მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი შესაქმისაჲ
თავი 15

1და შემდგომად სიტყუათა ამათ იქმნა სიტყუაჲ უფლისა აბრაამის მიმართ, ჩუენებასა შინა ღამისასა, მეტყუელი: ნუ გეშინინ, აბრაამ, მე შეგეწიო შენ, სასყიდელი შენი იყოს ფრიად.

2და თქუა აბრაამ: მეუფეო, რაჲ მომცენ? რამეთუ მე წარვწყმდები უშვილოდ, ხოლო ძე მასეკის, სახლისწულისა ჩემისა, ესე დამასკოჲს ელიეზერ.

3და თქუა აბრაამ: ვინათგან მე არა მომეც თესლი, ხოლო სახლისწული ჩემი დამიმკჳდრებს მე.

4და მეყსეულად იქმნა ჴმაჲ მისსა მისდა მიმართ მეტყუელი: არა დაგიმკჳდრებს შენ, არამედ, რომელი გამოვიდეს შენგან, მან დაგიმკჳდროს შენ.

5და განიყუანა იგი გარე და ჰრქუა მას: აღიხილენ თუალნი ცად მიმართ და აღრაცხენ ვარსკულავნი, უკუეთუ ძალ-გიც აღრაცხვაჲ მათი. ესრეთ იყოს თესლი შენი.

6და ჰრწმენა აბრაამს ღმრთისაჲ და შეერაცხა მას სიმართლედ.

7ხოლო ღმერთმან თქუა მისსა მიმართ: მე, ღმერთი გამომყუანებელი შენი სოფლისაგან ქალდეველთასა, რათა მოგცე შენ ქუეყანა ესე სამკჳდრებელად.

8და თქუა: მეუფეო უფალო, რაჲთა ვცნა, ვითარმედ დავიმკჳდრო იგი.

9და ჰრქუა მას: მომგუარე მე დიაკეული სამისა წლისაჲ და ვაცი სამისა წლისაჲ და ვერძი სამისა წლისა და გურიტი და ტრედი.

10ხოლო მან მოიხუნა ესე ყოველნი და განყუნა იგინი შუა ღა დასხნა იგინი პირისპირ ურთიერთას, ხოლო მფრინველნი არა განყუნა.

11და გარდამოვიდეს მფრინველი მძორთა მათ ზედა ორად განკუეთილებათა მათთა. და თანა-უჯდა მათ აბრაამ.

12ხოლო დასლვასა მზისასა განკჳრვებაჲ დაეცა აბრაამს და, აჰა, შიში ბნელი დიდი დაეკუეთა მას.

13და თქუა აბრაამის მიმართ: ცნობით უწყოდე, ვითარმედ მსხემ იყოს თესლი შენი ქუეყანასა არა თჳსსა და დაიმონებდენ მათ. და განაშორებდენ მათ და დაამდაბლებდნენ მათ ოთხას წელ.

14და ნათესავი, რომელსაცა ჰმონონ, ვსაჯო მე ხოლო შემდგომად ამათსა გამოვიდენ აქა განმზადებულებითა მრავლითა.

15ხოლო შენ წარხჳდე მამათა შენთა თანა მშჳდობით, განზრდილი სიბერითა კეთილითა.

16და მეოთხე ნათესავი მოიქცეს აქა, რამეთუ არ-ღა სრულ ქმნილ არიან ცოდვანი ამორეველთანი აქამომდე.

17ხოლო ვინათგან დასლვად მიიწია მზე იქმნა ალი და აჰა საჴმილი და ლამპარნი ცეცხლისანი, რომელნი განვიდეს შორის ორ განკუეთილებათა მათ.

18მას დღესა შინა აღუთქუა უფალმან აბრაამს აღთქუმაჲ მეტყუელმან: თესლსა შენსა მივსცე ქუეყანა ესე მდინარითგან ეგჳპტისათ, ვიდრე მდინარედმდე დიდად ევფრატად.

19კინეველნი და კინეზელნი და კედმაზელნი.

20და ქეტელნი და ფერეზელნი და რაფიმელნი.

21და ამორეველნი და ქანანელნი და გერგესეველნი და იებოოსლელნი.


წინა თავი შემდეგი თავი