მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები სასოწარკვეთილებისა და მწუხარების შესახებ


ღირსი ბერი პაისი ათონელი

სიხარული ქრისტესგანაა და მწუხარება ეშმაკისგან

- გერონდა, ბოლო დროს მე ძალიან დავსევდიანდი.

- რატომ დასევდიანდი? შენი გემები ჩაიძირა? საით გააგზავნე? ატლანტის ოკეანეში? ასეთ ამინდში განა ვინ უშვებს გემებს ზღვაში? რამდენი ჩაიძირა?

- ყველა ჩაიძირა, გერონდა.

- მშვენიერია, ე. ი. შენ აღარ გაქვს ქონება, და შენ შეგიძლია გახდე კარგი მონაზონი! განუწყვეტლივ რატომ არ ადიდებ ღმერთს? რა არ გყოფნის? თუ ადამიანი წუხს იმის გამო, რომ შორს არის ქრისტესგან – ეს მე მესმის, მაგრამ თუ ის ადამიანი წუხს, რომელიც ახლოსაა ქრისტესთან – ამის გაგება რთულია. და თუ რამე გტკივა კიდეც, შენს ტკივილს აამებს ქრისტე.

ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს აუტანელი მწუხარება, რადგან თუ ის თავის მწუხარებას ქსრისტესთან მიიტანს, მწუხარება ტკბილ ნექტარად იქცევა, მაგრამ თუ ვინმე მწუხარებს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი თავისი სატკივარით ქრისტესთან არ მიდის.

სიხარული ქრისტესგანაა, მწუხარება კი – ეშმაკისგან. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ვწუხვარ, როდესაც ვხედავ ბერს მედუქნის გამომეტყველებით, რომელიც შემოსავლის გარეშე დატოვეს. სხვა საქმეა მწუხარება ღვთის მიმართ ანუ სიხარულნარევი ტირილი. აქ ადამიანს უხარია. მისი დუმილი და შინაგანი მოწესრიგებულობა თაფლს აფრქვევს მის გულში. როდესაც ასეთ ადამიანს ვხედავ, მსურს ფეხებში ჩავუვარდე და ვემთხვიო.

– როგორ შეიძლება ადამიანმა გაიგოს, რომ ნამდვილად ღვთის მიმართ მწუხარებს?

– დავუშვათ, ადამიანმა შესცოდა და განიცდის. თუ იმის გამო წუხს, რომ ქრისტეს აწყენინა, მაშინ გულში ტკბილ ტკივილს გრძნობს, რადგან მის სულში ღმერთი სიტკბოს აფრქვევს – ღვთიურ ნუგეშს. ეს არის მწუხარება ღვთის მიმართ, მაგრამ თუ ადამიანი მუდმივად წუხს, შიშსა და სასოწარკვეთილებას განიცდის, მან უნდა იცოდეს, რომ ეს მწუხარება არ არის ღვთის მიმართ. ღვთის წინაშე მწუხარება სულიერი სიხარულია, მას ნუგეში მოაქვს გულში, ხოლო იმ მწუხარებას, რომელიც არ არის ღვთის მიმართ, შიში და უიმედობა მოაქვს.

– გერონდა, და თუ სულიერი ადამიანი წუხს იმის გამო, რომ ვიღაც მწვალებელი მისი სახელით სარგებლობს და ვნებს ადამიანებს?

– ასეთუ წუხილი გამართლებულია, ადამიანი უნდა განიცდიდეს, რომ ბევრს შეიძლება მიადგეს ზიანი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც სულიერად მოქმედებაა საჭირო. თუ ადამიანი სიმდაბლით მიიღებს ყველაფერს და იტყვის: „უფალო, მე არ მსურს, რომ ადამიანები დაიღუპონ, გაანათლე ისინი, რათა გულისხმაყონ ჭეშმარიტება“. თუ ასე იტყვის, სიმშვიდეს შეინარჩუნებს, მაგრამ თუ უსარგებლო შფოთვას დაიწყებს და იტყვის: „რა ვქნა? ჩემს სახელს იყენებენ და ღუპავენ ადამიანებს,“ სიმშვიდეს ვერასოდეს შეინარჩუნებს. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ადამიანის ბრალი არ არის და მას სუფთა სინდისი აქვს, სხვებმა რომც შეაწუხონ, მეტს მიიღებს.

ეგოიზმს ყოველთვის თან სდევს მწუხარება და შიში

– გერონდა, მე მუდმივად ვფიქრობ ჩემს შეცდომაზე, რომლითაც გული გატკინეთ და ძალიან ვწუხვარ ამის გამო.

