მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მესამე მაკაბელთა წიგნი*
თავი 3

1ეს რომ შეიტყო იმ უღვთომ, ისე გამძვინვარდა, რომ უკვე მხოლოდ ალექსანდრიელ იუდაელებზე კი აღარ ბობოქრობდა, არამედ საერთოდ ქვეყნის ყველა მცხოვრებსაც სასტიკად დაუპირისპირდა. ბრძანა, ყველასთვის დაუყონებლივ თავი მოეყარათ ერთ ადგილზე, რომ უსასტიკესი სასჯელით მოესწრაფათ სიცოცხლე.

2სანამ ეს საქმეები გვარდებოდა, კიდევ გავრცელდა მტრული ხმები იუდაელთა ხალხზე მისთვის ავის განმზრახველთა წყალობით, თითქოს იუდაელები მათი კანონების დაცვას არიდებდნენ თავს;

3თუმცა იუდაელები კეთილგანწყობას და ერთგულებას იჩენდნენ მეფისადმი.

4მაგრამ რაკი ისინი თავიანთ ღმერთა ესავენ და რჯულს მისდევენ და გარჩევა აქვთ საჭმელში, ამ მიზეზით სიძულვილით უყურებენ მათ ზოგიერთნი.

5ხოლო სამართლიანი და ქველმოქმედებით შემკობილი იუდაელები ბევრისგან პატივისცემას იმსახურებდნენ;

6მაგრამ მაინც ამ ხალხის სიკეთით სავსე ცხოვრების უცხოტომელნი არაფრად მიიჩნევდნენ;

7ისინი ჭორაობდნკნ მათ ღვთისმსახურებაზე და მათ საჭმელზე, ამტკიცებდნენ, თითქოს არც მეფის, არც მისი ხელისუფლების ერთგულნი არ ყოფილიყვნენ, მტრულად ყოფილიყვნენ მათი საქმეებისადმი განწყობილნი. და ასე განზრახ უვრცელებდნენ მათ ცუდ ხმებს.

8ხოლო ქალაქში მცხოვრებმა ბერძნებმა, რომელთაც იუდაელთაგან ცუდი არ ახსოვდათ, დაინახეს რა მოულოდნელი აღშფოთება მათ წინააღმდეგ და ბრბოების თავმოყრა მათ გარშემო, თუმცა არ შეეძლოთ მათი დახმარება, რადგან სამეფო განკარგულებას გვერდს ვერ აუქცევდნენ, მაინც ცდილობდნენ მათ ნუგეშისცემას, სწუხდნენ და იმედოვნებდნენ, რომ შეიცვლებოდა ვითარება.

9რადგან არ ეგებოდა ამდენი უდანაშაულო ხალხის მიტოვება ბედის ანაბარა.

10თუმცა ზოგიერთი მათი მეზობელი და მეგობარი, ვისაც მათთან საქმე აკავშირებდა, ფარულად იღებდა ზოგიერთ მათგანს და აღუთქვამდა, რომ ყველაუერს იღონებდა მათ დასაცავად.

11ხოლო მეფემ თავისი კეთილდღეობით გათავხედებულმა, არაფრად რომ არ აგდებდა უზენაესი ღმერთის ძალას და დაბეჯითებით განიზრახავდა ჩანაფიქრის განხორციელებას, ასეთი წერილი დაწერა მათ მიმართ:

12მეფე პტოლემეოს ფილოპატორი თავის სარდლებსა და ჯარისკაცებს ეგვიპტეში და მის ყველა ადგილას ესალმება და ჯანმრთელობას უსურვებს.

13კარგად ვარ და ჩვენი საქმეებიც კარგად მიდის.

14აზიაში ჩვენი ლაშქრობთს დროს, სადაც თქვენც უწყით, ღმერთთა მოულოდნელი შეწევნით, წარმატებით აღვასრულეთ განზრახული,

15ჩვენ არა იარაღის ძალით, არამედ მოწყალებითა და დიდი კაცთმოყვარეობით ვზრუნავდით კოილეს სირიის მოსახლეობაზე და ვცდილობდით ფინიკიის ხალხებსაც კეთილად მოვქცეოდით.

16ქალაქთა საწმიდარებს მრავლად შევწირეთ დიდძალი ქონება და ასე მივადექით იერუსალიმს, ავედით ამ უკეთური და უგუნურებაში დაუოკებელი ხალხის საწმიდარის პატივსაცემად.

