უჩნდება და უკმაყოფილება, მოწყენილობა და უიმედობა ეუფლება.

სასოწარკვეთილებასა და უიმედობას განაპირობებს ასევე მრავალი სამწუხარო შემთხვევა ცხოვრებაში, მაგალითად: ახლობელი თუ საყვარელი ადამიანების სიკვდილი, ღირსებისა თუ ქონების დაკარგვა, ასევე სხვა მრავალი უბედური შემთხვევა. ეს ყოველივე, ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე, ჩვენთვის უსიამოვნებასა და მწუხარებას უკავშირდება, მაგრამ იმავე ბუნების კანონის მიხედვით, დროთა განმავლობაში, როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე მუშაობს და მწუხარებას არ ეძლევა, ეს მწუხარება მცირდება და ქრება – წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასოწარკვეთილება ეუფლება.

სასოწარკვეთილება შეიძლება მომდინარეობდეს სხვადასხვა აზრისგან, განსაკუთრებით – შავბნელი და დამამძიმებელი აზრებისაგან, რომელთაც სული ზედმეტად ენდობა და ამის გამო, რწმენისა და სახარებისეული სინათლის გარეშე უყურებს საგნებს. ასე, მაგალითად, ადამიანს შეიძლება ადვილად წარეკვეთოს სასო, თუ ხშირად ფიქრობს უსამართლობის შესახებ, რომელიც მსოფლიოშია გამეფებული; იმის შესახებ, რომ მართალნი მწუხარებენ და იტანჯებიან წუთისოფელში, ცოდვილნი კი წარემატებიან და ნეტარებენ; და რომ ყველაფერი, ერთი შეხედვით, ადამიანურ ვნებებსა და შემთხვევითობებზეა დამოკიდებული.

სულის მწუხარების მიზეზი, ასევე, შეიძლება იყოს სხეულის სვადასხვა დაავადება, განსაკუთრებით – მისი ზოგიერთი ნაწილისა თუ ორგანოს სნეულება.

მოკლედ, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს განპირობებული სასოწარკვეთილება, მისი საწინააღმდეგო პირველი და საბოლოო საშუალებაა ლოცვა. ლოცვის დროს ადამიანი უშუალოდ ღვთის წინაშე დგას. როცა მზეს შეჰყურებ, შეუძლებელია სინათლემ არ მოგანათოს და სითბო არ იგრძნო, მით უმეტეს, სულიერი სითბო და სინათლე აუცილებლად არის ლოცვის შედეგი. გარდა ამისა, ლოცვით აღესრულება ღვთის მადლისა და შეწევნის მოზიდვა ზეციდან სული წმიდისაგან და სადაც არის ნუგეშისმცემელი სული, იქ არ არის სევდის ადგილი, რადგან იქ თვით მწუხარებაც ტკბილია.

მწუხარების და სასოწარკვეთილების წინააღმდეგ ძლიერ წამალს წარმოადგენს ასევე ღვთის სიტყვის, განსაკუთრებით ახალი აღთქმის, კითხვა და მოსმენა. ამაოდ როდი მოუწოდებდა მაცხოვარი თავისკენ მაშვრალთ და ტვირთმძიმეთ და სიხარულსა და სიმშვიდეს ჰპირდებოდა მათ (იხ. მათ. 11: 18). უფალმა ეს სიხარული თან კი არ წაიღო ზეცად, არამედ სრულად დაგვიტოვა სახარებაში ყველა სულგამწარებულისა და მწუხარისათვის. და ვინც სახარების სულით განიმსჭვალება, ის აღარ დამწუხრდება, რადგან სული სახარებისა არის სული მშვიდობისა, სიმშვიდისა და სიხარულისა.