– კმარა, უკვე ჩავლილია. გულისტკენის გარდა, ეს არც არაფერს მოგიტანს და არც არაფრით დაგეხმარება, მაგრამ მომავალში რომ ყურადღებით იყო, არ გაწყენდა. გულმოდგინედ განაგრძე ბრძოლა. ყველა ადამიანი უშვებს შეცდომას, მაგრამ კეთილი ღმერთი, როგორც მამა, ისე გვიცავს: ამისთვის მას ჰყავს წმინდანები, ამისთვის მან ყოველ ადამიანს დაუდგინა მფარველი ანგელოზი, რათა მან დაიცვას, ამისათვის იგი გამოარჩევს სულიერ ადამიანებს, რათა ისინი დაეხმარონ სხვებს.

- გერონდა, გულზე დარდი მაწევს ჩემი დაცემების გამო და ვიღლები მოღვაწეობით.

- ეს ეგოიზმის გამოა. შენ თავს არ იმდაბლებ და ამიტომ იღლები. არ არის სიმდაბლე, სინანული, გულშემუსვრილება, სამაგიეროდ, არის ეგოიზმი, ეგოიზმს კი ყოველთვის მწუხარება და შიში სდევს თან. როდესაც ადამიანს სინანული არ აქვს, იგი წუხს თავისი ეგოიზმის გამო, კაცთმოთნეობის გამო, იმის გამო, რომ სხვების თვალში დაეცა, ამ დროს მასში შფოთი, სიმწარე და ტკივილია.

– ე. ი. თუ ადამიანი ცოდვით დაცემის შემდეგ ძალიან განიცდის, ამის მიზეზი ყოველთვის ეგოიზმია?

– ყოველთვის არა. ეს შეიძლება გულმდგინების გამოც მოხდეს. როდესაც ადამიანი ძლიერ განიცდის მოშურნეობისა და გულმოდგინების გამო, მაშინ დიდ ნუგეშს იღებს, რომელიც ამხნევებს არა მარტო სულს, არამედ სხეულსაც.

– მაგრამ როგორ უნდა მივხვდე, რომ გულმოდგინების გამო განვიცდი?

- ის, ვინც გულმოდგინების გამო განიცდის, ყველაფერში თავის თავს ადანაშაულებს, ხოლო ვინც ეგოიზმის გამო – ყველაფერში სხვას ადანაშაულებს და ამბობს, რომ მას უსამართლოდ ექცევიან. ილახება ეგოიზმი, ადამიანს წყენა ეუფლება, აღარ საუბრობს... აი, დღეს ორ დას მივეცი შენიშვნა დაუდევრობის გამო. ორივე შეწუხდა და თავები დახარეს, მაგრამ ერთი გულმოდგინების გამო შეწუხდა, რადგან თავისი დაუდევრობით დამამწუხრა, მეორე კი – ეგოიზმის გამო. პირველს თავის აწევისა და შემოხედვისაც რცხვენოდა, მეორე კი, თავისი რეპუტაცია რომ არ შელახვოდა, მაშინვე თავის მართლებას შეუდგა და არც კი დაფიქრებულა რამდენად სერიოზული იყო მისი დაუდევრობა. მან ასე იფიქრა: „სხვების თვალში დავეცი, აღარ მენდობიან. როგორ გავამართლო ჩემი ქმედება ისე, რომ რეპუტაცია არ შემელახოს?“ მას რომ თავისი შეცდომა ეღიარებინა და თავი დაედანაშაულებინა, ნუგეშს მიიღებდა, მაგრამ მან სცადა თავი გაემართლებინა, ამიტომ მის სულში სიმშვიდემ ვერ დაისადგურა. როდესაც თავს ვიმართლებთ, ამით ჩვენში ადგილს ვუთმობთ ეშმაკს, რომელიც დახვეწილად ზემოქმედებს ჩვენზე და მწუხარებას იწვევს, მაგრამ როდესაც თავს ვიდანაშაულებთ, მაშინ ღმერთი ტვირთულობს ჩვენს სიმძიმეს. ასე რომ, გადავწყვიტოთ, რა ავირჩიოთ: სიმდაბლე, რომელსაც მოაქვს სიმშვიდე თუ ეგოიზმი, რომელსაც მოაქვს მწუხარება, შიში და ფორიაქი.

