მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე მაკაბელთა წიგნი*
თავი 15

1ხოლო ნიკანორმა გაიგო, რომ იუდა და მისი თანამებრძოლნი სამარიას მიდამოებში იმყოფებოდნენ და განიზრასა თავს დასხმოდა მათ მოულოდნელად, შესვენების დღეს.

2იუდაელები, ვინც იძულებით თან ახლდა მას, ეუბნებოდნენ: ნუ ამოწყვეტ მათ ასე სასტიკად და არაადამიანურად, პატივი მიაგე ყოვლისმხილველის მიერ ნაკურთხ დღეს.

3მაშინ ამ უწმიდურმა იკითხა: არსებობს კი მეუფე ცაში, შაბათების აღნიშვნა ვინც განაწესა?

4როცა განუცხადეს: არის ცოცხალი ღმერთი, ზეციური მეუფე, ვინც გვიბრძანა დავიცვათ მეშვიდე დღე,

5მან უპასუხა: მე კი, მიწიერი მეუფე, გიბრძანებთ, აისხათ იარაღი და შეასრულოთ, რასაც მეფე გიბრძანებთ. მაგრამ ვერ მოახერხა განზრახულის განხორციელება.

6ნიკანორმა, ქედმაღლობითა და კადნიერებით თავგასულმა, განიზრახა იუდაზე და მის მომხრეებზე საბოლოო გამარჯვება ეზეიმა.

7ხოლო მაკაბელს ღვთის შეწევნის შეურყეველი იმედი ასაზრდოებდა,

8იგი თავის ხალხს მოუწოდებდა, წარმართების შემოტევას არ შეშინებოდნენ, გაეხსენებინათ ზეციური თანადგომის უწინდელი შემთხვევები და კვლავაც ჰქონებოდათ გამარჯვებისა და ყოვლისმპყრობელის შემწეობის მოლოდინი.

9ამხნევებდა რჯულისა და წინასწარმეტყველთა კანონებით, ახსენებდა თვითონ მათ მიერვე ჩადენილ გმირობებს და ვაჟკაცობისთვის აღანთებდა მათ.

10ამასთან, უღვივებდა რა საბრძოლო სულისკვეთებას, წარმართთა ვერაგობასა და ფიცის გატეხვასაც აუწყებდა თავისიანებს.

11და აღჭურვა ისინი არა იმდენად მტკიცე ფარებითა და შუბებით, რამდენადაც გამამხნევებელი კეთილი მოწოდებებით, და ყველანი გაახარა, როცა ღირსასახდენი სიზმარიც უამბო.

12ხილვა კი, რომელიც მას მოევლინა, ასეთი იყო: ონია, ყოფილი მღვდელმთაეარი, ღირსებითა და სიკეთით შემკული კაცი, სიტყვა-პასუხში მოკრძალებული, მშვიდი საქციელითაც და მეტყველებითაც, კაცი, რომელიც სიყრმიდანვე ხარბად ითვისებდა ყოველგვარ სათნოებას, ხელაპყრობილი ლოცულობდა მთელი იუდაელი ხალხისათვის.

13შემდეგ გამოეცხადა მაკაბელს სხვა კაცი, ჭაღარითა და დიდებით შემკული, უცხო და უჩვეულო დიდებულებით გარემოსილი.

14და თქვა ონიამ: ეს არის კაცი, ძმათა მოყვარული, ვინც ბევრს ლოცულობს ხალხისა და წმიდა ქალაქისთვის - იერემია, უფლის წინასწარმეტყველი.

15იერემიამ კი გაიწვდინა მარჯვენა, გადასცა იუდას ოქროს მახვილი და გადაცემისას უთხრა:

16აიღე ეს წმიდა მახვილი, ღვთისგან მოძღვნილი, ამით დასძლევ მტრებს.

17ხალხმაც, გამხნევებულმა იუდას მშვენიერი და შთამბეჭდავი სიტყვით, მებრძოლებს - გმირობისკენ, ახალგაზრდებს კი ვაჟკაცობისკენ რომ მოუწოდებდა, გადაწყვიტა კი არ დაბანაკებულიყო, არამედ იერიში მიეგანა მტერზე და მთელი სიმამაცით ჩაბმულიყო ბრძოლაში, რადგან ქალაქსა და წმიდა ტაძარს საფრთხე ემუქრებოდა.

18ქალებისა და ბავშვების, ძმებისა და ნათესავების ბედი მათ ნაკლებად აწუხებდათ, უფრო მეტად ღვთივკურთხეული ტაძრისთვის ზრუნავდნენ.

19ხოლო ვინც ქალაქში დარჩა, არც მათ ჰქონდათ ნაკლები სადარდელი, რადგან ბრძოლის ბედი აწუხებდათ, რომელიც მინდვრად იყო გაჩაღებული.

