მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ზაქარია წინასწარმეტყველი
თავი 6

1და მოვაქციე თუალნი ჩემნი და ვიხილე: და, აჰა, ოთხნი ეტლნი გამომავალნი საშუალ ორთა მთათასა და მთანი იყუნეს მთანი რვალისანი.

2და ეტლსა შორის პირველსა ცხენნი ხსედნი, და ეტლსა შორის მეორესა ცხენნი შავნი,

3და ეტლსა შორის მესამესა ცხენნი თეთრნი, ეტლსა შორის მეოთხესა ცხენნი ჭრელნი და სინიბნი.

4და მიუგე და ვთქუ ანგელოზისა მიმართ მზრახვალისა ჩემ შორის: რაჲ არიან ესენი, უფალო?

5და მომიგო ანგელოზმან მზრახვალმან ჩემ შორის და თქუა: ესე არიან ოთხნი ქარნი ცისანი, გამოვლენ წარდგომად უფლისა ყოვლისა ქუეყანისასა,

6რომლისა შორის იყვნეს ცხენნი შავნი ქუეყანასა ზედა ბღუარსა, და თეთრნი გამოვიდეს უკანა მათსა, და ხსედნი გამოვიდეს ქუეყანასა ჩრდილოსა,

7და ჭრელნი და სინიბნი გამოვიდეს და ზედ მოიხილვიდეს გარემოვლად ყოვლისა ქუეყანისა. და თქუა: წარვედით და გარემოვლეთ ქუეყანაჲ. და გარემოვლეს ქუეყანაჲ.

8და აღიჴმო და თქუა ჩემდამო მეტყუელმან: აჰა, გამომავალთა ქუეყანასა ზედა ბღუარსა განუსუენეს გულისწყრომასა ჩემსა ქუეყანასა შორის ბღუარსა.

9და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

10მიიღე ტყუეობათაგან, მთავრობათაგან და პატივცემულთაგან მისთა და შემეცნებულთაგან მისთა და შეხჳდე შენ მას დღესა შინა სახიდ იოსია სოფონიაჲსისა, დამკჳდრებულისა ბაბილონს.

11და მიიღო ვეცხლი და ოქროჲ, და შეჰქმნა გჳრგჳნი და დაადგა თავსა ზედა იისუ იოსედეკისსა, მღდელისა დიდისასა.

12და სთქუა მისდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: აჰა, მამაკაცი, აღმოსავალი სახელი მისი, და ქუეშე კერძო მისსა აღმოჰჴდეს და აღაშენოს სახლი უფლისაჲ

13და მან მიიღოს სათნოება და დაჯდეს და მთავრობდეს საყდარსა ზედა მისსა და იყოს მღდელი მარჯუენით მისსა და განზრახვაჲ მშჳდობით იყოს საშუალ ორთასავე.

14ხოლო გჳრგჳნი იყოს მოთმინეთა და საჴმართათჳს მისთა, და შემეცნებულთა მისთა, და მადლად ძეთა სოფონიასთა, და საფსალმუნებლად სახლსა შინა უფლისასა.

15და შორიელნი მისგან მოვიდენ და აშენებდენ სახლსა შორის უფლისასა. და ცანთ, ვითარმედ უფალმან ყოვლისა მპყრობელმან, გამომავლინა მე თქუენდამი. და იყოს, უკეთუ მსმენელთა ისმინოთ ჴმისა უფლისა ღმრთისა თქუენისა.


წინა თავი შემდეგი თავი