ღვთისმსახურება და განსაკუთრებით წმინდა საეკლესიო საიდუმლოებები ასევე ძლიერი საშუალებებია მწუხარებისა და სასოწარკვეთილების სულის წინააღმდეგ, რადგან ეკლესიაში – რომელიც ღვთის სახლია, არ არის უიმედობა. ყველა საეკლესიო საიდუმლოება წყვდიადის სულისა და ჩვენი დაცემული ბუნების სისუსტეების წინააღმდეგაა მიმართული, განსაკუთრებით – საიდუმლოებები აღსარებისა და ზიარებისა.

ცოდვათა სიმძიმისაგან აღსარების მეშვეობით გათავისუფლებული სული სიმსუბუქესა და სიმხნევეს გრძნობს, უფლის სისხლსა და ხორცს ნაზიარები სული კი – სიხარულსა და გაცოცხლებას.

მწუხარებისა და სასოწარკვეთილების სულის წინააღმდეგ უებარი საშუალებაა ასევე სულიერი გამოცდილების მქონე ადამიანებთან საუბარი. საუბრებს გამოვყავართ იმ ბნელი შინაგანი სამყაროდან, რომელშიც სასოწარკვეთილების გამოა ჩავარდნილი სული. საუბრის დროს, სასოწარკვეთილ ადამიანში, შეიძლება ითქვას, იხსნება მისი სულის სიღრმეები, რაც საშუალებას იძლევა, რომ მასში სულიერმა სინათლემ და სითბომ შეაღწიოს. გარდა ამისა, საუბრისას აზრებისა და გრძნობების გაცვლით ვიღებთ თანამოსაუბრისგან გარკვეულ ძალასა და სიცოცხლეს, რაც მეტად საჭიროა სასოწარკვეთილებაში მყოფისთვის.

დამამშვიდებელ საგნებსა და გარემოებებზე ფიქრი ასევე ძალიან ეხმარება მწუხარების დაძლევას, რადგან დამწუხრებულ მდგომარეობაში აზრები სამწუხარო საფიქრალზე ჩერდება ან მის ირგვლივ იწყებს ტრიალს. იმისათვის, რომ თავი დააღწიოთ მწუხარებას, უნდა აიძულოთ საკუთარი თავი იფიქროთ საწინააღმდეგოზე. მაგალითად, თუ მწუხარებთ საყვარელი ადამიანის სიკვდილის მიზეზით, ნაცვლად იმისა, რომ აზრებით მისი საფლავის გარშემო იტრიალოთ, ან სამარეში წარმოიდგინოთ ის, ან იფიქროთ როგორ იქცევა მისი სხეული მიწად, უმჯობესია აზრები მიმართოთ ზეცისკენ, სადაც მისმა სულმა გადაინაცვლა. წარმოიდგინეთ საყოველთაო აღდგომის დღე, როდესაც ყველანი შევიმოსავთ ახალ, განდიდებულ და უკვდავ სხეულს და აღარასოდეს ვიქნებით მწუხარენი ძვირფას ადამიანებთან განშორების მიზეზით.

ფიზიკური შრომა ასევე დევნის მწუხარებასა და სევდას. დამწუხრებულ ადამიანს არ ძალუძს შრომა, მაგრამ, სურვილის არქონის მიუხედავად, უნდა დაიწყოს მუშაობა და წარუმატებელიც რომ იყოს მისი მოქმედება ან უშედეგო, უნდა განაგრძოს, რადგან მოძრაობისაგან ჯერ სხეული გაცოცხლდება, შემდეგ – სული და მალე იგრძნობს მხნეობას. შრომის პროცესში აზრები თანდათან დაშორდებიან მწუხარების გამომწვევ საგნებს, რაც სასოწარკვეთილებაში ყოფნისას ძალიან ბევრს ნიშნავს.

დაბოლოს, თუკი მწუხარების მიზეზი ხორციელი სნეულებაა, ქრისტიანმა უარი არ უნდა თქვას მკურნალობაზე და არ უნდა უგულებელყოს საექიმო ხელოვნება, რადგან ეს ხელობა ღვთისაგანაა. წმიდა წერილი გვამცნობს, რომ ღმერთმა შექმნა ექიმი ადამიანის დასახმარებლად, ამგვარად, ექიმი ღმერთს ემსახურება ჩვენდა სასიკეთოდ (იხ. ზირ. 38: 1,12).

