მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი მაკაბელთა წიგნი*
თავი 8

1ესმა იუდას რომაელთა სახელი, რომ მხნენი და ძლიერნი არიან ისინი; რომ კეთილგანწყობილნი არიან ყველა მათი მოკავშირის მიმართ და, ვინც კი მათთან მისულა, ყველა მათი მეგობარი გამხდარა; რომ მხნენი და ძლიერნი არიან.

2მოუთხრობდნენ მას მათ გადახდილ ომებზე და საგმირო საქმეებზე, გალატებს შორის რომ მოახდინეს, რომ სძლიეს მათ და მოხარკეებად აქციეს;

3და ყველაფერზე, რაც ესპანეთის ქვეყანაში მოიმოქმედეს, რათა დაპატრონებოდნენ ვერცხლისა და ოქროს იქაურ საბადოებს;

4დაეპატრონენ მთელ მხარეს თავიანთი გონიერებით და მოთმინებით, მათგან ფრიად დაშორებულ ადგილსაც კი; ხოლო მათზე ქვეყნის კიდიდან წამოსულ მეფეებს ყოველთვის ძლევდნენ და სასტიკად ამარცხებდნენ; და ნარჩენები კი მათ ხარკს უხდიდნენ ყოველწლიურად;

5მათ სძლიეს ომში და დაიმორჩილეს ფილიპე და პერსევსი, მაკედონელთა მეფე და სხვანი, ვინც აღუდგნენ მათ;

6ასევე ანტიოქოსიც, აზიის დიდი მეფე, მათ წინააღმდეგ ამხედრებული, რომელსაც ჰყავდა ასოცი სპილო, ცხენები, ეტლები და დიდძალი ჯარი, იძლია მათგან;

7ცოცხლად შეიპყრეს იგი და დააკისრეს მას და მის მომდევნო მეფეებს ხარკი და მძევლები, და მათი საუკეთესო ქვეყნების დაცალკევება,

8ინდოეთის, მიდიისა და ლიდიის დანაწილება. აიღეს მისგან და მეფე ევმენეს ჩააბარეს ისინი.

9როდესაც ბერძნებმა მოისურვეს მათზე გალაშქრება და მათი დამხობა,

10ემცნო მათ ეს ამბავი, გაგზავნეს მათ წინააღმდეგ ერთი სარდალი და შეებრძოლნენ მათ; დაეცა მათგან მრავალი დაჭრილი, ტყვედ ჩაცვივდნენ მათი ცოლები და შვილები და გაიძარცვნენ, დაეპატრონენ მათ ქვეყანას, დალეწეს მათი სიმაგრეები და დღემდე მორჩილებაში ჰყავთ ისინი.

11დანარჩენი სამეფოები და კუნძულები, რომლებიც კი ოდესმე აღდგომიან მათ, გაანადგურეს და დაიმორჩილეს. ხოლო თავიანთ მეგობრებთან და მხარდამჭერებთან შეინარჩუნეს მეგობრობა.

12დაეპატრონენ მახლობელ და შორეულ სამეფოებს, და ყველას, ვინც მათ სახელს გაიგონებდა, შიში იპყრობდა.

13ვის შეწევნასაც და გამეფებას მოისურვებენ, ამეფებენ; თუ მოისურვებენ, გადააყენებენ. დიდად აღზევებულნი არიან.

14და მაინც არცერთ მათგანს არასოდეს გვირგვინი არ დაუდგამს, არც ძოწეულით შემოსილა დიდების ნიშნად.

15მოიწყვეს საბჭო და ყოველდღე ბჭობს ოცდათორმეტი მებრჭე ყველაფერზე, რაც ხალხს შეეხება, მათ მართვა-გამგეობაზე.

16ანდობენ ერთ კაცს მთავრობას და ქვეყნის პატრონობას ერთი წლის განმავლობაში; ყველანი ერთს უჯერესგნ და არ არის მათში არც შური, არც ეჭვი.

17ამოირჩია იუდამ ევპოლემოსი, ძე იოანესი, ძისა აკოსი, და იასონი, ძე ელეაზარისა, და გაგზავნა ისინი რომში, მეგობრობისა და კავშირის დასამყარებლად,

18რათა გადაეგდოთ უღელი, რადგან დაინახეს, რომ ელინთა სამეფომ საბოლოოდ დაიმონა ისრაელი.

19გაემგზავრნენ რომისკენ შორეულ გზაზე; შევიდნენ საბჭოში და თქვეს:

20იუდა მაკაბელმა, მისმა ძმებმა და იუდაელმა ხალხმა გამოგვაგზავნეს თქვენთან, რომ დავამყაროთ ერთმანეთთან კავშირი და მშვიდობა, და ჩაგვთვალოთ თქვენს მოკავშირეებად და მეგობრებად.

21მოეწონათ მათ ეს სიტყვა.

22აი, ასლი წერილისა, რომელიც დაწერეს სპილენძის დაფებზე და გაგზავნეს იერუსალიმში, რომ ყოფილიყო იქ მათთან ნიშნად მშვიდობისა და კავშირისა:

23სიკეთე იყოს რომაელებთან და იუდაელ ხალხთან ერთად ზღვასა და ხმელეთზე უკუნისამდე, და შორს იყოს მათგან მტერი და მახვილი.

24ხოლო თუკი პირველად ომი შეემთხვევა რომს ან რომელიმე მის მოკავშირეს მთელ მის სამფლობელოში,

25იუდაელმა ხალხმა დახმარება უნდა გაუწიოს მას წრფელი გულით, როგორც დროება მოითხოვს მათგან.

26მეომრებს არ მოამარაგებენ არც საკვებით, არც იარაღით, არც ფულით, არც ხომალდით, როგორც რომმა განსაჯა; უსასყიდლოდ უნდა ასრულებდნენ თავიანთ ვალდებულებებს.

27ასევე, თუკი იუდაელთა ხალხს შეემთხვა პირველად ომი, რომაელები გულითად დახმარებას გაუწევენ, როგორც დროება მოითხოვს მათგან;

28მოკავშირეებს არ მოამარაგებენ არც საკვებით, არც იარაღით, არც ვერცხლით, არც ხომალდებით, როგორც რომმა განსაჯა; უზაკველად უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებანი.

29ამ პირობებით შეკრეს კავშირი რომაელებმა იუდაელთა ერთან.

30თუკი ერთი ან მეორე მხარე მოისურვებს ამ პირობებისთვის რაიმეს მიმატებას ან მოკლებას, გააკეთონ ეს საერთო გადაწყვეტილებით და, რასაც კი მიუმაგებენ ან გამოაკლებენ, ძალა ექნება.

31ხოლო იმ სიავეთათვის, რაც მეფე დემეტრიოსმა მათ დაატეხა, მივწერეთ მას, შევუთვალეთ: რისთვის დამძიმდა შენი უღელი იუდაელებზე, ჩვენს მეგობრებსა და მოკავშირეებზე?

32და აჰა, თუ ამიერიდან დაიჩივლებენ შენს წინააღმდეგ, ჩვენ დავიცავთ მათ სიმართლვს და შეგებრძოლებით ზღვაზე და ხმელეთზე.


წინა თავი შემდეგი თავი