უმადური ადამიანი ყოველთვის მწუხარეა

– რატომაა, რომ მრავალი ადამიანი, რომელთაც ყველაფერი აქვთ, შიშსა და მწუხარებას განიცდის?

– თუ თქვენ ნახავთ ადამიანს, რომელიც ძლიერ შიშსა და მწუხარებას განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი აქვს, მაშინ იცოდეთ, რომ ის უღმერთოა.

ის, ვისაც ყველაფერი აქვს: მატერიალური კეთილდღეობა, ჯანმრთელობა – და იმის ნაცვლად, რომ ღმერთს მადლობდეს, ახალ-ახალ უგუნურ პრეტენზიებს აყენებს, ბუზღუნებს და დრტვინავს, – ცხადია, რომ ჯოჯოხეთში იმზადებს ადგილს. ადამიანი, რომელმაც იცის რა არის მადლიერება, ყოველთვის ყველაფრით კმაყოფილია. ის ხედავს, რომ ღმერთი აძლევს ყოველღიურად და ყველაფერი უხარია, მაგრამ როცა ადამიანი უმადურია, იგი ყველაფრით უკმაყოფილოა, ყველაფრის გამო ბუზღუნებს და იტანჯება. დავუშვათ, მას არ მოსწონს მზე, დაუბერავს ქარი და აცივდება... ჰოდა, არ მოსწონდა მზე და იკანკალოს ახლა სიცივით.

– გერონდა, ამით რისი თქმა გსურთ?

– მინდა ვთქვა, რომ თუ ჩვენ ვერ ვაფასებთ იმ სიკეთეებს, რომლებსაც ღმერთი გვაძლევს და ვბუზღუნებთ, ამას მოჰყვება განსაცდელები, რომლებიც გვაიძულებს თავი დავხაროთ. მე თქვენ სერიოზულად გეუბნებით, ვისაც ამგვარი ქცევები სჩვევია, ვინც მუდმივად იღრინება და ბუზღუნებს, უნდა იცოდეს, რომ ღვთისგან სილას მიიღებს, რათა ამ ცხოვრებაში ნაწილობრივ მაინც გადაიხადოს ვალები, და თუ სილას არ მიიღებს, მით უარესი, მაშინ მას მოუწევს ვალების ერთბაშად გადახდა მომავალ ცხოვრებაში.

– ე. ი. ბუზღუნი შეიძლება ჩვევად იქცეს?

– დიახ, ჩვევაში გადადის, ბუზღუნს ბუზღუნი ემატება და ყვედრებას - ყვედრება. ვინც ყვედრებას თესავს, ყვედრებასვე მოიმკის და შიშს აგროვებს,ხოლო ვინც ღვთის დიდებას თესავს, ის ღვთიურ სიხარულსა და მარადიულ კურთხევას მოიმკის. მობუზღუნე, რაც არ უნდა უბოძოს ღმერთმა, ვერ გრძნობს ამას და მაინც ბუზღუნებს, ამიტომ ღვთის მადლი განეშორება და განსაცდელები ატყდება თავს, ცდუნებები ფეხდაფეხ დასდევს და ყველაფერი არეული აქვს; მადლიერს კი ღმერთი თავად არ ტოვებს თავისი მადლით.

დიდი ცოდვაა უმადურობა, რომელიც თავად ქრისტემ დაგმო: „განა ათივე არ განიწმინდა? სად არიან ცხრანი?“ (ლუკ. 17:17) – ჰკითხა მან კეთროვანს, რომელიც მადლობის სათქმელად დაბრუნდა. ქრისტე მადლობას ათივე კეთროვნისგან ელოდა არა საკუთარი თავისათვის, არამედ მათთვისვე, რადგან მადლიერება მათვე მოუტანდა სიკეთეს.

ბოროტ სულს სურს ჩვენ დამწუხრებულს გვხედავდეს

– გერონდა, რატომაა, რომ სიხარულისას უცებ მეუფლება მწუხარება?

- სიხარულიდან მწუხარებაში უეცარი გადასვლა ყველაზე ხშირად განსაცდელებითაა გამოწვეული. ბოროტი სული ებრძვის ადამიანებს, განსაკუთრებით მგრძნობიარეებსა და ბუნებით მხიარულებს, რომლებიც სულიერად ცხოვრებას ცდილობენ. სწორედ ამას ცდილობს ბოროტი, რომ ჩვენ დაგვამწუხროს და თვითონ გაიხაროს, მაგრამ რატომ უნდა მივცეთ მას ამის უფლება? განა სიხარული არ სჯობს მწუხარებას და სიყვარული – ბოროტებას?

