მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე მაკაბელთა წიგნი*
თავი 7

1ასევე შეიპყრეს შვიდი ძმაც დედასთან ერთად და მათაც აიძულებდა მეფე ეჭამათ რჯულით აკრძალული ღორის ხორცი, ემუქრებოდა შოლტებითა და ძარღვებით წამებას.

2და როცა ერთ-ერთი მათგანი გამოვიდა საპასუხოდ და თქვა, რა გინდა შეგვეკითხო და რას მოელი ჩვენგან პასუხად? უმალ მოვკვდებით, ვიდრე მამაპაპეულ რჯულს დავარღვვვდეთო,

3მეფე გაბოროტდა და ტაფებისა და ქვაბების გახურება ბრძანა.

4როგორც კი ტაფებსა და ქვაბებს ცეცხლი შეუნთეს, ბრძანა, მოპასუხისათვის დედისა და ძმების თვალწინ ენა ამოეკვეთათ, ტყავი გაეძროთ და ოთხში ამოეღოთ.

5სრულიად უმწეოქმნილი, მაგრამ ჯერ კიდევ მფეთქავი, მეფის ბრძანებით, კოცონთან მიიყვანეს და გახურებულ ტაფაზე დასვეს. როცა ტახტიდან ზრქელი ოხშივარი ამოვარდა, ისინი დედასთან ერთად ერთმანეთს ამხნევებდნენ, ღირსეულად შეხვედროდნენ სიკვდილს, ამბობდნენ:

6უფალი ღმერთი მოგვხედავს და შეგვიწყალებს ჩვენ, როგორც განაცხადა მოსემ თავის გალობაში: უფალი შეიწყალებს თავის მორჩილთო, ხალხის წინაშე.

7ამ წამებაში რომ აღესრულა პირველი ძმა, ახლა მეორე გამოიყვანეს შესაგინებლად; თავზე ტყავს აძრობდნენ თმებიანად და თან ეუბნებოდნენ: ჭამა არ გირჩევნია ოთხში ამოღებას?

8მან კი მშობლიურ ენაზე უბასუხა: არა. ამიტომ მანაც პირველის მსგავსად მიიღო სატანჯველი.

9სულს რომ ღაფავდა, თქვა: შენ, ამქვეყნიური ცხოვრებისგან გვათავისუფლებ, მტარვალო, სამყაროს მეუფე კი მისი რჯულისთვის დაღუპულთ საუკუნო სიცოცხლისთვის აღგვადგენს.

10ამის შემდეგ მესამეს მიადგნენ და, როგორც კი უბრძანეს, ენა გამოეყო, მაშინვე გამოყო, ხელებიც უშიშრად გაუწვდინა.

11და ვაჟკაცურად თქვა: ცამ მომმადლა ესენი და დაუნანებლად ვწირავ რჯულისთვის იმ იმედით, რომ მისგანვე მივიღებ უკან.

12მეფეც და მისი ამალაც გაოცებულნი იყვნენ ყმაწვილის ასეთი ვაჟკაცობით; არაფრად არ ჩაუგდია ტანჯვა-წამება.

13ესეც რომ აღესრულა, მეოთხე ყრმაც ასევე გვემეს და აწამეს.

14მან აღსასრულის წინ თქვა: კაცთაგან მოკლულს სანეტაროდ მიჩანს ღმერთზე დანდობა, რადგან ისევ აღმადგენს, შენ კი არ გეღირსება ცოცხლად აღდგომა.

15მოიყვანეს მეხუთეც და დაუწყეს წამება.

16მან კი მეფეს შეხედა და თქვა: შენს ხელთაა უფლება, რაცა გსურს ის დამართო მოკვდავმა ადამიანებს. მაგრამ ნუ გგონია, რომ ჩვენს მოდგმას გაწირავს ღმერთი.

17შენ კი, ცოტაც და, იხილავ როგორ გაგტანჯავთ მისი ძლევამოსილება შენ და შენს შთამომავლობას.

18შემდეგ მოიყვანეს მეექვსე, რომელმაც სიკვდილის წინ ესა თქვა: ძმაო, ნუ იტყუებ თავს, ჩვენ ხომ თვითონვე მივიზღავთ წამებას, რადგან ჩვენს ღმერთს შევცოდეთ. ამიტომაც ხდება საკვირველი ამბები.

19შენ კი, ნუ გგონია დაუსჯელი დარჩე, ღმერთთან ბრძოლა რომ გაგიმართავს.

20მათი დედა საკვირველი და ღირსსახსენებელი ქალი, მოწმე ერთ დღეს შვიდივე შვილის დაღუპვისა, უფლის იმედით დიდსულოვნად ითმენდა ამ უბედურებას.

21თითოეულ მათგანს მამაპაპური ხმით ამხნევებდა და ქალურ განსჯას კაცური სულით განამტკიცებდა, ეუბნებოდა:

22მე არ ვიცი, როგორ გაჩნდით ჩემს წიაღში, სუნთქვა და სიცოცხლე თქვენთვის მე არ მომიცია; მე არ შემინივთებია თითოეული თქვენგანის აღნაქვსი.

