მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები სასოწარკვეთილებისა და მწუხარების შესახებ


ღირსი სერაფიმე საროველი

მწუხარების სულთან ერთად განუყრელად მოქმედებს მოწყენილობა. მამებს შენიშნული აქვთ, რომ მოწყინების სული მონაზონს განსაკუთრებით თავს ესხმის შუადღეს და ისეთ დიდ ვნებათაღელვას იწვევს მასში, რომ მისთვის აუტანელი ხდება საცხოვრებელი ადგილი, მასთან მცხოვრები ძმები, კითხვისას უჩნდება სიძულვილი და ეწყება მთქნარება, უტევს გაუმაძღრობის გრძნობა. მუცლის ამოვსების შემდეგ მოწყენილობის დემონი მონაზონს შთააგონებს აზრს, რომ კელიიდან გამოვიდეს და ვინმესთან ისაუბროს, რადგან არწმუნებს, რომ სხვაგვარად ვერ შეძლებს მოწყენილობის დაძლევას. და ბერმონაზონი, რომელსაც სძლევს მოწყენილობა, ემსგავსება უდაბნოს გამხმარ მცენარეს, რომელიც ქარისაგან ირყევა და უწყლო ღრუბელს, რომელსაც ქარი იტაცებს (შდრ. იუდ. 1:12).

თუ დემონმა მონაზვნის კელიიდან გამოყვანა ვერ მოახერხა, მაშინ მის გონებას ლოცვისა და კითხვის დროს ართობს, აზრებს აწვდის: „ეს სწორად არ დევს“, ან „იქ არ დევს, ყველაფერი მოსაწესრიგებელია...“ და ამ ყველაფერს დემონი აკეთებს მხოლოდ იმიტომ, რომ მონაზონს გონება გაეფანტოს და უნაყოფო შეიქნას.

ეს სენი, რომელიც სულმოკლეობისგან, უსაქმურობისა და ამაო საუბრებისგან იშვება, ლოცვით, ამაოდ მეტყველებისაგან თავშეკავებით, ძალების შესაბამისი ხელსაქმით, ღვთის სიტყვის კითხვითა და მოთმინებით იკურნება (ღირს. ანტიოქ. სიტყვ.: 26; ღირსი ისააკ ასური, სიტყვ. 30).

რთულია მონაზვნური ცხოვრების დამწყებთათვის მოწყინებისგან თავის არიდება, რადგან პირველად სწორედ მოწყინება უტევს, ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, მას უნდა ვუფრთხილდეთ მორჩილებისათვის დაკისრებული მოვალეობების მკაცრი და უსიტყვო შესრულებით. როდესაც შენი საქმიანობა ნამდვილად მოწესრიგდება, მოწყენილობა ადგილს ვერ იპოვის შენს გულში. მოწყენილი ისინი არიან, ვისაც წესრიგში არა აქვს საქმეები. ამგვარად, ამ საშიში სენის – მოწყინებისაგან განკურნების საუკეთესო საშუალება მორჩილებაა.

სხვაა მოწყინება და სხვაა სულის წუხილი, რომელსაც ჰქვია სასოწარკვეთილება, უიმედობა. ადამიანი ხანდახან იმგვარ სულიერ მდგომარეობაშია, რომ უმჯობესად მიიჩნევს საერთოდ გაქრეს ანდა გრძნობისა და გონების გარეშე იმყოფებოდეს, ვიდრე განაგრძოს არსებობა მტანჯველ მდგომარეობაში. უმჯობესია იჩქაროთ გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან. უფრთხილდი სასოწარკვეთილების სულს, რადგან მისგან წარმოიშობა ყოველგვარი ბოროტება. წმიდა ბარსანუფი გვასწავლის: „არსებობს უიმედობა ბუნებრივი – უძლურებისგან და არის უიმედობა ეშმაკისგან. თუ გსურს განასხვავო ისინი, ამგვარად განასხვავე: ეშმაკისგან მოდის მანამ, სანამ დასვენების დრო დადგება, რადგან როდესაც ადამიანი საქმეს დაიწყებს, სანამ შეასრულებს საქმის მესამედს ან მეოთხედს, ეშმაკი აიძულებს, რომ თავი ანებოს ამ საქმეს და ადგეს. ამ დროს არ უნდა უსმინოთ მას, უნდა ილოცოთ და საქმიანობა მოთმინებით განაგრძოთ, და მტერი, რომელიც ხედავს, რომ ადამიანი ამ საქმისთვის ლოცულობს, წყვეტს მასთან ბრძოლას, რადგან არ სურს ლოცვის მიზეზი მისცეს მას“ (ღირსი ბარსანუფი, პასუხი 559).

წმიდა ისააკ ასური ამბობს: „როდესაც ღმერთს ნებავს ადამიანი დიდ მწუხარებაში ჩააგდოს, სულმოკლეობას უშვებს მასზე. ეს ადამიანში იწვევს სასოწარკვეთილებას, რომელიც ძლევს მას და მაშინ ადამიანი სულიერ სიმძიმეს გრძნობს, ეს არის გეენიის გემება. ადამიანს თავს ესხმის მოუსვენრობის სული, რომლისაგანაც იფრქვევა ათასი განსაცდელი: შფოთი, გაღიზიანება, გმობა, საკუთარი ბედით უკმაყოფილება, უწესო აზრები, გადასახლება ერთი ქვეყნიდან მეორეში და მრავალი მსგავსი. ხოლო თუ იკითხავთ: „რა არის ამ ყველაფრის მიზეზი?“ – გიპასუხებთ: შენივე დაუდევრობა, რადგან არ გიცდია განკურნებულიყავი მათგან. ამ ყველაფრისგან განკურნება კი ის არისრომ ადამიანმა მოიპოვოს სულის სიმშვიდე. რას წარმოადგენს ეს კურნება? ეს არის გულის შემუსვრილება (გული შემუსვრილი და დამდაბლებული –50–ე ფს.) ამის გარეშე ვერავინ შეძლებს დაანგრიოს ამ ბოროტებათა სიმაგრე. უფრო მეტიც, აღმოაჩენს, რომ მას უბედურებებმა სძლიეს“ (ღირსი ისააკ ასური, სიტყვა 79).

წმინდა მამები სასოწარკვეთილებას უწოდებენ ასევე მცონარებას, დაუდევრობასა და სიზარმაცეს.


წინა თავი შემდეგი თავი