მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი მაკაბელთა წიგნი*
თავი 15

1ანტიოქოსმა, მეფე დემეტრიოსის ძემ, გაუგზავნა წერილები ზღვის კუნძულებიდან სიმონს, იუდაელთა მღვდელსა და ერისმთავარს და მთელ ხალხს.

2ასეთი იყო მათი შინაარსი:

3მას შემდეგ, რაც ვიღაც ავისმქნელებმა დაიპყრეს ჩემი მამა-პაპის სამეფო, გადავწყვიტე, ხელახლა დავეუფლო სამეფოს, რათა აღვადგინო ის უწინდელივით, ამიტომ შევკრიბე დიდძალი ლაშქარი და მოვამზადე საომარი ხომალდები.

4გადაწყვეტილი მაქვს, გავილაშქრო ქვეყანაზე, რომ დავესხა ჩემი ქვეყნის დამაქცევართ და ქალაქთა იავარმყოფელთ ჩემს სამეფოში.

5ამჟამად გიმტკიცებ შენ მრავალ დათმობებს, რაც კი დაგითმეს შენ ჩემმა წინამორბედმა მეფეებმა, და სხვა გადასახადებიც გეპატიება.

6ნებას გრთავ, მოჭრა საკუთარი ჭედური ფული შენი ქვეყნისთვის.

7იერუსალიმი და საწმიდარი თავისუფალია; მთელი იარაღი, რაც დამზადებული გაქვს, და სიმაგრეები, რაც აგებული გაქვს და გიჭირავს, შენვე გეპყრას.

8ყოველი სამეფო ვალი, ასევე მომავალი სამეფო ვალები აწ და მარადის გეპატიოს.

9როცა დავეუფლებით ჩვენს სამეფოს, მოგაგებთ დიდ პატივს შენ, შენს ხალხსა და ტაძარს, რომ საჩინო გახდეს თქვენი პატივი მთელს ქვეყანაში.

10ასსამოცდამეთოთხმეტე წელს გაემართა ანტიოქოსი თავისი მამა-პაპის ქვეყნისკენ, თავი მოიყარა მასთან მთელმა ლაშქარმა, ასე რომ, ტრიფონს მცირედნიღა შერჩნენ.

11მისდია მას ანტიოქოსმა და ლტოლვილი დორს მიადგა, რომელიც ზღვის პირას არის.

12დაინახა, რომ უკუღმართად შეტრიალდა მისი საქმე და მიატოვეს იგი ჯარებმა.

13ანტიოქოსიც დორთან დაბანაკდა ასოციათასი ქვეითითა და რვაათასი მხედრით.

14ალყა შემოარტყა ქალაქს და ხომალდებიც მოიჭრნენ ქალაქთან, ხმელეთიდან და ზღვიდან შეავიწროვა ქალაქი და არ ატარებდა არც გამომსვლელს, არც შემსვლელს.

15მოვიდა რომიდან ნუმენიოსი თავის თანამდგომებთან ერთად და მოიტანეს წერილები მეფეებისთვის და ქვეყნებისთვის, რომლებშიც შემდეგი ეწერა:

16ლევკიოსი, რომაელთა კონსული, მეფე პტოლემეოსს მოგიკითხავ.

17მოვიდნენ ჩვენთან იუდაელთა ელჩები - ჩვენი მეგობრები და მოკავშირეები ძველი მეგობრობისა და მოკავშირეობის განსაახლებლად, გამოგზავნილნი სიმონ მღვდელმთავრისა და იუდაელი ხალხისგან;

18მოგვართვეს ოქროს ფარი, ათასმნიანი.

19ახლა გადავწყვიტეთ, მივწეროთ მეფეებსა და ქვეყნებს, რათა არ შეამთხვიონ მათ ბოროტი და არ შეებრძოლონ მათ, მათ ქალაქებს და მათ ქვეყანას, და მათ წინააღმდეგ მეომართაც არ დაეხმარონ.

20ხოლო ჩვენ ვიფიქრეთ, მივიღოთ ფარი მათგან.

21თუკი ვინმე ავისმქნელი გამოიქცევა თქვენთან მათი ქვეყნიდან, ჩააბარეთ ის მღვდელმთავარ სიმონს, რათა მათი რჯულით დასაჯოს იგი.

