მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი შესაქმისაჲ
თავი 41

1და იყო, შემდგომად ორისა წლისა მათ დღეთასა ფარაო იხილა ჩუენებაჲ: ეგონა, ვითარმედ დგა იგი მდინარესა ზედა.

2და, აჰა ესერა, ვითარცა მდინარისა მისგან გამოვიდოდეს შჳდნი ზროხანი, შუენიერნი პირითა და მსუქანნი ჴორცითა, და ძოვდეს მდინარისა კიდესა.

3და სხუანი შჳდნი ზროხანი აღმოვიდოდეს შემდგომად მათსა მიერ მდინარით, საძაგელნი ხილვითა და მჭლენი ჴორცითა და ძოვდეს ზროხათავე მათ თანა კეთილსახისათა მდინარისკიდესა მას.

4და შეჭამნეს შჳდთა მათ ზროხათა, საძაგელთა, ხილვითა და მჭლეთა ჴორცითა, შჳდნი იგი ზროხანი, კეთილნი ხილვითა და კეთილნი ჴორცითა. და არა ცხად იქმნა, ვითარმედ შევიდეს მუცელთა მათთა. განიღჳძა ფარაო.

5და მეორე ჩუენებასა იხილვიდა: აჰა ესერა, შჳდნი თავნი ჴუვილისანი აღმოვიდოდეს ძირსა ერთსა ზედა, რჩეულნი და კეთილნი.

6და მერმე კუალად შჳდნი თავნი აღმოსცენდეს მათვე თანა, წულილნი და ხორშაკეულნი.

7და შეჭამნეს შჳდთა მათ წულილთა და ხორშაკეულთა შჳდნი იგი თავნი სავსენი და კეთილნი. და განიღჳძა ფარაო და, აჰა ესერა, იყო იგი ჩუენებაჲ.

8და ვითარცა განთენა, შეძრწუნებულ იყო სული მისი მის თანა. და მიავლინა და მოუწოდა ყოველთავე გამომეტყუელთა ეგჳპტისათა და ყოველთა ბრძენთა მისთა და უთხრა მათ ფარაო ჩუენებაჲ იგი მისი. და არა ვინ იყო მათგანი, რომელმან-ცა უთხრა ფარაოს ჩუენებაჲ იგი.

9და ეტყოდა ღჳნისმნე იგი ფარაოს და ჰრქუა: ცოდვაჲ ჩემი მოვიჴსენო დღეს.

10ფარაო ჰრისხვიდა მონათა თჳსთა და შემსხნა ჩუენ საპყრობილესა, სახლსა მას მზარეულთმოძღურისა, მე და მეპურეთმოძღუარი.

11და ვიხილეთ ჩუენებაჲ ღამესა ერთსა მე და მან. კაცად-კაცადმან ჩუენმან მსგავსად თჳსისაებრ ჩუენებისა ვიხილეთ.

12და იყო მუნ ჩუენ თანა ჭაბუკი ებრაელი, მონაჲ მზარაულთა მოძღურისაჲ, და უთხართ მას ჩუენებაჲ იგი და განგჳმარტა ჩუენ.

13და ვითარცა განგჳმარტა ჩუენ, ეგრეცა იყო: მე კუალად მოვედ ჩემსავე ამას პატივსა, ხოლო იგი დამოეკიდა ძელსა და მოკუდა.

14მიავლინა ფარაო და მოუწოდა იოსებს და გამოიყუანა იგი საპყრობილისა მისგან. დაუკვეცეს მას თმაჲ და შეუცვალეს მას სამოსელი მისი და მოვიდა წინაშე ფარაოჲსა.

15და ჰრქუა ფარაო იოსებს: ჩუენებაჲ ვიხილე და არა ვინ არს, რომელმან-ცა განმიმარტა იგი, ხოლო მე მასმიეს შენთჳს ვითარმედ თქჳან, გესმის რაჲ ჩუენებაჲ, განჰმარტი იგი.

16მიუგო იოსებ და ჰრქუა ფარაოს: თჳნიერ ღმრთისა ვერ მიეგოს სიტყუაჲ, მეფე, მაცხოვარებასა შენსა.

17ეტყოდა ფარაო იოსებს და ჰრქუა: ძილსა შინა მეგონა, ვითარმედ ვდეგ კიდესა მდინარისასა.

18და ვითარცა მიერ მდინარით გამოვიდოდეს შჳდნი ზროხანი რჩეულნი ჴორცითა და შუენიერნი ხილვითა, და ძოვდეს კიდესა ზედა.

