მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეოთხე მაკაბელთა წიგნი*
თავი 11

1როცა ისიც მოკვდა, სასტიკი წამებით გატანჯული, მოიჭრა მეხუთე და თქვა:

2არ ვაპირებ, მტარვალო, გავექცე სატანჯველს ღირსებისთვის.

3იგი თავისით მომეახლა, რათა ჩემი მოკვლით მრავალი დანაშაულისთვის ღვთიური სამართლით მოგეზღოს სასჯელი.

4ღირსებისა და კაცთა მაიძულევ, რა საქციელის გამო გვანადგურებ ასე?

5იმის გამო, რომ ყოველი ქმნილების შემოქმედს მოწიწებით ვეპყრობით და მისი რჩეული რჯულის თანახმად ვცხოვრობთ.

6მაგრამ ეს საქციელი პატივს იმსახურებს, არა წამებას,

7თუ ნამდვილად ადამიანური გრძნობები გაქვს და ღვთისგან ხსნას ელი;

8მაგრამ შენ უცხო ხარ ღვთისთვის და ებრძვი მის თაყვანისმცემელთ.

9ესა თქვა და მცველებმა შეკრეს იგი და ისართმტყორცნელ მანქანასთან მიათრიეს.

10მუხლებით მასზე დააბეს და რკინის მარწუხებში მოამწყვდიეს, მერე ბორბლის პირზე დააკრეს ზურგით, ისე რომ მორიელივით გაუდრიკეს წელი, დაწყვეტაზე ჰქონდა სახსრები.

11ამ დღეში მყოფმა, სულშეხუთულმა და ტკივილისგან გამწარებულმა,

12თქვა: დიდ წყალობას გვამადლი, მტარვალო, შენდა უნებლიეთ, რადგან ამ სატანჯველით გვაიძულებ, გამოვაჩინოთ ჩვენი გამძლეობა რჯულის გულისთვის.

13ესეც რომ აღესრულა, მოიყვანეს მეექვსე ყრმა, რომელმაც მბრძანებლის წინადადებას, თუ შეჭამ, გათავისუფლდებიო, უპასუხა:

14ასაკით მე ჩემს ძმებზე ახალგაზრდა ვარ, აზრით კი - მათი თანატოლი.

15რაკი ამისთვის გავჩნდით და აღვიზარდეთ, ყველას ერთი სიკვდილი გვმართებს.

16თუ განზრახული გაქვს მაწამო უსურმაგის ხორცის შეუჭმელობის გამო, მაწამე ბარემ...

17ეს თქვა და ბორბალთან მიიყვანეს კიდეც.

18საგულდაგულოდ განრთხმული და ხერხემალგადამტვრეული იწვებოდა იგი,

19უკნიდან გახურებულ წვერწამახულ შანთებს უყრიდნენ, ფერდებს უხვრეტდნენ ისე, რომ შიგნეულობა სულ ამოუწვეს.

20ის კი, ამ სატანჯველში მყოფი, ამბობდა: დიდება ღვთის საკადრის ასპარეზს, სადაც რჯულში გამოსაცდელად გაგვიწვიეს ძმები, მაგრამ ვერ დაგვამარცხეს.

21რადგან უძლეველია, მტარვალო, საღვთო ცოდნა.

22ყოველგვარი სიქველით აღჭურვილი, მეც ვკვდები ჩემს ძმებთან ერთად.

23მე თავად მოგივლენ შურისმგებელს, წამებათა გამომგონებელო და ჭეშმარიტ ღვთისმოსავთა მტერო.

24ექვსი ყრმა შევეწირეთ შენს მტარვალობას.

25და რომ ვერ შესძელი გადაგერწმუნებინა ჩვენი გონება და ვერ გვაიძულე უსურმაგის ჭამა, განა ეს შენი მარცხი არ არის?

26გრილია ჩვენთვის შენი ცეცხლი, უმტკივნეულოა შენი იარაღი და უძლურია შენი მძლავრობა.

27რადგან არა მტარვალის მცველნი, არამედ ღვთის რჯულის მცველნი უფლობენ ჩვენზე. ამიტომაც არის უძლეველი ჩვენი გონება.


წინა თავი შემდეგი თავი