მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მესამე მეფეთა წიგნი
თავი 13

1და, აჰა, კაცი ღმრთისა მიიწია იუდათ სიტყჳთა უფლისათა ბეთელად, და იერობუამ დგა ზედა საკურთხეველსა მას შეწირვად.

2და ჴმა-უყო საკურთხეველსა მას სიტყჳთა უფლისათა და თქუა: საკურთხეველო, საკუთრხეველო, ესრე იტყჳს უფალი: აჰა, ძე იშვეს სახლსა მას დავითისასა, იოსია სახელი მისი. და შეიწირნეს შენ ზედა ქურუმნი ეგე მაღალთა მათგან, რომელნი შესწირვენ შენ ზედა და ძვალნი კაცთანი დაწუნენ შენ ზედა.

3და მისცა მას დღესა სასწაული და თქუა: ესე სასწაული იყოს, რომელსა იტყოდა უფალი და თქუა: აჰა, საკურთხეველი ეგე განიპოს და დაინთხიოს სიპოხე ეგე, რომელ არს მაგისა ზედა.

4და იყო, ვითარცა ესმა მეფესა იერობუამს სიტყუაჲ იგი და ჴმაჲ კაცისა მის ღმრთისა ზედა საკურთხეველსა მას ბეთელს, მიჰყო მეფემან ჴელი თჳსი საკურთხეველისა მისგან და თქუა: შეიპყართ ეგე! და განჴმა ჴელი იგი, რომელ მიეყო მისა და ვერ უკუნიდრიკა თჳსვე.

5და საკურთხეველი იგი განიპო და დაითხია სიპოხე იგი, რომელ იყო ზედა საკურთხეველსა მას მსგავსად სასწაულისა მის, რომელ მოასწავა კაცმან ღმრთისამან სიტყჳთა უფლისათა.

6და ჰრქუა მეფემან იერობუამ კაცსა მას ღმრთისასა: ევედრე პირსა უფლისა ღმრთისა შენისასა და ილოცე ჩემთჳს, და მოაქციოს ჴელი ჩემი ჩემდავე. და ილოცა კაცმან მან ღმრთისამან წინაშე უფლისა და მოიქცა ჴელი მეფისა მისავე და იქმნა, ვითარცა-იგი პირველ.

7და ეტყოდა მეფე კაცსა მას ღმრთისასა და ჰრქვა: შემოვედ ჩემ თანა სახიდ და ჭამე და მიგცე შენ ნიჭი.

8და ჰრქუა კაცმან მან ღმრთისამან მეფესა: დაღათუ მომცე ზოგი სახლისა შენისა, არა შევიდე შენ თანა და არა ვჭამო პური და არცა ვსუა წყალი ადგილსა ამას.

9რამეთუ ესრე მამცნო მე უფალმან სიტყჳთა და მრქვა: არა სჭამო პური და არცა სუა წყალი და არცა მიიქცე მასვე გზასა, რომელსაცა მიხვედ.

10და წარვიდა სხჳთ გზით და არა მიიქცა მასვე გზასა, რომელსაცა მივიდა ბეთელად.

11და წინაწარმეტყუელი ერთი მოხუცებული დამკჳდრებულ იყო ბეთელს. და შევიდეს და უთხრეს მას ძეთა მისთა ყოველი იგი საქმე, რომელ ყო კაცმან მან ღმრთისამან მას დღესა შინა ბეთელს და სიტყუანი იგი, რომელთა ეტყოდა მეფესა, და მოაქციეს პირი მამისა მის თჳსისა.

12და ეტყოდა მათ მამა იგი მათი და ჰრქვა: რომელსა გზასა წარვიდა? და უჩუენეს მას ძეთა მათ მისთა გზა იგი, რომელსა წარვიდა კაცი იგი ღმრთისა, რომელ მოსრულ იყო იუდად.

13და ჰრქუა ძეთა მათ: დასხენით ვირსა. და დასხნეს ვირსა და დაჯდა მას ზედა.

14და წარვიდა კვალსა კაცისა მის ღმრთისა და პოვა იგი მჯდომარე მუხასა ქუეშე და ჰრქუა მას: შენ ხარ კაცი იგი ღმრთისა მოსული იუდაჲსით? და თქუა: მე ვარ.

15და ჰრქუა მას: მოვედ ჩემ თანა სახიდ და ჭამე პური.

16და ჰრქუა მას: ვერ მივიქცე და ვერცა მივიდე შენ თანა და არა ვჭამო პური და არცა ვსვა წყალი ადგილსა ამას.

17რამეთუ ეგრეთ ბრძანებულ არს ჩემდა სიტყჳთა უფლისათა და მრქუა: არა სჭამო მუნ პური და არცა სუა წყალი და არცა მიაქციო მასვე გზასა, რომელსაცა მიხჳდე.