17სიტყვით კი მიგვიღეს, მაგრამ საქმით მზაკვრულად მოგვექცნენ. როცა მოვისურვეთ მათ ტაძარში საკადრისი და ღირსეული შესაწირით შესვლა, რათა პატივი გვეცა მისთვის,

18თავხედურად მოგვივარდნენ და შესასვლელი გადაგვიკეტეს. ჩეენ კი არც გვიფიქრია, ძალისათვის მიგვემართა იმ კაცთმოყვარეობის გამო, რომელსაც ყველასადმი ვიჩენთ.

19ჩვენდამი აშკარა მტრობის გამოჩენით ერთადერთი ეს ხალხი შეიქნა ყველა ხალხს შორის, რომელიც გაუდიდგულდა მეფეებსა და თავიანთ კეთილისმყოფელთ და არ სურთ კეთილშობილურად იქცეოდნენ.

20მაგრამ ჩვენ არ ავყევით მათ უგუნურებას და გამარჯვებით დაბრუნებულებმა ეგვიპტეშიც კი შესაფერისი კაცთმოყვარეობა გამოვიჩინეთ, როგორც ყოველი ხალხის მიმართ ვიქცევით,

21ამასთან ერთად ჩვენ გამოვუცხადეთ ყველას, რომ ვივიწყებთ ყველაფერს ცუდს, რაც მათ თანამემამულეთაგან გვინახავს; რადგან ჩვენს მოკავშირეებად მიგვაჩნია თავიდანვე. ერთი ცვლილებაც კი გავბედეთ: გადავწყვიტეთ ალექსანდრიის მოქალაქეობის ღირსად და ჩვენი სიწმიდეების მუდმივ თანაზიარად გაგვეხადა ისინი.

22მათ კი თანდაყოლილი სიავის მიზეზით უკუღმა მიიღეს ეს ყოველივე, უარყვეს სიკეთე და, სულმუდამ მზაკვრობებისკენ მიდრეკილებმა,

23არა თუ არ იკადრეს ეს დაუფასებელი მოქალაქეობა, არამედ მეტიც: საჯაროდ თუ დაფარულად გაწყვიტეს კავშირი იმ თანამემამულეებთან, ვინც ჩვენდამი გულითადად იყვნენ განწყობილნი; მათ იდუმალ სჯერათ, რომ მათი სამარცხვინო ცხოვრება მალე შეგვაცვლევინებს ჩვენს წესრიგს.

24ამიტომ ჩვენ საკმარისი მაგალითი გვაქვს იმისათვის, რომ დარწმუნებული ვიყოთ მათ ყოვლად მტრულ განწყობილებაში ჩვენდამი; და თუ ჩვენს წინააღმდეგ უეცრად სადმე ჯანყი ატყდება, გვეცოდინება, რომ ზურგს უკან ეს გამყიდველი და ბარბაროსი ხალხი გვყავს.

25ამიტომ განკარგულებას ვიძლევით: როგორც კი ამ წერილს მიიღებთ, თავიანთი ცოლ-შვილითურთ წარმოასხით ჩვენთან ისინი, რკინის ბორკილდადებულნი, ტანჯვითა და შეურაცხებით, რათა სამარცხვინო სიკვდილი დაიმსახურონ, როგორც მტრებს შეჰფერით.

26რადგან თუ დასჯილნი გვეყოლებიან ყველანი, მომავალში კარგად წაგვივა სახელმწიფო საქმები და წესრიგი დაგვიმყარდება.

27და თუ ვინმე შეიფარებს იუდაელს - მოხუცებულს თუ ბავშვს, ჩვილსაც კი, სამარცხვინო წამებით ამოხდება სული მას და მთელს მის ოჯახს.

28ხოლო ვინც მოისურვებს, რამე შეგვატყობინოს, ჯილდოდ მიილებს დასჯილის ჩამორთმეულ ქონებას, ორიათას დრაქმას მეფის ხაზინიდან და თავისუფლებას.

29ყოველი ადგილი კი, სადაც იპოვნიან თავშეფარებულ იუდაელს, განადგურდეს და გადაიბუგოს, რომ მოკვდავთათვის ყოვლად გამოუსადეგარი იყოს სამუდამოდ.

30ასეთი იყო მეფის წერილი.


წინა თავი შემდეგი თავი