20და როცა ყველანი უკვე მოელოდნენ, რომ საქმე გადაწყდებოდა, როცა მტრები გაერთიანდნენ და მეომრებიც მწყობრად განალაგეს, კუთვნილი ადგილი მიუჩინეს სპილოებს და აქეთ-იქით ცხენოსნები ამოუყენეს,

21მაკაბელმა შეხედა საიერიშოდ გამზადებულ მრავალრიცხოვან ლაშქარს, საჭურველთა სიჭრელეს და მხეცების მძვინვარებას, ცისკენ აღაპყრო ხელები და მოუხმო უფალს, სასწაულთმოქმედს და ყოვლისმხილველს, რაკი იცოდა, რომ იარაღით კი არ მოიხვეჭება გამარჯვება, არამედ უფალი თავისი არჩევანით ანიჭებს გამარჯვებას ღირსეულთ.

22ამას ამბობდა მავედრებელი; შენ, მეუფეო, ანგელოზი მოუვლინე ხიზკიას, იუდას მეფეს, და შემუსრა მან სანქერიბის ჯარი - ასოთხმოცდახუთიათასი კაცი.

23ახლაც, ზეცათა განმგებელო, მოგვივლინე კეთილი ანგელოზი, წინ რომ გაგვიძღვეს და შიშის ზარი და ძრწოლა მოჰგვაროს მტერს.

24შენი მკლავის სიძლიერით დაამხე შენს წმიდა ხალხზე აღმდგარი მკრეხელები. ამ სიტყვებით დაამთავრა მან თავისი ლოცვა.

25საყვირებითა და საბრძოლო ყიჟინით მოდიოდა ნიკანორის ჯარი.

26იუდას ხალხი კი ღვთის მოხმობით და ლოცვებით ეკვეთა მტერს.

27მარჯვენა ბრძოლისთვის, გული კი ღვთისთვის ლოცვად ჰქონდათ გადადებული. ასე, ღვთიური გამოცხადების ხილვით დიდად გახალისებულებმა გაანადგურეს სულ ცოტა ოცდათხუთმეტი ათასი კაცი.

28როცა აღასრულეს საქმე და სიხარულით შემობრუნდნენ, შეიტყეს, რომ ნიკანორი ბრძოლაში დაღუპულიყო თავისი სრული აღჭურვილობით.

29ყიჟინა და ხმაური რომ ჩაცხრა, სამადლობელი აღუვლინეს უფალს თავიანთ მამა-პაპათა ენაზე.

30მაშინ იუდამ, სულითა და ხორცით თავის ხალხზე გადაგებულმა, ვისაც მთელი თავისი ახალგაზრდული კეთილგონიერება თვისტომებისთვის ჰქონდა შემონახული, ბრძანა, ნიკანორისთვის თავი და მკლავი მოეკვეთათ და იერუსალიმში წაეღოთ.

31რომ მივიდა, მოიხმო თვისტომები და სამსხვერპლოს წინ მღვდლები დააყენა, გააგზავნა ხალხი სიმაგრეთა დამცველთათვის ამბის საუწყებლად, ციხე-სიმაგრის დამცველებიც გამოიხმო თავისთან.

32და როდესაც ყველას უჩვენა უწმიდური ნიკანორის თავი და უღვთოს ხელი, რომელსაც იგი, თავგასული, ყოვლისმპყრობელის წმიდა სახლისკენ იწვდიდა,

33ბრძანა ამოეკვეთათ უწმიდური ნიკანორისთვის ენა, ნაწილ-ნაწილ აეკუწათ და ჩიტებისთვის მიეგდოთ, უგუნურის მკლავი კი ტაძრის წინ დაეკიდათ.

34და ყველანი, ცისკენ თვალაპყრობილნი, განადიდებდნენ უფალს, მათ რომ გამოეცხადა, და ამბობდნენ: კურთხეულ იყოს, რომელმაც დაიცვა შეურყვნელად თავისი ადგილი.

35და მან ციხიდან გადმოკიდა ნიკანორის თავი, როგორც ცხადი და თვალსაჩინო ნიშანი ღვთიური შეწევნისა.

36საყოველთაო კენჭისყრით დაადგინეს, რომ არ დარჩეს აღუნიშნავი, მეთორმეტე თვის მეცამეტე დღე გამოცხადდეს დღესასწაულად. სირიულ ენაზე ამ დღეს ეწოდებოდა ადარ, მორდეხაის დღეს ერთი დღით უსწრებს წინ.

37ასე აღსრულდა ნიკანორის საქმენი. ამიერიდან ებრაელებმა დაიმკვიდრეს ქალაქი, მეც ამით დავასრულებ სათქმელს.

38თუ მწყობრად და გონივრულად დავალაგე სიტყვა, მეც ეს მინდოდა. როგორც შემეძლო, ისე ვქმენ და თუ მწირად და უღიმღამოდ გამომივიდა, ის ვქმენ, რაც ძალმედვა.

39ღვინოც ხომ, გაუზავებელს თუ დალევ, მავნეა. ასევე მავნეა მარტო წყალიც. მაგრამ კარგია ღვინო, წყალს შეზავებული; სიამოვნებისა და მადლის მომგვრელი და სიტყვის ჯეროვანი წყობაც თავისი წყობით გვანიჭებს მადლს. აქ იყოს ამბის დასასრული.


წინა თავი