მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი გამოსლვათაჲ
თავი 22

1უკუეთუ ვინმე მოიპაროს ზუარაკი, ანუ ცხოვარი და დაკლას იგი, ანუ განყიდოს, ხუთნი ზუარაკნი მისცნეს ზუარაკისათჳს და ოთხნი ცხოვარნი ცხოვარისათჳს.

2ხოლო უკუეთუ ნათხარსა შინა იპოოს მპარავი და მოწყლული მოკუდეს, არა არს ესე კაცის-კლვაჲ.

3ხოლო უკუეთუ აღმოჰჴდეს მზე მის შინა, თანა-მდებ არს, მოკუედინ. ხოლო უკუეთუ არა აქუნდეს მას, განისყიდენ იგი ნაცულად ნაპარევისა.

4ხოლო უკუეთუ დაშთეს და იპოოს, ჴელსა შინა მისსა ნაპარევი ვირითგან ვიდრე ცხოვრადმდე, ორ წილად გარდაიჴადოს იგი.

5უკუეთუ ვინმე მოაძოოს აგარაკი, ანუ ვენაჴი, დაუტეოს საცხოვარი თჳსი ძოვნად აგარაკსა სხჳსასა, მისცეს აგარაკისაგან ნაყოფისაებრ მისისა, ხოლო უკუეთუ ყოველი აგარაკისა მოძოოს, ანუ უმჯობესნი აგარაკისა მისისანი, ანუ უკეთესნი ვენაჴისა მისისანი მისცნეს.

6უკუეთუ გამოსრულმან ცეცხლმან პოვნეს ეკალნი და მოწუას კალოჲ, ანუ ჴუვილნი, ანუ ველი, აღმატყინებელმან ცეცხლისამან გარდაიჴადოს.

7უკუეთუ ვინმე მისცეს მოყუასსა ვეცხლი, ანუ ჭურჭელი დასამარხველად და მოპარულ იქმნეს სახლისაგან კაცისა მის, უკუეთუ იპოოს მპარავი, გარდაიჴადოს ორ წილ.

8ხოლო უკუეთუ არა იპოოს მპარავი, შევიდეს უფალი სახლისაჲ წინაშე ღმრთისა და ფუცოს, ვითარმედ მას არა უზაკუავს ყოველსავე დანადებსა ზედა მოყუსისასა

9ყოვლისაებრ სიტყჳსა უსამართლოჲსა ზუარაკისათჳს და კაჰრაულისა და ცხოვრისა და შესამოსლისა და ყოვლისა წარწყმედისა სასარჩლოჲსა მის, რაჲცა რაჲმე იყოს იგი და წინაშე ღმრთისა გამოვიდეს საშჯელი ორთავე და მხილებულმან ღმრთისა მიერ ორწილ მიაგოს მოყუასსა.

10უკუეთუ ვინმე მისცეს მოყუასსა კაჰრაული, ანუ ცხოვარი, ანუ ზუარაკი, ანუ ყოველი საცხოვარი დასამარხველად და მოკუდეს, ანუ დაიმუსროს, ანუ ტყუე იქმნას და ვერვინ ცნას.

11ფიცი ღმრთისაჲ იყოს შორის ორთავე, ვითარმედ მას არა რაჲ უზაკუავს რაჲთურთით დანატეობისა მისთჳს მოყუსისა და ესრეთ შეიწყნაროს იგი უფალმან, არა მისცეს.

12ხოლო უკუეთუ მოიპაროს მის მიერ, უზღოს უფალსა მისსა.

13ხოლო უკუეთუ მჴეცის შესაჭმელ იქმნეს, მიიყუანოს უფალი მისი ნამჴეცავსა მას ზედა და არა უზღოს.

14უკუეთუ ვინმე ითხოოს მოყუსისაგან და დაიმუსროს, ანუ მოკუდეს, ანუ მჴეცის შესაჭმელ იქმნეს, ხოლო უფალი მისი არა იყოს მის თანა, უზღოს მას.

15ხოლო უკუეთუ უფალი მისი მუნ იყოს, არა უზღოს. ხოლო უკუეთუ. მიზდური იყოს, ეყოს მას ნაცულად მიზდისა მისისა.

16უკუეთუ ვინმე შეაცთუნოს ქალწული დაუწინდებელი და დაწვეს მის თანა, მიყვანებით მიიყვანოს იგი თავისა თჳსისა ცოლად.

17ხოლო უკუეთუ განფრთხობით განიფრთხოს და არა ენებოს მამასა მისსა მიცემად მისდა ცოლად, ვეცხლი მისცეს მამასა მისსა, რაოდენი მოღებად არს ქალწულთაგან.

18მწამლველთა არა მიჰხედნეთ.

19ყოველი, რომელი დაწვეს პირუტყჳსა თანა, სიკუდილით მოკუედინ.

20მემსხუერპლე ღმერთთა მოსპოთ თჳნიერ მხოლოჲსა ღმრთისა.

21მწირი არა განაბოროტოთ, არცა აჭირვოთ მას, რამეთუ იყვენით თქუენცა მწირ ქუეყანასა ეგჳპტისასა.

22ყოველი ქურივი და ობოლი არა დაჰქენჯნოთ.

23ხოლო უკუეთუ ქენჯნით დაჰქენჯნნეთ იგინი და იწყონ ჴმობად ჩემდამო, სმენით ვისმინო ჴმისა მათისა.

24და განვრისხნე გულისწყრომით თქუენდა მომართ და მოგწყჳდნე თქუენ მახჳლითა და იყვნენ ცოლნი თქუენნი ქურივ და შვილნი თქუენნი ობოლ.

25უკუეთუ ვეცხლი ისესხოს ძმამან შენგან, რომელი იყოს გლახაკ, არა იყო მაჭირვებელ მისსა, არა დასდვა მას ვახში.

26უკუეთუ წინდად დაიწინდო სამოსელი მოყუასისაჲ, უკენსცე იგი უწინარეს მზის დასლვისა.

27რამეთუ იგი ხოლო მარტო არს შესამოსელი მისი, ესე არს სამოსელი უშუერებისა მისისა, რომლითა დაიძინის და უკუეთუ ჴმა-ყოს ჩემდა მომართ, მე ვისმინო მისი, რამეთუ მოწყალე ვარ.

28ღმერთთათჳს ძჳრი არა სთქუა და მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ძჳრი.

29დასაბამნი კალოსა და საწნეხელისანი არა დააკლნე, პირმშონი ძეთა შენთანი მომცე მე.

30ესრეთ უყო ზუარაკსა შენსა და ცხოვარსა შენსა და კაჰრაულსა შენსა, შჳდღა დღეთა იყოს დედისა თანა, ხოლო დღესა მერვესა მომცე მე იგი.

31და კაცნი წმიდანი იყვნეთ და ჴორცი ნამჴეცავი არა შჭამოთ, ძაღლსა მიუგდოთ იგი.


წინა თავი შემდეგი თავი