19და მერმე კუალად სხუანი ზროხანი შჳდნი აღმოვიდოდეს, შემდგომად მათსა მიერ-ვე მდინარით, ხენეშნი და საძაგელნი ხილვითა და მჭლენი ჴორცითა, რომელ, არა სადა მეხილვნეს ეგევითარნი საძაგელნი ყოველსა ეგჳპტესა უუშვერესი.

20და შეჭამნეს შჳდთა მათ ზროხათა, მჭლეთა და საძაგელთა, შჳდნი იგი ზროხანი, კეთილნი და რჩეულნი.

21და შევიდეს მუცელთა მათთა და არა რაჲ აჩნდა, ვითარმედ შევიდეს მუცელთა მათ თანა. და პირნი მათნი საძაგელ იყვნეს, ვითარცა-იგი პირველ.

22განვიღჳძე და კუალად დავიძინე. და ვიხილე მერმე ჩუენებასა: და ვითარცა შჳდნი თავნი ჴუვილისანი, აღმოვიდოდეს ადგილსა ერთსა, სავსენი და კეთილნი.

23და მერმე კუალად სხუანი შჳდნი თავნი წულილნი და ხორშაკეულნი აღმოსცენდებოდეს მათ თანავე.

24და შთანთქნეს შჳდთა მათ თავთა ხორშაკეულთა შჳდნი იგი თავნი, კეთილნი და სავსენი. უთხარ ესე გამომეტყუელთა და არა ვინ არს. რომელმან-ცა მითხრა მე.

25ჰრქუა იოსებ ფარაოს: ჩუენება ფარაოჲსი ორი-ვე ერთ არს: რაოდენი ღმერთსა ეგულების ყოფად, უჩუენა ფარაოს:

26შჳდნი იგი ზროხანი კეთილნი შჳდნი წელნი არიან და შჳდნი იგი თავნი ჴუვილისანი კეთილნი შჳდნი წელნი არიან. ჩუენებაჲ ფარაოჲსა ორი-ვე ერთ არს.

27შჳდნი იგი ზროხანი, რომელნი აღმოვიდოდეს შემდგომად მათსა მჭლენი, შჳდნი წელნი არიან; და შჳდნი იგი თავნი ჴუვილისანი წულილნი და ხორშაკეულნი - იყოს შჳდ წელ სიყმილი.

28ხოლო სიტყუაჲ იგი რომელ ვარქუ ფარაოს, რაოდენი ღმერთსა ეგულების, უჩუენა ფარაოს.

29აჰა ესერა, შჳდნი წელნი მოვლენან ნაყოფიერებისა დიდისანი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

30და მოიწინენ შჳდნი წელნი სიყმილისანი შემდგომად მისა და დაივიწყონ ნაყოფიერებაჲ იგი მაძღრობისა ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა. და აღჴოცოს სიყმილმან ქუეყანაჲ.

31და არ-ღა-რა საცნაურ იყოს ნაყოფიერებაჲ ქუეყანასა ზედა სიყმილისა მისგან, რომელ იყოს შემდგომად მისა, რამეთუ სასტიკ იყოს ფრიად.

32ხოლო მეორედ ქცევისა მისთჳს ჩუენებისა ფარაოჲსა ორგზის, რამეთუ ჭეშმარიტ იყოს სიტყუაჲ იგი ღმრთისამიერი და ისწრაფოს ღმერთმან ყოფად ესე.

33აწ შენ იხილე კაცი ბრძენი და დაადგინე ყოველსა ქუეყანასა ზედა ეგჳპტისასა.

34და ყავნ ესრეთ ფარაო, დაადგინენინ ადგილთმთავარნი ქუეყანასა ზედა და ხუთეული აღიღეთ ყოვლისაგან ნაყოფისა ქუეყანისა ეგჳპტისა შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა.

35და შეკრიბედ ყოველივე საზრდელი შჳდთა მათ წელთა მომავალთა კეთილთა და შეკრიბედ იფქლი ჴელსა ქუეშე ფარაოსსა, საზრდელი ქალაქთა შინა.

36და დამარხულ იყავნ ქუეყანისათჳს საზრდელი იგი შჳდთა მათთჳს წელთა სიყმილისათა, რომელნი ყოფად არიან ქუეყანასა ეგჳპტისასა, და არა მოისრას ქუეყანა სიყმილითა.