– მეც მეუფლება ხოლმე მწუხარება და მიზეზი კი არ ვიცი.

– ბოროტ სულს არ სურს, რომ ადამიანს უხაროდეს. იგი ახერხებს დაამწუხროს ისინი, ვისაც მწუხარების მიზეზი აქვს და ისინიც, ვისაც არ აქვს ამის მიზეზი. რაც შეგეხება შენ, მე ვფიქრობ, რომ ბოროტ სულს სურს იმედგაცრუებაში გამყოფოს და უფრო და უფრო გხლართავს უწვრილესი ძაფებით. მას რომ ძლიერი კანაფით შეეკარი, მაშინ კიდევ გექნებოდა წუხილის მიზეზი, მაგრამ შენ ხომ წვრილი ძაფები გეჩვენება სქელ თოკებად და ამას განიცდი. ნუ იტანჯავ თავს უმიზეზოდ, რადგან ბოროტს ახარებ და ამით გულს ტკენ ქრისტეს. გინდა, რომ ქრისტეს აწყენინო?

– არა, გერონდა, მაგრამ...

– არავითარი „მაგრამ“! „ჯოჯოხეთი დამწუხრდეს!“ თქვი: „დამწუხრდეს“!

– „დამწუხრდეს!“

– მწუხარება ფიტავს ჩვენს სულიერ და სხეულებრივ ძალებს.

– გერონდა, მე ხშირად მტკივა მუცელი და მიჭირს შევასრულო ჩემი მონაზვნური მოვალეობები.

– შენ ზიხარ და საკუთარ ფიქრებს ესაუბრები, ყველაფერს მუქ ფერებში ხედავ და ტყუილად იტანჯავ თავს, ამიტომაც ეწამები სულითა და ხორცით. ყოველი ასეთი შეტევის შემდეგ მუცლის ტკივილიც გეწყება, შემდეგ როგორღა იპოვი სულიერ ძალებს? შეიძლება წამალი დალიო და ტკივილი გაივლის, მაგრამ თუ მწუხარებას არ ანებებ თავს, მუცელი ისევ აგტკივდება. ნუ მოუსმენ აზრებს, რომლებიც იმედგაცრუებას იწვევს შენში, რათა უსარგებლოდ არ გექცეს ის ნიჭები, რომლებიც მოგმადლა ქრისტემ. რაც უფრო სწორად შეხედავ საგნებს, მით უფრო მეტად დაწყნარდები და დამშვიდდები, უფრო ჯანმრთელი იქნები და შეწყვეტ წამლების მიღებას.

ადამიანი განიარაღებულია მწუხარებით, რადგან სასიცოცხლო ძალებისაგან შრეტს მას, ართმევს რა მთელ სულიერ და ხორციელ ენერგიას და რაიმეს კეთების უნარს, წამლავს სულს და შემოაქვს შფოთი, სხეულის ყველაზე მგრძნობიარე ადგილას ურტყამს, აშინებს და ამით ძალ-ღონეს აცლის. მწუხარების შხამს არა მხოლოდ სუსტი ორგანიზმის მქონე ადამიანის წაქცევა შეუძლია, არამედ ძლიერისაც. აქ არის ერთი და. იცით, მას რამდენი ძალა აქვს? სულიერადაც ყოჩაღია და მორჩილების საქმეშიც ხელიდან ყველაფერი გამოსდის, შეუძლია მთელ მონასტერს გაუძღვეს, მაგრამ მოწყენილობის გამო არაფერს აკეთებს, ტყუილად იკარგება, ასეთი ძლიერი ძრავია და სარგებლის გარეშე დგას. სულიერი სიმტკიცით განაგდეთ უძლურება.

– გერონდა, როდესაც სულიერ ცხოვრებაში სირთულეებს ვაწყდები, დრტვინვას ვიწყებ და სევდა მიპყრობს.

– სწორედ რთულ მომენტებში ვლინდება ადამიანის ძალა. როცა სირთულეებს წააწყდები, ნუ შეშინდები და შეძრწუნდები. ღმერთს სულიერი სიმტკიცისათვის ევედრე, რათა ვაჟკაცურად შეხვდე სირთულეებს სულიერ გზაზე და შემართებით იბრძოლო.

– მწუხარება, რომელსაც ჩემი ცუდი სულიერი მდგომარეობის გამო ბოლო დროს განვიცდი, სრულად მართმევს სულიერ ძალებს.