აქამდე მთელი ჩვენი საუბარი სასოოწარკვეთილებისა და მწუხარების შესახებ ეხებოდა ქრისტიანს.

მაგრამ ნუთუ მსგავსადვე იტანჯებიან სასოწარკვეთილების სენით წუთისოფლის მოყვარენი და ცოდვილნი, რომლებსაც არ ადარდებთ თავიანთი სულის ხსნა? იტანჯებიან უფრო მეტად და ხშირად! – მიუხედავად იმისა, რომ სხვების დასანახად კომფორტსა და გართობას წარმოადგენს მათი ცხოვრება. ასე რომ, სამართლიანად შეიძლება ითქვას, შინაგანი უკმაყოფილება და ფარული სევდა ცოდვილთა მუდმივი თანამდევია, რადგან სინდისი, როგორადაც არ უნდა ჩაახშონ ის, ხრავს გულს, როგორც ჭია. შინაგანი ადამიანი, როგორც არ უნდა ქოლავდნენ მას, ხშირად წევს თავს და გმინავს. მომავალი სამსჯავროს უნებლიე, ღრმა წინათგრძნობა ძლიერ აღელვებს ცოდვილ სულს და სიმწარედ უქცევს მას თავისი გრძნობების შესაბამისად გართობას.

ყველაზე გამოუსწორებელი ცოდვილიც კი დროდადრო გრძნობს, რომ ის მხოლოდ ტოტია ფესვის გარეშე, რომ ის შენობაა საძირკვლის გარეშე, რომ ის შინაგანად ცარიელია და წყვდიადი, წყლულები და სიკვდილია მასში.

სწორედ ეს განაპირობებს წუთისოფლის მოყვარულთა მიდრეკილებას გაუთავებელი გართობისაკენ, რათა მიეცნენ თავდავიწყებას და მოსწყდნენ რეალობას.

რა ვუთხრათ წუთისოფლის მოყვარულთ მწუხარების შესახებ? ეს მათთვის სიკეთეა, რადგან მწუხარება მათ სინანულისკენ მოუწოდებს და აქეზებს. ამიტომ, იმის ნაცვლად, რომ განიშორონ სევდა და მწუხარება, როგორც ავადმყოფობა, სჯობს ისარგებლონ და განსაკურნებლად გამოიყენონ იგი ანუ ამქვეყნიური უნაყოფო მწუხარებიდან გარდაქმნან ის მაცხოვნებელ მწუხარებად ღვთის წინაშე, და ნუ იფიქრებენ, რომ უფრო უკეთეს საშუალებას მოძებნიან სევდისა და მწუხარებისაგან სულის დასახსნელად, ვიდრე იმას, რომ გამოასწორონ საკუთარი თავი და ხასიათი და შეუდგნენ სიმართლის გზას.

ყალბი სიამოვნებები და ამსოფლიური სიხარული ვერასდროს შეავსებენ გულის სიცარიელეს: ჩვენი არსება ბევრად უფრო დიდია, ვიდრე მთელი სამყარო. დროთა განმავლობაში ხორციელი სიხარული ძალას დაკარგავს და ვეღარ შეძლებს სულის გართობას, შესაბამისად, მწუხარებისა და სულიერი სიმძიმის მიზეზად იქცევა. ამავდროულად, ღვთის წინაშე მწუხარება და დარდი არასწორი ცხოვრების გამო – თუნდაც რომ თავიდან ეს არ იყოს სულიერი მწუხარება – დროთა განმავლობაში სრულად განკურნავს ყველა გულისტკივილს, რადგან მას თან მოჰყვება სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სული წმიდისაგან, ამინ.


წინა თავი შემდეგი თავი