მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მსაჯულნი
თავი 6

1და უყვეს ბოროტი ძეთა ისრაჱლისათა წინაშე უფლისა და მისცნა იგინი უფალმან ჴელთა მადიამისასა შჳდ წელ.

2და განძლიერდა ჴელი მადიამისაჲ ისრაჱლსა ზედა, და იქმნეს თავისა თჳსისა ძეთა ისრაჱლისათა პირისაგან მადიამისა საყოფლები მთათა შინა, და ქუაბთა და ძნელოვანთა.

3და იყო, რაჟამს სთესის თესლი კაცმან ისრაჱლისამან, აღმოვიდის მადიამი და ამალეკი და ყოველნივე ძენი მზის აღმოსავალითისანი.

4და მოვიდეს და დაიბანაკეს მათ ზედა, და განრყუნიან ჯეჯილი ქუეყანისა ვიდრე მოსლვადმდე გაზად. და არა დაუტევიან ძალი ცხორებისაჲ ისრაჱლისა შორის, რამეთუ იგინი და სამწყსოჲ და ზროხაჲ და ცხოვარი მათი.

5აღმოვიდიან და კარვები მათი მოიწინიან, ვითარცა მკალნი სიმრავლითა და რემაკები მათი და აქლემებისა მათისა არა არნ რიცხჳ, და მოვიდიან ქუეყანასა ისრაჱლისასა და განხრწნიან იგი.

6და დაგლახაკნა ისრაჱლი ფრიად პირისაგან მადიამისა და ძეთა ისრაჱლისათა ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ.

7და იყო, რაჟამს ღაღად-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიმართ მადიამისთჳს.

8და მოავლინა უფალმან კაცი წინასწარმეტყუელი ძეთა ისრაჱლისა და ჰრქუა მათ: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: მე ვარ, რომელმან აღმოგიყუანენ თქუენ ვგჳპტით, და გამოგიყვანენ თქუენ სახლისა მისგან კირთებისა.

9და განგარინენ თქუენ ჴელთაგან მეგჳპტელთასა და ჴელთაგან ყოველთა მაჭირვებელთა თქუენთასა, და განვასხენ იგინი პირისაგან თქუენისა და მიგეც თქუენ მათი.

10და გარქუ თქუენ: მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი: და არა გეშინოდის თქუენ ღმერთთათჳს ამორეველთასა, რომელთა შორის თქუენ დამკჳდრებულ ხართ ქუეყანას მათსა! და ისმინეთ ჴმისა ჩემისაჲ.

11და მოვიდა ანგელოზი უფლისა და დაჯდა იგი მუხასა მას ქუეშე, რმელი-იგი იყო ეფრაასიოსისსა, მამისა ეზრისსა, და გედეონ, ძე მისი, გამოძეგუდა იფქლსა კუერთხითა საწნეხელსა შინა, რათა მოსტაცოს წინაშე პირსა მადიამისასა.

12და ეჩუენა მას ანგელოზი უფლისა და ჰრქუა მას: უფალი შენ თანა ძლიერი ძალითა!

13და ჰრქუა მას გედეონ: ჩემდა მოიხილე, უფალო, და უკუეთუ არს უფალი ჩუენ თანა, რაჲსათჳს მპოვნა ჩუენ ყოველმანვე ამან ბოროტმან? და სადა არიან ყოველნი იგი საკჳრველებანი მისნი, რავდენთა მითხრობდეს ჩუენ მამანი ჩუენნი? და თქუან, ვითარმედ: ეგჳპტით გამომიყვანნა ჩუენ. ხოლო აწ განგჳშორნა ჩუენ და მიგუცნა ჩუენ ჴელთა მადიამისათა.

14და მოიხილა მისსა ანგელოზმან მან უფლისამან და ჰრქუა მას: წარვედ ძლიერებითა შენითა და იჴსენ ისრაელი: აჰა ეგერა, წარგავლინე შენ.

15და ჰრქუა მას გედეონ: ჩემდა მოიქეც, უფალო, რათა ვიჴსნე მე ისრაჱლი. აჰა ესერა, ათასეული ჩემი უმდაბლეს არს მანასესა შორის და მე უმცირეს ვარ სახლსა შინა მამისა ჩემისასა.

16და ჰრქუა მას: უფალი შენ თანა! და მოსრა შენ მადიამი, ვითარცა ერთი კაცი.

17და ჰრქუა მას გედეონ: და უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე თუალთა შენთა.

18ნუ განმეშორები ამიერ ვიდრე მოსლვამდე ჩემდა წინაშე შენსა და მოგართუა მსხუერპლი ჩემი, დავაგო წინაშე შენსა. და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: მე ვარ, გგებდე შენ ვიდრე მოსლვადმდე შენდა.

19და გედეონ შევიდა და შეაგბო თიკანი თხათა და საწყაული ერთი ფქჳლი უცომოთა. და ჴორცი იგი დააგო ლანკლასა ზედა. და წუენი იგი მისი შთაასხა ქოთანსა და გამოართუა მას მუხასა მას ქუეშე და თაყუანის-სცა მას.

20და ჰრქუა მას ანგელოზმან მან უფლისამან: მოიღე ჴორცი ეგე და უცომონი ეგე პურნი და დააგენ კლდესა იმას ზედა, და წუენი ეგე, დაასხ, ხოლო მან ყო ეგრე.

21და განირთხა ანგელოზმან მან უფლისამან წუერი იგი კუერთხისაჲ, რომელ იყო ჴელსა მისსა, და შეახო ჴორცსა მას და უცომოთა მათ პურთა. და ააღატყდა ცეცხლი კლდისა მისგან და შეჭამა ჴორცი იგი და უცომონი იგი და პურნი. და ანგელოზი იგი უფლისაჲ წარვიდა და მიეფარა თუალთაგან მისთა.