22ასევე მისწერა მეფე დემეტრიოსს, ატალოსს, არიარათესს და არსაკეს,

23და ყველა ქვეყანას - სამფსამეს, სპარტელებს, დელოსს, მინდოსს, სიკიონს, კარიასს, სამოსს, პამფილიას, ლიკიას, ჰალიკარნასოსს, როდოსს, ფასელისს, კოსს, სიდეს, არადოსს, გორტინას, კნიდოსს, კვიპროსსა და კირენეს.

24მათი ასლი კი მღვდელმთავარ სიმონს გაუგზავნეს.

25მეფე ანტიოქოსი მეორედ დაბანაკდა დორთან; ყოველი მხრიდან შეუტია და მიაყენა მანქანები; მოუსპო ტრიფონს გამოსვლის და შესვლის საშუალება.

26გაუგზავნა სიმონმა მას ორიათასი რჩეული მეომარი დასახმარებლად, ოქრო-ვერცხლი და საჭირო აღჭურვილობა.

27მაგრამ არ ისურვა მან მათი მიღება, არამედ უარყო ყოველი, რაზეც წინათ შეუთანხმდა სიმონს, და გაუუცხოვდა მას.

28გააგზავნა მასთან ათენობიოსი, ერთი თავის მეგობართაგანი, მოსალაპარაკებლად და დააბარა ეთქვა, თქვენ ფლობთ იაფოს, გაზარას და იერუსალიმის ციხეს, ჩემი სამეფოს ქალაქებს.

29მათი მიწა-წყალი გააუკაცრიელეთ და დიდი ზიანი მოახდინეთ ქვეყანაში, და დაიპყარით ჩემი სამეფოს ბევრი მხარე.

30ახლა გადმომეცით ქალაქები, რომლებიც გიჭირავთ, და ხარკი მხარეებიდან, რომლებიც დაპყრობილი გაქვთ იუდას საზღვრებს გარეთ.

31თუ არა და, მათ სანაცვლოდ მომეცით ხუთასი ტალანტი ვერცხლი. ხოლო საზღაური აოხრებისთვის, რაც მოახდინეთ, და სხვა ქალაქების ხარკი - ხუთასი ტალანტი. თუ არა და, მოვალთ და შეგებრძოლებით.

32შევიდა ათენიბიოსი, მეფის მეგობარი, იერუსალიმში და როცა დაინახა სიმონის დიდება, ოქროს ჭურჭლისა და ვერცხლის ჭურჭლის საგანძური და მისი დიდი მხნეობა, განცვიფრდა და ამცნო მას მეფის სიტყვები.

33სიმონმა პასუხად მიუგო: არც ქვეყანა წაგვირთმევია უცხოთათვის და არც უცხოებზე გავბატონებულვართ, არამედ ჩვენი მამა-პაპის მემკვიდრეობა გვიჭირავს, რომელიც ერთ დროს ჩვენს მტრებს უსამართლოდ ჰქონდათ დაპყრობილი.

34ჩვენ კი, როცა დაგვიდგა შესაფერი დრო, დავიხსენით ჩვენი მამა-პაპის სამკვიდრებელი.

35რაც შეეხება იაფოსა და გაზარას, რომლებსაც ითხოვთ, მათ დიდი ზიანი მოახდინეს ხალხში და ჩვენს ქვეყანაში. მაგათ სანაცვლოდ ას ტალანტს მოგცემთ.

36ათენობიოსს სიტყვა აღარ უთქვამს მისთვის. მეფესთან კი გულისწყრომით დაბრუნდა და მოახსენა მას სიმონის ნათქვამი, მისი დიდება და ყოველივე, რაც იხილა, და განრისხდა მეფე დიდი რისხვით.

37ტრიფონი კი ხომალდზე ავიდა და ორთოსიაში გაიქცა.

38დააყენა მეფემ კენდებეოსი ზღვისპირის სარდლად და ქვეითი ლაშქარი და მხედრობა ჩააბარა.

39უბრძანა, გალაშქრებულიყო იუდაელთა წინააღმდეგ. დაავალა, აეგო კედრონი, გაემაგრებინა მისი კარიბჭეები და ეომა ხალხთან. თავად მეფე კი ტრიფონს დაედევნა.

40გაჩნდა კენდებეოსი იამნიაში და დაიწყო ხალხის გამოწვევა საომრად. შეიჭრა იუდაში, ატყვევებდა ხალხს და მუსრს ავლებდა.

41ააშენა კედრონი და ჩააყენა იქ მხედრობა და ქვეითი ჯარი, რათა იქიდან გამოსულიყვნენ იუდას გზებზე სათარეშთოდ, როგორც უბრძანა მას მეფემ.


წინა თავი შემდეგი თავი