მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე მაკაბელთა წიგნი*
თავი 2

1მოიძებნა იერემიას ჩანაწერები, სადაც წინასწარმეტყველი უბრძანებს გადმოსახლებულთ, აიღონ ცეცხლი, რაც ზემოთაც იყო აღნიშნული,

2და რჯულს აძლევს და უანდერძებს წინასწარმეტყველი გადმოსახლებულთ, არ დაივიწყონ უფლის მცნებები და არ აერიოთ გონება მაცთუნებელი სანახაობით - ოქროსა და ვერცხლის კერპებით და მათზე ჩამოკიდებული სამკაულებით.

3სხვასაც ბრძანებდა, ამის მსგავსს, მოძღვრავდა გადმოსახლებულთ, რათა არ განდგომოდა რჯულს მათი გული.

4წერილი გვაუწყებს, რომ წინასწარმეტყველს, უფლის შთაგონებით, კარვისა და კიდობნისათვის უბრძანებია, მას გაჰყოლოდნენ, როცა მთისკენ გაემართა, საიდანაც მოსემ უფლის წილხვედრი იხილა.

5მივიდა იქ იერემია და იპოვა გამოქვაბული და შიგ შეიტანა კარავი, კიდობანი და საკურთხეველი, და დაბეჭდა შესასვლელი.

6როცა მის კვალზე აქ მოვიდნეხ ზოგიერთნი მის თანმხლებ პირთაგან, რომ მოენიშნათ გზა, ვერ იპოვეს ის ადგილი.

7როცა გაიგო ეს იერემიამ, უსაყვედურა მათ და თქვა: უცნობი იქნება ეს ადგილი, ვიდრე არ შემოკრებს აქ ღმერთი თავის ხალხს და მოწყალების თვალით არ დახედავს მათ.

8მაშინ გამოაჩენს უფალი ადგილს და გამოჩნდება უფლის დიდებაცა და ღრუბელიც, რომელიც მოსეს დროსაც გამოჩნდა. აკი სოლომონიც ითხოვდა, რომ ეს ადგილი გამორჩეულად ყოფილიყო კურთხეული.

9ისიც ცხადი გახდა, რომ სიბრძნის მფლობელმა სოლომონმა აქ შესწირა მსხვერპლი სატფურებისა და ტაძრის განსრულებისათვის,

10როგორც მოსემ აღავლინა ლოცვა უფლისადმი და ჩამოვიდა ზეციდან ცეცხლი და შთანთქა მსხვერპლი, ასევე სოლომონმაც ილოცა და ცით მოვლენილმა ცეცხლმა გაანადგურა აღსავლენი მსხვერპლი.

11მოსემ თქვა: დაიწვა იგი, რადგან არ იჭმევა ცოდვის მსხვერპლი.

12ასევე გაატარა სოლომონმაც რვა დღე.

13მსგავსი ამბებია მოთხრთრილი ნეემიას ჩანაწერებსა და მოგონებებში, რომ მან დააფუძნა წიგნთსაცავი და თავი მოუყარა წიგნებს მეფეებსა და წინასწარმეტყველებზე, რომ შეაგროვა დავითის წიგნები და ნაწერები შესაწირავთა თაობაზე.

14ასევე იუდამაც თავი მოუყარა ომიანობის დროს გაფანტულ წიგნებს და ახლა ჩვენა გვაქვს ყველაფერი.

15თუ დაგჭირდათ ამათგან რაიმე, გამოგვიგზავნეთ ხალხი და გამოვატანთ.

16უკვე მოგწერეთ, რომ გვსურდა განწმედის დღესასწაულის გადახდა; კარგი იქნებოდა, თქვენც რომ აღგენიშნათ ეს დღეები.

17ღმერთმა იხსნა მთელი თავისი ხალხი და დაუბრუნა წილხვედრი ყველას, სამეფო, სამღვდელოება და საწმიდარი,

18როგორც აღთქმული ჰქონდა რჯულით; ღმერთის იმედი გვაქვს, რომ მალე შეგვიწყალებს და შემოგვკრებს ყოველი მხრიდან ცისქვეშეთში თავის წმიდა ადგილზე. აკი გვიხსნა კიდეც დიდი ბოროტებისაგან და განწმიდა ეს ადგილი.

19ხოლო იუდა მაკაბელისა და მისი ძმების ამბავს, დიდი ტაძრის განწმედას და საკურთხევლის სატფურებას,

20აგრეთვე ანტიოქოს ეპიფანესა და მისი ძის - ევპატოსის წინააღმდეგ წარმოებულ ომებს,

21და ხილვებს, ციდან რომ გარდმოდიოდა, იმ მებრძოლებზე, ესოდენი თავდადებით რომ იბრძოდნენ იუდაელებისთვის, და სიმცირის მიუხედავად, ხელში ჩაიგდეს მთელი ქვეყანა და განდევნეს ბარბაროსთა ურდოები,

22და აღადგინეს საქვეყნოდ განთქმული ტაძარი, გაათავისუფლეს ქალაქი და გადაარჩინეს რჯული, განადგურების პირზე რომ იყო მისული, როცა უფალმა თავისი კეთილმოწყალება მოიღო მათზე, -

23ყოველივე ამას, იასონ კირენელის მიერ ხუთ წიგნში მოთხრობილს, ვეცდებით ერთ წიგნში მოვუყაროთ თავი.

24რაკი ვგრძნობთ, რაზომ სირთულეს შეუქმნის რიცხვთა სიმრავლე ისტორიულ გადმოცემათა სიღრმეში შეღწევის მსურველთ,

25ამიტომაც მიზნად დავისახეთ, გვეამებინა მათთვის, ვისაც ამბავთა გაცნობა სურს; განსჯის მოყვარულთა სულები კი სისადავით მოგვეხიბლა, მეხსიერებაში ადვილად რომ აღბეჭდილიყო გადმოცემები; ხოლო ნებისმიერი მკითხველისთვის სარგებლობა მოგვეტანა.

26არ იყო ადვილი ამბების შეკუმშვით გადმოცემა, რაც მოითხოვდა ჩვენგან ოფლის ღვრას და უძილო ღამეებს,

27ისევე, როგორც არ არის ადვილი ნადიმის მოწყობა და სხვათა სიამოვნებისთვის ზრუნვა. და მაინც ჩვენ მრავალთა სასიკეთოდ ვიტვირთეთ ეს ძნელი საქმე,

28მივანდეთ რა თითოეული ამბის წვრილმანები მემატიანეს, ჩვენ კი მთელი გულისყური ამბავთა შეკუმშვისაკენ მივმართეთ.

29იმ ხუროთმოძღვრის მსგავსად, რომელიც ძველი შენობისაგან ახალს აგებს და ნანგრევებისგან მთლიანობის აღდგენა ევალება და არა მოჩუქურთმება და მოხატვა, რაც უკვე სხვა ხელობის კაცის საქმეა, ვფიქრობ, ასევეა ჩვენი საქმეც.

30ჩაღრმავება და ამბის გამოწვლილვით გადმოცემა იმ მემატიანის საქმეა, რომელიც პირველად იწყებს თხრობას,

31ხოლო სათქმელის მოკლედ გადმოცემა და ვრცელ ამბავთა დაწვრილებითი განჩხრეკისათვის თავის არიდება შეკუმშვის მოთავეს მოეთხოვება.

32ამ ნათქვამიდან გამომდინარე ვიწყებთ თხრობას, რადგან ვერაფერი საქმეა თხრობამდე განავრცო სიტყვა, თავად თხრობა კი შეამოკლო.


წინა თავი შემდეგი თავი