მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი შესაქმისაჲ
თავი 34

1გამოვიდა დინა, ასული ლიასი, რომელ უშვა იაკობს, განცდად ასულთა მის სოფლისათა.

2და იხილა იგი სჳქემ, ძემან ემორისმან, ქორეველმან, მთავარმან მის ქუეყანისამან და მიიყვანა იგი მისდა და დაწვა მის თანა და დაამდაბლა იგი.

3და შეეყო სული მისი დინას, ასულსა იაკობისასა, და შეიყუარა ქალი იგი და ეტყოდა გონებისაებრ მისისა.

4მიუგო სჳქემ მამასა თჳსსა და ჰრქუა: მომგუარე მე ყრმაჲ ესე ცოლად.

5იაკობს ესმა, რამეთუ შეაგინა ასული მისი ძემან ემორისმან, დინა, ასული მისი. ხოლო ძენი მისნი იყვნეს საცხოვარსა მისსა თანა ველსა გარე, და დაიდუმა იაკობ ვიდრე მოსლვადმდე მათა.

6გამოვიდა ემორ, მამაჲ სჳქემისაჲ, იაკობისა სიტყუად მისა.

7ხოლო ძენი იაკობისნი მოვიდეს ველით. ვითარცა ესმა ესე, შეწუხნეს იგინი და მწუხარებაჲ იყო მათა დიდად, რამეთუ სარცხჳნელ იქმნა ისრაჱლსა შორის, ვითარმედ დაწვა ასულისა თანა იაკობისა, და არა ეგრე იყოს.

8ეტყოდა მათ ემორ და ჰრქუა: ძემან ჩემმან, სჳქემ, აღირჩია სულითა ასული თქუენი. მოეცით მას იგი ცოლად.

9გუემზახენით ჩუენ და ასულნი თქუენნი მომცენით ჩუენ და ასულნი ჩუენნი მიუთხოენით ძეთა თქუენთა.

10და ჩუენ შორის დაემკჳდრენით, რამეთუ, აჰა ესერა, ქუეყანა ჩუენი ფართო არს წინაშე თქუენსა, დაეშენენით, და ივაჭრებდით მას ზედა და მოიგებდით მას შინა.

11ჰრქუა სჳქემ მამასა მისსა და ძმათა მისთა: ვჰპოებმცა მადლსა თქუენ წინაშე და, რაჲ-იგი სთქუთ, მიგცე.

12განამრავლეთ სათხოველი ფრიად და მიგცე, რაჲცა მრქუათ მე, და მომეცით მე ქალი ესე ცოლად ჩემდა.

13მიუგეს ძეთა იაკობისთა სჳქემს და ემორს, მამასა მისსა, ზაკჳთ, რამეთუ შეაგინა დაჲ იგი მათი, და ეტყოდეს მათ სჳმეონ და ლევი, ძმანი დინასნი, ძენი ლიასნი:

14ვერ ჴელ-გეწიფების სიტყუაჲ ეგე, მიცემად დაჲ ჩუენი კაცსა წინა-დაუცუეთელსა, რამეთუ საყუედრელ არს იგი ჩუენდა.

15ამით მსგავს იყვენით ჩვენდა და დავემკჳდრნეთ თქუენ შორის, უკეთუ იქმნნეთ თქუენ, ვითარცა-ესე ჩუენ ვართ, რათა წინა-დაიცვითოს ყოველმან წულმან თქუენმან,

16მაშინ მიგცნეთ ასულნი ჩუენნი თქუენ და ასულნი თქუენნი მივიყუანნეთ ჩუენდა. და დავიმკჳდროთ თქუენ შორის და ვიყოთ ვითარცა ერთი ნათესავი.

17უკუეთუ არა ისმინოთ ჩუენი, რაჲთამცა წინა-დაიცჳთეთ, წარვიყუანნეთ ასულნი ჩუენნი და წარვიდეთ.

18და სთნდეს სიტყუანი წინაშე ემორისა და წინაშე სჳქემისა, ძისა ემორისა.

19და არღარა ყოვნა ჭაბუკმან მან ყოფად საქმისა ამის, რამეთუ ტრფიალ იყო ასულისა იაკობისა, რამეთუ იგი იყო უდიდებულეს ყოველთა სახლსა შინა მამისა თჳსისასა.

20მოვიდეს ემორ და სჳქემ, ძე მისი, ბჭეთა თანა ქალაქისა მათისათა და ეტყოდეს კაცთა მათ მის ქალაქისათა და ჰრქუეს:

21კაცნი ესე მშჳდობისანი არიან ჩუენ თანა, დაემკჳდრნედ ამას ქუეყანასა და ვაჭრობდედ. ესერა, ქუეყანაჲ ფართო არს წინაშე მათსა. ასულნი მათნი მოვიყუანნეთ ჩუენდა ცოლად და ასულნი ჩუენნი მივსცნეთ მათ.

22გარნა ამით ხოლო ვემსგავსნეთ ჩუენ კაცთა მათ დამკჳდრებად ჩუენ თანა, რათა ვიყვნეთ ვითარცა ერი ერთი წინა-დაცუეთითა მით ჩუენითა ყოველსავე წულსა თანა, ვითარცა-იგი წინა-დაცუეთილ არიან.

23და საცხოვარი მათი და ყოველივე მონაგები მათი ჩუენდა იყოს, გარნა ამით ხოლო ვემსგავსნეთ მათ და დაემკჳდრნენ ჩუენ თანა.

24და ისმინეს ემორისი და სჳქემისი, ძისა მისისაჲ, ყოველთავე გამომავალთა ბჭეთა ზედა მის ქალაქისათა და წინა-დაიცუეთდეს წინა-დაცვეთილებასა მათსა ყოველივე წული.

25და იყო დღესა მესამესა, ვითარ იყვნეს ოდენ სალმობასა შინა. მოიღეს ძეთა იაკობისთა: სჳმეონ და ლევი, ძმათა დინასთა, კაცად-კაცადმან მახჳლი თჳსი და შევიდეს ქალაქად განკრძალულებით და მოსრეს ყოველივე მამაკაცი.

26და ემორ და სჳქემ, ძე მისი, მოსწყჳდეს პირითა მახჳლისათა და გამოიყუანეს დინა, დაჲ მათი, სახლისაგან სჳქემისა და გამოვიდეს.

27ხოლო ძენი იაკობისნი შევიდეს წყლულებასა მას ზედა და აღიჭრეს ყოველივე იგი ქალაქი ამისთჳს, რამეთუ შეაგინეს დინა, დაჲ მათი.

28ცხოვარი და ზროხაჲ მათი, და ვირები მათი, რაოდენი იყო ქალაქსა მას შინა, რაოდენი იყო ველსა ზედა.

29წარმოიღეს ყოველივე დედა-წული მათი და ყოველი ჭურჭელი მათი და ცოლნი მათნი წარმოსტყუენეს, და, რაოდენი-რაჲ იყო სახლებსა შინა, იავარ-ყვეს.

30და ჰრქუა იაკობ სჳმეონს და ლევის: საძულელ მქმენით მე, რათა ვიყო ვითარცა ბოროტი ყოველთა მკჳდრთა შორის ამის ქუეყანისათა, ქანანელთა შორის და ფერეზელთა და მე მცირე ვარ რიცხჳთ და შეკრბენ ჩემ ზედა და მომსრან მე და აღვიჴოცო მე და სახლი ჩემი.

31ხოლო მათ ჰრქუეს: არამედ, ვითარცა მეძავი იჴმიონა დაჲ ჩუენი?


წინა თავი შემდეგი თავი