23ამიტომ ისევ ქვეყნის შემოქმედი, რომელმაც გამოსახა ადამიანის დასაბამი და ყოველი ქმნილების საწყისი, მოგმადლებთ კვლავ მოწყალებით სულსა და სიცოცხლეს, რადგან მისი რჯულისთვის გასწირეთ ახლა თქვენი თავი.

24ხოლო ანტიოქოსმა, რაკი იფიქრა, რომ იგი ეზიზღებათ და ეს ნათქვამიც თავის გაკიცხვად მიიჩნია, ცოცხლად დარჩენილ უმცროს შვილს არა მარტო სიტყვით, არამედ ფიცითაც აღუთქვა, რომ გაამდიდრებდა და გააბედნიერებდა, ოღონდ მამა-პაპის რჯული უარეყო, თან პირდებოდა, რომ დაიმეგობრებდა და სახელმწიფო საქმეებსაც მიანდობდა.

25როცა ყმაწვილმა არაფრად ჩააგდო მისი ნათქვამი, მეფემ დედა მოიხმო და ურჩევდა მას, დაეყოლიებინა შვილი, რომ თავი გადაერჩინა.

26ბევრი რჩევის შემდეგ, იგი დათანხმდა დაერწმუნებინა შვილი.

27დაიხარა მისკენ და სასტიკი ჯალათის მიმართ დაცინვით ეს თქვა მშობლიურ ენაზე: შვილო, შემიბრალე მე, რომელიც ცხრა თვე მუცლით გატარებდი, სამი წელი ძუძუს გაწოვებდი და აქამდე გამოგზარდე.

28გთხოვ, შგილო, შეხედე ცასა და დედამიწას და ყოველივეს, რაც მასზეა, მიხვდები, რომ არსებულისგან არ შეუქმნია ეს ყველაფერი ღმერთს, და რომ ასევეა შექმნილი ადამიანთა მოდგმაც.

29ნუ შეუშინდები ამ ჯალათს, იყავი შენი ძმების ღირსი და შეეგებე სიკვდილს, რომ ღვთის მადლით შენს ძმებთან ერთად კვლავ მოგიპოვო.

30კიდევაც აგრძელებდა იგი სათქმელს, როცა ყმაწვილმა თქვა: რაღას უცდით? მე არ ვემორჩილები მეფის ბრძანებას, არამედ ვემორჩილები რჯულს, რომელიც მოსეს ხელით გადმოეცა ჩვენს მამა-პაპას.

31შენ კი, ებრაელთათვის ყოველივე ბოროტის განმზრახველო, ვერ გაექცევი ღვთის ხელს.

32რადგან ჩვენ ჩვენი შეცოდებების გამო ვეწამებით,

33და თუ მოკლე ხნით მრისხანებს ჩვენზე ცოცხალი უფალი ჩვენი მხილებისა და გაწრთვნის მიზნით, კვლავ შეურიგდება თავის მორჩილთ.

34შენ კი, უწმიდურო და უბილწესო კაცთა შორის, ტყუილად ნუ ზეობ და ფუჭი იმედით ნუ იკვეხნი, ხელი რომ აღგიმართავს ცის შვილთა წინააღმდეგ,

35რადგან ჯერ არ დაგიღწევია თავი ყოვლადძლიერი და ყოვლისმხილველი ღმერთის სამსჯავროსათვის.

36ახლა ხომ ჩვენი ძმები მცირე ხნის წამების შემდეგ ღვთის აღთქმულ მარადიულ ცხოვრებას ეწიენ. შენ კი კადნიერებისათვის ღვთის მსჯავრით საკადრისი სასჯელი მოგეზღვება.

37მეც ჩემი ძმების მსგავსად სხეულსა და სულს ვუძღვნი მამაპაპეულ რჯულს; ვევედრები ღმერთს, რათა მალე მოიღოს მოწყალება ჩვენს ხალხზე; შენ კი სასჯელითა და გვემით დაგარწმუნოს, რომ მარტოოდენ ის არის ღმერთი,

38დაე, ჩემსა და ჩემს ძმებზე შეჩერდეს ყოვლადძლიერის რისხვა, სამართლიანად რომ მოევლინა მთელს ჩვენს მოდგმას.

39მაშინ განრისხებულმა მეფემ ბრძანა, სხვებზე უფრო სასტიკი წამებით ამოეხადათ ამ ყმაწვილისთვის სული.

40ამანაც ასე წმინდად აღასრულა სიცოცხლე, მთლიანად ღმერთს მინდობილმა.

41ბოლოს, შვილების შემდეგ დედაც აღესრულა.

42ეს კმაროდეს სათქმელად მსხვერპლის ჭამისა და თავს დატეხილ უბედურებათა შესახებ.


წინა თავი შემდეგი თავი