18და ჰრქუა მას: მეცა წინაწარმეტყუელივე ვარ, ვითარცა-ეგე შენ და ანგელოზი უფლისა მეტყოდა მე სიტყჳთა უფლისათა და მრქუა: მოაქციე ეგე შენ თანა სახიდ შენდა, ჭამოს პური და სვას წყალი. და უტყუა მას.

19და მიაქცია იგი და ჭამა პური მისსა სახლსა და სუა წყალი.

20და იყო, ვიდრე სხდეს იგინი ტაბლასა მას ზედა, იყო სიტყუაჲ უფლისა წინაწარმეტყუელისა მის, რომელმან მიაქცია იგი.

21და ეტყოდა კაცსა მას ღმრთისასა, მოსრულსა იუდით, და ჰრქუა: ესრე იტყჳს უფალი: ამისთჳს, რამეთუ განამწარე შენ სიტყუაჲ იგი უფლისა და არა დაიმარხე შენ მცნება იგი, რომელ გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან,

22და მიიქეც და სჭამე პური და სვი წყალი ადგილსა მაგას, რომლისა გრქვა შენ: არა სჭამო პური და არა სვა წყალი, არა დაისხნენ ჴორცნი შენნი საფლავსა მამათა შენთა თანა.

23და იყო, შემდგომად ჭამისა მის პურისა და წყლისა სმისა დასხნა ვირსა წინასწარმეტყუელისასა მის და მიიქცა და წარვიდა.

24და პოვა იგი ლომმან გზასა მას და მოკლა იგი და იყუნეს ჴორცნი მისნი დაგდებულ გზასა მას, და ვირი იგი დგა მის თანა და ლომი იგი დგა ჴორცთა მათ მისთა თანა.

25და, აჰა, კაცთა წარმავალთა იხილეს მკუდარი იგი დაგდებული გზასა მას, და ლომი იგი დგა მკუდარსა მას თანა, და შევიდეს და უთხრეს ქალაქსა მას, რომელსა შინა დამკჳდრებულ იყო წინაწარმეტყუელი იგი მოხუცებული.

26ვითარცა ესმა, რომელმან მიაქცია იგი გზისა მისგან, თქუა: იგი კაცი ღმრთისა არს, რომელმან განამწარა სიტყუაჲ იგი უფლისა და მისცა უფალმან ლომსა მას და განტეხა იგი და მოაკუდინა მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა ეტყოდა მას.

27და ჰრქუა ძეთა მათ თჳსთა: დასხენით ვირსა მას! და დასხნეს.

28და წარვიდა და პოვნა ჴორცნი მისნი დაგდებულ გზასა მას, და ვირი იგი, და ლომი დგა ჴორცთა მისთა თანა, და არა შეახო ლომმან მან ჴორცთა მათ კაცისა მის ღმრთისათა და არცა განხეთქა ვირი იგი.

29და აღიხუნა წინაწარმეტყუელმან ჴორცნი იგი კაცისა მის ღმრთისანი და დადვა იგი ზედა ვირსა მას, და წარიღო იგი ქალაქად თჳსა მოხუცებულმან მან წინაწარმეტყუელმან ტყებად და დაფლვად იგი.

30და დადვა საფლავსა თჳსსა და დააყუდა მძორი მისი. და ეტყებდეს მას და იტყოდეს: ვაჲ, ძმაო.

31და იყო, შემდგომად ტყებისა მის ეტყოდა ძეთა მათ თჳსთა და ჰრქუა: ოდეს მოვკუდე, დამმარხეთ მე საფლავსა ამას, სადა დაეფლა კაცი ესე ღმრთისა, ძვალთა მაგისთა თანა დამდევით მე, რამეთუ ყოფით იყოს, რათა განერნენ ძვალნი ჩემნი ძვალთა მაგისთა თანა.

32რამეთუ აღესრულოს ყოველი იგი, რომელსა იტყოდა სიტყჳთა უფლისათა ზედა საკურთხეველსა მას ბეთელსა და ზედა სახლთა მათ მაღალთასა, რომელ არიან სამარიას.

33და შემდგომად ამათ სიტყუათა არა მოაქცია იერობუამ უკეთურებათაგან თჳსთა და მერმეცა განნაწილნა ერისა მისგან ქურუმნი მაღალთა მათ და რომელსა უნებნ, აღივსნის ჴელნი მისნი და იქმნის ქურუმ მაღალთა მათ.

34და ექმნა სიტყუაჲ იგი ცოდვა სახლსა მას იერობუამისსა მოსასრველად და განსარყუნელად პირისაგან ქუეყანისა.


წინა თავი შემდეგი თავი