მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეოთხე მაკაბელთა წიგნი*
თავი 16

1თუკი ქალმა და თან მოხუცმა, შვიდი შვილის დედამ გაუძლო შვილების სასიკვდილო წამებას, ცხადი უნდა იყოს, რომ ღვთისმოსავი გონება ვნებათა მბრძანებელია.

2მე ცხადვყავი, რომ მარტო მამაკაცები როდი წარმართავენ ვნებებს; არამედ დედაკაცსაც ძალუძს უსასტიკესი ტანჯვა-წამების არად ჩაგდება.

3მარტო დანიელის წინაშე კი არ მძვინვარებდნენ ლომები და მიშაელის წინაშე - გავარვარებული ქურა; მსგავსადვე იწვოდა ბუნება დედისა, რომელიც უყურებდა შვილების მრავალნაირ წამებას.

4მაგრამ ღვთისმოსავი გონების ძალით ჩააქრო დედამ მოძალებული ვნებები.

5იფიქრეთ, სულმოკლე რომ ყოფილიყო ეს ქალი, თუმცა ის დედა იყო, შეიბრალებდა შვილებს და, ალბათ, ამას იტყოდა:

6ვაი, მე, საწყალობელს და სამგზის უბედურს, შვიდი შვილის მშობელი დედა უშვილო ვრჩები!

7ვაი, ჩემს ფუჭ მუცლადღებას, ამაოდ ჩავლილ შვიდჯერ ათ თვეს, უნაყოფო ძიძაობას და გაცუდებულ ძუძუს წოვებას!

8ტყუილად ვითმენდი, შვილებო, თქვენზე მშობიარობის ტკივილებს და ფუჭად ვეზიდებოდი აღზრდის უმძიმეს ტვირთს!

9ვაი, ჩემს შვილებს, უცოლოებს და ცოლიანებს - უშვილძიროებს! თქვენს შვილებს და დიდდედის ბედნიერებას ვერ ვეღირსები!

10მრავალშვილიანი დედა, ღირსეულ ვაჟთა მშობელი, ქვრივ-ოხრად ვრჩები მრავალსაწყალობელი.

11ისე ვკვდები, რომ ერთი შვილიც არ მრჩება დამმარხავი.

12მაგრამ არ მოთქვამდა ამგვარ საგოდებელს კურთხეული და ღვთისმოშიში დედა, არცერთი მათგანი, სასიკვდილოდ მიმავალი, არ დაუკავებია, არც მწუხარება მორევია, როცა კვდებოდნენ ისინი,

13არამედ ალმასივით მტკიცე გონება ჰქონდა შენარჩუნებული და უკვდავებისთვის ხელახლა შობდა შვილებს და რჯულისათვის თავის გასაწირად ლოცავდა მათ.

14ო, დედავ, ღვთის მეომარო რჯულისათვის! ო, ბერდედავ, შენი სიმხნევით სძლიე მტრვალსაც კი და სიტყვით და საქმით მამაკაცზე ძლიერი გამოჩნდი!

15შენს შვიდ შვილთან ერთად შეპყრობილი იდექი და უყურებდი ელეაზარის წამებას, ებრაულ ენაზე ეუბნებოდი შვილებს:

16შვილებო, საპატიოა ასპარეზი, რომელზეც ერის სიყვარულის დასამოწმებლად ხართ გაწვეულნი. მამაცურად იბრძოლეთ მამაპაპეული რჯულისათვის.

17სამარცხვინო იქნება, ახალგაზრდები შეუშინდეთ სატანჯველს, როცა მოხუცმა კაცმა გაუძლო წამებას ღვთისმოსავობის გულისთვის.

18გახსოვდეთ, რომ ღვთისგან გაქვთ მიღებული - ეს წუთისოფელი და ღვთისთვის უნდა დათმოთ სიცოცხლე.

19ამიტომაც ვალად გადევთ, გაუძლოთ ყოველგვარ ტანჯვას ღვთისთვის.

20ამას ესწრაფოდა ჩვენი მამა აბრაამიც, როცა მსხვერპლად სწირავდა ისაკს, ჩვენს წინაპარს, რომელიც არ შემდრკალა, დანა რომ დაინახა მამის ხელში.

21მართალი დანიელი ლომებს მიუგდეს, ხოლო ხანანია, ყაზარია და მიშაელი გავარვარებულ ქურაში ჩაყარეს, მაგრამ მათ გაუძლეს ცეცხლს.

22და თქვენც, ასეთივე რწმენის მექონნი, ნუ გატყდებით.

23რადგან, დაუჯერებელია, ტანჯვა ვერ დაითმინოს კაცმა, რომელსაც შემეცნებული აქვს ღვთის რჯული.

24ამ სიტყვებით შვიდი შვილის დედა თითოეულ მათგანს ევედრებოდა, უმალ მომკვდარიყო, ვიდრე ღვთის მცნებანი უარეყო.

25მათ ისიც იცოდნენ, რომ ღვთისათვის დახოცილნი ღმერთში იცოცხლებდნენ, როგორც აბრაამი, ისაკი, იაკობი და ყველა მამამთავარი.


წინა თავი შემდეგი თავი