მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები სასოწარკვეთილებისა და მწუხარების შესახებ


ღირსი ეფრემ ასური

ხსოვნა სიკვდილისა და სასჯელთა შესახებ მახვილია სასოწარკვეთილების ეშმაკის წინააღმდეგ.

მორწმუნეთათვის დასაწყისი და დასასრული არის რწმენა, სასოება და სიყვარული; ხოლო უმძიმესზე უმძიმესია მწუხარება, განსაკუთრებით, თუ მას თან ახლავს ურწმუნოება, რადგან მომაკვდინებელი შხამითაა სავსე მისი ნაყოფი.

ნუ გიხარიათ, როდესაც ღვინის შესასმელად გეპატიჟებიან და ნუ დანაღვლიანდებით და მოიწყენთ, თუკი წყლის დალევა მოგიწევთ.

საყვარელნო, ვიყოთ უცვლელნი გულით – სათნოებისათვის მიუღებელია გულის სისუსტე, ამიტომ, თუკი მცირედი მწუხარება შეგვემთხვევა, სულმოკლეობას კი ნუ მივეცემით, არამედ, კეთილგონიერი მგზავრის მსგავსად, ვაიძულოთ ჩვენი თავი, რომელიც, მგზავრობისას დაუძლერების მიუხედავად, უარს არ ამბობს შორეული მგზავრობის მიზანზე და ამგვარად ინუგეშებს თავს: „კიდევ ცოტაც და მიაღწევ ღამის გასათენებელს და დაისვენებ“. ღმერთი, რომელიც ხედავს, როგორ აიძულებს მგზავრი თავს, აძლევს მას ძალას, რომელიც უმარტივებს სირთულეებს.

ვინც სასოწარკვეთილებაში ვარდება, ისევე შორს არის მოთმინებისგან, როგორც ავადმყოფი – ჯანმრეთელობისგან. სათნოება შეიცნობა არა მწუხარებაში, არამედ მოთმინებაში. მოთმინება კი განახლდება და განმტკიცდება, როდესაც გონება დაკავებულია მასზე ჭვრეტითა და ფიქრით. გონება, რომელიც ამგვარად საზრდოობს, ძალას იკრებს, ისევე როგორც სხეული, რომელიც ხილულ საკვებს იღებს. და თუ გონება არ ისურვებს ამგვარ სათნოებასა და ღირსებას, მაშინ იგი უსათუოდ გაღატაკდება და დაუძლურდება, ამიტომ განაგდე შენგან მატერიალურისაკენ სწრაფვა და ღვთიურ საქმიანობაში ავარჯიშე შენი გონება.

ნეტარია, ვინც ვერ დასცა სასოწარკვეთილების ვნებამ როგორც მხდალი, არამედ აღიჭურვა სრული მოთმინებით, რომლისთვისაც გვირგვინი მიიღო ყველა წმინდანმა.

თუკი სასოწარკვეთილება შეგაწუხებს, საყვარელო, ნუ დაეცემი სულით, არამედ უფლის მიმართ ილოცე და ის მოგცემს მოთმინებას, ლოცვის შემდეგ კი დაჯექი, გონება მოიკრიბე და დაამშვიდე შენი სული.

თუ გსურს სძლიო სასოწარკვეთილების სულს, რაიმე ხელსაქმით დაკავდი, ან იკითხე, ან ხშირად ილოცე.


წინა თავი შემდეგი თავი