22და გულისჴმა-ყო გედეონ, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ არს. და თქუა: აჰა, უფალო, რამეთუ ვიხილე ანგელოზი უფლისაჲ პირისპირ.

23და ჰრქუა მას უფალმან: მშჳდობაჲ შენ თანა! ნუ გეშინინ, არა მოჰკუდე.

24და უშენა მუნ გედეონ საკურთხეველი უფალსა. და უწოდა მას „მშჳდობაჲ უფლისაჲ“ ვიდრე დღეინდელად დღედმდე. და ვიდრე იყოღა იგი მუნ იეფორას მამისა ეზრისსა.

25იყო მას ღამესა მისა მიმართ სიტყუაჲ უფლისაჲ და ჰრქუა მას: მოიბ ზუარაკი იგი ჭამებული მამისა შენისა და ზუარაკი სხუაჲ შჳდ წელისაჲ, დაარღჳე საკურთხეველი იგი ბაალისი, რომელ არს მამისა შენისა და სერტყები იგი მისი მოკაფე.

26და აღაშენე საკურთხეველი უფლისა ღმრთისა შენისაჲ თხემსა მას ზედა მანოზ მთისასა განსაწყობელსა; და მოიბ ზუარაკი იგი და შეწირე მსხუერპლად შეშითა მით მის სერტყებისაჲთა, რომელ მოჰკაფო.

27და წარიყუანა გედეონ ათი კაცი მონათაგან თჳსთა ყოფად ეგრე, ვითარცა ეტყოდა მას უფალი; და რამეთუ ეშინოდა მას, სახლისათჳს მამისა თჳსისა და კაცთათჳს მის ქალაქისათა, არა ყო დღისი, არამედ ღამე.

28და აღიმსთუეს კაცთა მის ქალაქისათა განთიად და იხილეს, რამეთუ დარღუეულ იყო საკურთხეველი იგი ბაალისი და სერტყები იგი მისი მოკაფულ იყო და ზუარაკი იგი ჭამებული შეიწირა საკურთხეველსა მას ზედა, რომელი ეშენა.

29და ჰრქუა კაცად-კაცადმან მოყუასსა თჳსსა ვინმე ქმნა საქმე ესე? და გამოიკითხეს და გამოიძიეს და უთხრეს, ვითარმედ გედეონ, ძემან იოასისმან, ქმნა საქმე ესე.

30და ჰრქუეს კაცთა მის ქალაქისათა იოასს: გამოიყვანე ძე შენი და მოკუედინ რამეთუ დაარღჳა საკურთხეველი ბაალისი და მოჰკაფა სერტყები იგი მას ზედა.

31და ჰრქუა იოას კაცთა მათ, რომელნი აღდგომილ იყვნეს მის ზედა: აწ თქუენ უშჯითა ბაალსა? ანუ თქუენმე იჴსნეთა იგი, რომელმან-იგი ავნო მას? მოკუდეს იგი განთიადმდე, უკუეთუ ღმერთი არს, შურ-აგოს თავსა თჳსსა, რამეთუ დაამჴუა საკურთხეველი მისი.

32და უწოდა მას სახელი მას დღესა შინა სამშჯავროჲ ბაალისი, რამეთუ დაარღჳა გედეონ საკურთხეველი მისი.

33და ყოველი მადიამი და ამალეკი და ძენი იგი მზისაღმოსავალისათანი შეკრებილ იყუნეს ერთბამად, და მოვიდეს და დაიბანაკეს ღელესა მას იეზრაელისასა.

34და სულმან უფლისამან განაძლიერა გედეონ, დაჰბერა ნესტუსა რქისასა, და აღიზახა აბიეზერ შემდგომად მისა.

35და მოციქულნი წარავლინნა ყოველსა მანასესა, და აღიზახეს მათცა შემდგომად მისა და მოციქულნი წარავლინნა ასერისა და ზაბულონისა და ლეფთალემისა; და გამოვიდეს და მიეგებვოდეს მას.

36და ჰრქუა გედეონ უფალსა: უკუეთუ იჴსნე ჴელითა ჩემითა ისრაჱლი, ვითარცა-იგი იტყოდე.

37აჰა ესერა, მე დავდვა საწმისი ერთი მატყლისაჲ კალოსა ზედა; და უკუეთუ იყოს ცუარი საწმისსა მას ხოლო ზედა და ყოველი ქუეყანაჲ ჴმელი იყოს, უწყოდი, რამეთუ ჴელითა ჩემითა იჴსნე შენ ისრაჱლი, ვითარცა-იგი იტყოდის უფალი.

38და იყო ეგრე. და აღიმსთო გედეონ განთიად და გამოწურა სასმისი იგი, და გამოჴდა ცუარი საწმისისა მისგან და აღავსო ფიალი წყლითა მით.

39და ჰრქუა გედეონ ღმერთსა: ნუ განრისხნებინ გულისწყრომაჲ შენი ჩემ ზედა და ვიტყოდიღა ერთგზის; და გამოვცადოღა ერთგზის საწმისითა ამით და თქუა: იყავნ სიჴმელე საწმისსა ამას ხოლო ზედა და ყოველსა ქუეყანასა ზედა იყავნ ცუარი.

40და ყო ღმერთმან ეგრეთ მას ღამესა შინა, და იყო ჴმელი საწმისსა მას ხოლო ზედა და ყოველსა ქუეყანასა ზედა იყო ცუარი.


წინა თავი შემდეგი თავი