მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეოთხე მაკაბელთა წიგნი*
თავი 17

1ერთ-ერთი მცველი ამბობდა, რომ როცა მას სასიკვდილოდ უნდა წაეყვანა ქალი, იგი თვითონ გადავარდა ცეცხლში, არავის არ მიაკარებინა ხელი ტანზე.

2ო, დედავ, რომელმაც შვიდ შვილთან ერთად მტარვალის მძლავრობა გააქარწყლე, ჩაშალე მისი უკეთური განზრახვა და რწმენის სიმტკიცე გამოაჩინე.

3შენ, როგორც სვეტებზე - შვილებზე მტკიცედ დაყრდნობილმა ჭერმა, ღირსეულად გაუძელი სატანჯველთა ძალას, შემარყეველს.

4მაშ, გამხნევდი, სულკურთხეულო დედავ, რომელსაც ღვთის იმედი გაქვს, მტკიცე და შეურყეველი.

5თავად მთვარეც კი არ არის ცაზე ვარსკვლავებითურთ ისე აღმატებული, როგორც შენ, რომელმაც გაუნათე ღვთისმოსავობის გზა ვარსკვლავთსწორ შენს შვიდ შვილს და, ღვთის წინაშე პაგივით წარმდგარი, მათთან ერთად დამკვიდრდი ცაში.

6რადგან შენი შვილები მამა აბრაამის ჭეშმარიტი შთამომავალნი არიან.

7რომ შეგვძლებოდა ხელოვანის დარად შენი ღვთისმოსავობის სურათის დახატვა, განა არ შეძრწუნდებოდა ყველა, ვინც დაინახავდა, თუ როგორ დაითმინა დედამ რჯულის გულისთვის შვიდ შვილთან ერთად სასიკვდილო სატანჯველი.

8შესაფერისი იქნებოდა საფლავის ქვაზე ეს სიტყვები წარწერილიყო მათი ხსოვნისათვის ჩვენს ხალხში:

9აქ მარხიან მოხუცი მღვდელი და მოხუცებული ქალი თავის შვიდ შვილთან ერთად, მსხვერპლნი მტარვალის მძლავრობისა, რომელსაც სურდა, შეებღალა ებრაელთა ცხოვრების წესი.

10მათ იძიეს შური ხალხის გამო და ღვთის სასოებით დაითმინეს სასიკვდილო სატანჯველი.

11ჭეშმარიტად ღვთაებრივი იყო ასპარეზობა, რომელშიც ჩაებნენ ისინი,

12რაკი ჭირთათმენის განსაცდელში სიქველემ გაიმარჯვა. გამარჯვების ჯილდო კი უკვდავებაა მრავალჟამიერ სიცოცხლეში.

13დაიწყო ასპარეზობა ელეაზარმა და ჩაება ბრძოლაში შვიდი შვილის დედაც, იასპარეზეს ძმებმა.

14მტარვალი მათი მოწინააღმდეგე იყო, მაყურებლები კი წუთისოფელი და ადამიანთა ცხოვრება.

15გაიმარჯვა ღვთისმოსავობამ და მანვე გვირგვინებით შეამკო მოასპარაზენი.

16ვის არ გააოცებდა ღვთივგანაწესებული მოასპარაზენი? ვის არ შესძრავდა?

17თავად მტვარვალს და მთელ მის ამალას აოცებდა მათი გამძლეობა,

18რისი წყალობითაც ახლა ისინი ღვთის ტახტის წინაშე დგანან და საუკუნო ნეტარებაში არიან.

19ხომ თქვა მოსემ: ყველანი შენი ხელით არიან განათლულნიო.

20პატივდებულნი არიან ღვთისათვის განათლულნი, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის მათი პატივი, არამედ ის, რომ მათი მეოხებით შეიქნა ჩვენი ხალხი მტერთაგან დაუძლეველი.

21მტარვალის დასჯამ და სამშობლოს განწმედამ თითქოს გამოისყიდა ერის ცოდვები.

22ამ ღვთისმოსავთა სისხლითა და სიკვდილის წინაშე გაღებული მსხვერპლით იხსნა ღვთიურმა განგებამ ტანჯული ისრაელი.

23მათი სიმამაცის, სიქველის და სატანჯველში მათი მძლეობის დამნახავმა ანტიოქოსმა თავის ჯარისკაცებს ისინი გამძლეობის მაგალითად დაუსახა.

24ამან გაამამაცა მისი მებრძოლები - ქვეითნი და მოალყენი; ყველა მტერი დაამარცხეს მათ და დახარკეს.


წინა თავი შემდეგი თავი