– მადლობა ღმერთს, შენ წამოხვედი იქიდან, სადაც ადრე იყავი, მაგრამ სადაც უნდა მიხვიდე, ჯერ არ მისულხარ იქ. დარწმუნებული ვარ, მალე წარმოაჩენ შენს უნარებს და, ღვთის მადლით, გაწყვეტ სულიერი უძლურების ბორკილებს ისევე, როგორც ლომი წყვეტს აბლაბუდას. განაგდე უძლურება სულიერი სიმტკიცით. დაგელოდები და ვილოცებ. იმედია, მოვესწრები შენს წარმატებებს და გავიხარებ.

– გერონდა, როდესაც ჩემს სულიერს ვალდებულებებს დაუდევრად აღვასრულებ, მწუხარება მიპყრობს.

– მწუხარება დაუდევრობისა და სიხარული გაკეთებულის გამო – ბუნებრივია, მაგრამ მათ შეიძლება ეგოიზმი შეერიოს, ამიტომ ფრთხილად იყავი. სწორი დასაწყისი შეარჩიე, განსაზღვრე შენი სულიერი მოღვაწეობის თანმიმდევრობა და ნელ-ნელა იარე წინ. ასე შენ მიაღწევ უფრო მეტ სტაბილურობას, შეწყდება ეს ზევით–ქვევით ხტუნვა, რომელსაც შენიღბული მტერი განაპირობებს. თუ სულიერი სიმტკიცით სრულად გამოიყენებ შენს შესაძლებლობებს მონაზვნურ ღვაწლში გასაძლიერებლად, დიდ წარმატებებს მიაღწევ, მაგრამ თუ უძლურების გამო უარს იტყვი და შეჩერდები, თავადვე დაიწყებ გაუთავებლად მოთქმასა და ტირილს, ბოროტი სული კი ტაშს დაგიკრავს.

– გერონდა, ძალები არ მყოფნის?

– საჭიროა ძალისხმევა, სწრაფვა!

– როგორ შევძლო?

– საჭიროა გამბედაობა, სიმამაცე! მე არ მჭირდება სულიერად ცარიელი მონაზვნები, მე მჭირდება მონაზვნები, რომლებიც სულიერი სიმტკიცით შეებრძოლებიან ბოროტ სულს და ამგვარად განადიდებენ ღმერთს. მოწყენილობის შხამის საწინააღმდეგო – ღვთის დიდებაა.

– გერონდა, ვწუხვარ, როდესაც ჩემში კვლავ ვხედავ ვნების რაღაც წილს.

– თქვი:“მადლობა ღმერთს, რომ ძირითადი განმეშორა!“. შენს ადგილას, ღვთისგან ბოძებული სიკეთეების შემხედვარე, „სახმილავითგან განთიადისა მიმწუხრადმდე“ (ფს. 129: 5) ვიმეორებდი: „მადლობა შენდა, უფალო!“ თუ გსურს აქვე იცხოვრო სამოთხის ცხოვრებით, მზერა მიაპყარი ღვთის მოწყალებასა და მის მდიდარ საბოძვარს, რომელთაც შენ გაძლევს უფალი და ადიდე იგი: „დიდება შენდა, უფალო!“. ადიდე ღმერთი იმისთვის, რომ შეგეწია წარმატებული ყოფილიყავი საკუთარი შრომითა თუ სხვების დახმარებით. როდესაც ადამიანი ამბობს:“დიდება შენდა, ღმერთო“, ღმერთიც შეეწევა, რადგან თავმდაბლობასთან შეერთებული მადლიერება, გულმოდგინება და სიმამაცე თავისკენ იზიდავს ზეციურ ძალთა სიმრავლესა და ღვთიურ ნიჭებს.

– გერონდა, და თუ ვიცი, რომ ისევ დავეცემი?

– არ იცი, მაგრამ შიშის გამო ფიქრობ ასე. ნუ შიშობ, რომ კვლავ იმავე შეცდომას დაუშვებ, რადგან ამის გამო ირყევა თქვენი ღვთისადმი რწმენა. არ არის საჭირო ზედმეტი კირკიტი. თუკი აზრები გაწუხებთ, რომ არ გამოსწორდებით და ამის გამო სასოწარკვეთილებაში ვარდებით, გმართებთ თავი ხელში აიყვანოთ და საკუთარი თავი გაამხნევოთ, უნდა თქვათ: „მადლობა ღმერთს, დღეს უკეთესი ვარ, ვიდრე გუშინ ვიყავი. ათასი მადლობა ღმერთს...“ საკუთარი თვის ამგვარად გამხნევება, შესაძლოა, უსაფუძვლო ჩანდეს, მაგრამ უდიდეს ძალას – იმედს მატებს ღვთისადმი. ღვთის იმედი სასოწარკვეთილებას დევნის, სულს სასოწარკვეთილებისა და შიშისაგან ათავისუფლებს, ნაბიჯ-ნაბიჯ ამყარებს ადამიანის სულიერ ძალებს და აღვიძებს მასში წმიდა ოპტიმიზმს.

