მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეოთხე მაკაბელთა წიგნი*
თავი 7

1ჩინებულ მესაჭესავით ეპყრა ჩვენს მამას, ელეაზარს, გონების საჭე და მიჰყავდა ღვთისმოსავობის ხომალდი ვნებათა ზღვაში.

2მტარვალის მუქარით ღელვილს და წამებათა მძლეველ ტალღებით გარემოცულს,

3არსად მცდარი გეზით არ მიუმართავს ღვთისმოსავობის საჭე, ვიდრე უკვდავი გამარჯვების ნავსაყუდელს არ მიადგა.

4მრავალგვარი საალყო მანქანებით გარსშემორტყმულ ქალაქს არ გადაუტანია იმდენი, რამდენიც ამ ყოვლაწმიდა კაცმა გადაიტანა, თუმცა მისი წმიდა სიცოცხლე ტანჯვა-წამების ალში იწვოდა, მან სძლია მოალყეებს ღვთისმოსავური გონების უარით.

5გონების აზიდვით მაღალ მწვერვალზე თავი დააღწია მამა ელეაზარმა ვნებათა გიჟურ ტალღებს.

6მღვდლობის ღირსო მღვდელო, არ წაგიბილწავს შენი წმიდა კბილები და არც ღვთისმოშიშობისთვის და სიწმიდისთვის განკრძალული შენი მუცელი არ შეგირყვნია უსურმაგის ჭამით.

7ო, რჯულის თანხმიერო და ღვთიურო ცხოვრების ფილოსოფოსო!

8ასეთი უნდა იყოს რჯულის მოქმედი, მისი დამცველი საკუთარი სისხლითა და კეთილშობილური ოფლით, თუნდაც ტანჯვაში სიკვდილი ელოდეს.

9შენ, მამაო, ჭირთამძლეობის წყალობით განამტკიცე რჯულისადმი ჩვენი ერთგულება და არც სიწმიდე დაგიგმია, რომელსაც განადიდებდი; არამედ საქმითაც სარწმუნო ჰყავი ღვთაებრივი ფილოსოფიის სიტყვები.

10ო, განსაცდელთა მძლეველო ბერიკაცო, ცეცხლზე უფრო გამძლე მოხუცო, ვნებათა დიდო მბრძანებელო, ელეაზარ!

11როგორც მამა აარონმა სასაკმევლით ხელში გაარღვია ხალხის ბრბო და ცეცხლოვან ანგელოზზე გაიმარჯვა,

12ასევე აარონის შთამომავალმა ელეაზარმა, ცეცხლში ჩაგდებულმა, არ შეიცვალა გონება.

13რაოდენ საოცარია, რომ მოხუცის დაჩაჩანაკებული სხეული, დაუძლურებული ხორცი და მოდუნებული სახსრები განჭაბუკდნენ.

14სულში გონების ძალით და ისაკისებრმა გონებამ მრავალთავიან საწამებელ მანქანაზე გაამარჯვებინა.

15ო, ნეტარო სიბერევ და პატიოსანო ჭაღარავ, რჯულიერო სიცოცხლევ, რომელიც სიკვდილის ჭეშმარიტმა ბეჭედმა სრულყო!

16რაკი ამ მოხუცმა კაცმა გაუძლო სასიკვდილო განსაცდელს ღვთისმოსაობის წყალობით, მაშ, ჭეშმარიტად ვნებათა მბრძანებელი ყოფილა ღვთისნიერი გონება.

17იტყვიან: ყველას არ ძალუძს ვნებათა ძლევა, ყველას ხომ არ ახლავს გონიერი აზრიო.

18მაგრამ მხოლოდ ისინი დასძლეგვნ ხორციელ ვნებებს, ვინც მთელი გულით შეითვისებენ ღვთისმოსაობას,

19და იმის რწმენა ექნებათ, რომ ღმერთში კი არ დაიხოცებიან, არამედ ჩვენი მამამთავრების - აბრაამის, ისაკისა და იაკობის მსგავსად ღმერთში იცოცხლებენ.

20ამიტომ ვერვინ ჩაგვითვლის წინააღმდეგობად, თუ ვისმე გონების სისუსტის გამო სძლევს ვნებები.

21ვინც ფილოსოფოსთა წესებით ცხოვრობს, როგორც ფილოსოფოსი, და ღმერთი სწამს,

22ვინც იცის, რომ ნეტარებაა ყოველგვარი ტანჯვის ღირსეულად დათმენა, განა არ დასძლევს იგი ვნებებს თავისი ღვთისმოსავობით?

23რადგან მხოლოდ ბრძენი და მამაცი ადამიანია ვნებათა უფალი.


წინა თავი შემდეგი თავი