37ხოლო სათნო-უჩნდეს სიტყუანი ესე წინაშე ფარაოჲსა და წინაშე ყოვლისა ერისა მისისა.

38და ჰრქუა ფარაო ყოველთა მონათა თჳსთა: ვინა ვპოოთ ჩუენ სხვაჲ კაცი ესევითარი, რომლისა თანა არს სული ღმრთისაჲ თავისა თჳსისა შორის?

39და ჰრქუა ფარაო იოსებს, რამეთუ გიჩუენა შენ ღმერთმან ესე ყოველი და არა ვინ არს კაცი უბრძნეს შენსა და უგულისხმისმყოფელეს შენსა.

40შენ იყავ სახლსა ზედა ჩემსა და პირსა შენსა ერჩდეს ერი ჩემი, გარნა ხოლო საყდრითა გმატდე მე შენ.

41და ჰრქუა ფარაო იოსებს, აჰა ესერა, დამიდგინებიე შენ დღესითგან ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

42და წარიჴადა ფარაო ბეჭედი ჴელისა თჳსისა და შეაცუა ჴელსა იოსებსა და შეჰმოსეს მას სამოსელი ბისონი და გარდააცუეს მანიაკი ოქროჲსა ყელსა მისსა.

43და აღსუეს იგი ეტლსა შემდგომსა მისსა და ქადაგებდა წინაშე მისსა ქადაგი და დაადგინა იგი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

44და ჰრქუა ფარაო იოსებს: მე, ფარაო, გეტყჳ შენ: თჳნიერ შენსა არავინ აღყოს ჴელი ქუეყანასა ეგჳპტისასა.

45და უწოდა ფარაო სახელი იოსებს ფსომთოფანი და მისცა მას ასენექ, ასული პეტეფრესი, მღდელისა მის მზისქალაქისა, მისა ცოლად.

46იოსებ იყო ოცდაათის წლის, რაჟამს წარდგა წინაშე ფარაოჲსა, მეფისა ეგჳპტელთასა. განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსა და მოვლო ყოველი ეგჳპტე.

47და ყო ქუეყანამან შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა ნაყოფი.

48და შეკრიბა ყოველი საზრდელი შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა, ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა. და დადვა საზრდელი ქალაქთა შინა, საზრდელი ველთა მათ ქალაქისა გარემოთა.

49და დადვა მას შინა. და შეკრიბა იოსებ იფქლი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსა დიდად ფრიად, ვიდრემდე ვერ-ღა-რა ეძლო რაცხვად, რამეთუ არა იყო რიცხუ.

50ხოლო იოსებს ესხნეს ორ ძე, ვიდრე მოწევნადმდე შჳდთა მათ წელთა სიყმილისათა, რომელნი უშვნა ასენექ, ასულმან პეტეფრესმან, მღდელისა მის მზისქალაქისამან.

51და უწოდა სახელი იოსებ პირმშოსა მას მანასე და თქუა: დამავიწყა მე ღმერთმან ყოველი სალმობაჲ ჩემი და ყოველი მამისა ჩემისა.

52და სახელი მეორისა მის უწოდა ეფრემ და თქუა: რამეთუ აღმაორძინა მე ღმერთმან სიმდაბლესა შინა ჩემსა.

53წარჴდეს შჳდნი იგი წელნი ნაყოფიერებისანი, რომელ იყვნეს ქუეყანასა ეგჳპტისასა.

54და იწყეს შჳდთა მათ წელთა სიყმილისათა მოსლვად, ვითარცა-იგი თქუა იოსებ. და იყო სიყმილი ყოველსა ქუეყანასა, და ყოველსა ეგჳპტესა არა იყო პური.

55და შეემშია ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა და ღაღად-ყო ყოველმან ერმან პურისათჳს ფარაოს მიმართ. ჰრქუა ფარაო ყოველთა მეგჳპტელთა: მივედით იოსებისა და რაჲ-იგი გრქუას, იგი-ცა ყავთ.

56და სიყმილი იყო პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა, განახუნა იოსებ ყოველნი იგი იფქლისა საუნჯენი და ჰყიდდა ყოველთა ეგჳპტელთა ზედა.

57და ყოველი სოფლები მოვიდოდა ეგჳპტედ სყიდად იფქლისა იოსებისა, რამეთუ დაიპყრა სიყმილმან ყოველი ქუეყანაჲ.


წინა თავი შემდეგი თავი