– გერონდა, მე ვღელავ ჯანმრთელობის პრობლემების გამო.

- ყველაფერი ისე მიიღე, როგორც ღვთის დიდი საჩუქარი. ღმერთი არავის შეურაცხყოფს. ზეცაში მეტი ნუგეში გელის – კარგ პენსიას მიიღებ, თუ თავად არ შეამცირებ მას ბუზღუნით.

– მაგრამ როგორ, გერონდა, მე ვერ ვგრძნობ საკუთარ თავში ზეცას?

– ვერ გრძნობ ზეცას, რადგან ღმერთს არ ადიდებ. როდესაც განუწყვეტლივ ღმერთს ადიდებ, ყველაფერი გახარებს. ერში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც განგვსჯიან ჩვენ, ბერებს. შეხედეთ ბედუინებს, როგორი მძიმე ცხოვრება აქვთ, ისინი კი გამუდმებით ღმერთს მადლობენ და ხარობენ. ისინი ხორბალსაც კი ისე ფქვავენ, რომ ქვებისგან არც აცალკევებენ, ამიტომაც ქვასავით მაგარია მათი პური! მათ საკვებში არ არის საკმარისი რაოდენობის მიკროელემენტები, კალცი და სხვა, ამიტომ მთლად დაზიანებული აქვთ კბილები. შეხედავ ბედუინს – ერთადერთი კბილი აქვს და მაინც ხარობს, თითქოს ეს კბილი სადაფისა იყოს. სხვას მხოლოდ ერთი კბილი აკლია და ამის გამო თავს ცუდად გრძნობს. ამ ყველაფრიდან ცხადია, რომ განუწყვეტლივ უნდა ვადიდოთ ღმერთი მისი ჩვენდამი კეთილმოწყალების გამო.

ერთი ეპისკოპოსი მიყვებოდა, რომ როდესაც ტაძარში დიაკონი გერგესეველ ეშმაკეულთა განკურნების შესახებ კითხულობდა, ერთი მორწმუნე ერისკაცი საეპისკოპოსო საყდრის უკან იდგა და განუწყვეტლივ იმეორებდა: „დიდება შენდა, ღმერთო!“ დიაკონმა დაიწყო:“და განვიდეს სოფელსა მას გადარინელთასა“... „დიდება შენდა, ღმერთო!“ – იმეორებდა ადამიანი. „მო-ვინმე-ეგებვოდა კაცი ქალაქისასა, რომლისა თანა იყვნეს ეშმაკნი...“ „დიდება შენდა, ღმერთო!“ - კვლავ იმეორებდა ადამიანი. „და გამოვიდეს ეშმაკნი იგი კაცისა მისგან და შევიდეს ღორთა მათ. და მიმართა ყოველმან კოლტმან კბოდესა მას ტბად და დაიშთვნეს.“ – „დიდება შენდა, ღმერთო!“ – განაგრძობდა კაცი. „და მაშინ მივხვდი, – მითხრა შემდეგ ეპისკოპოსმა, – რომ ეს უბრალო ადამიანი სწორად იქცეოდა, განუწყვეტლივ რომ იმეორებდა სიტყვებს: „დიდება შენდა, ღმერთო!“, რადგან სწორედ ღვთის დიდებამ შთააგდო ეშმაკები ზღვაში. თქვენც მუდმივად გაიმეორეთ „დიდება შენდა, ღმერთო!“, ვიდრე კოლტი არ გადაეშვება ზღვაში...

დიდებისმეტყველება გარშემო ყველაფერს ანათებს. ადიდებს რა ღმერთს, მადლიერი ადამიანი, საუკეთესო გაგებით, თავს კარგავს და ყველაფერი ახარებს; ხოლო როცა მცირედისთვის მადლობს ღმერთს, ისე უხვად გადმოდის მასზე ღვთის მადლი, რომ მისი დატევაც კი უჭირს. ამას ვერ უძლებს ეშმაკი და გარბის.


წინა თავი შემდეგი თავი