მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი მეფეთა წიგნი
თავი 30

1და რაჟამს შევიდა დავით და ერი მისი სეკელად დღით მესამით, ამალეკი დაესხა სეკელასა სამხრით კერძო და დასცა სეკელა და მოწვა იგი ცეცხლითა.

2და წარეტყუენათ დედა-წული და ყოველი, რაცა იყო მას შინა, მცირითგან ვიდრე დიდამდე, ხოლო არა მოესრათ მამაცნი და დიაცნი, არამედ წარეტყუენათ. და წარსრულ იყუნეს გზათა თჳსთა.

3და ვითარცა მოიწინეს დავით და ერი მისი ქალაქად და იხილა, რამეთუ ქალაქი მომწვარ იყო, და ცოლნი და შვილნი მათნი წარტყუენილ იყუნეს.

4და აღიმაღლეს დავით და ერმან მისმან ჴმა მათი და ტიროდეს ფრიად, ვიდრემდე მოაკლდა ძალი მათი და ვერღარა შემძლებელ იყუნეს ტირილად.

5და ორნივე ცოლნი მისნი წარტყუენულ იყვნეს: აქინამ იეზრაიტელი და აბგეა, ცოლი ნაბალისი, კარმელელისა.

6და მწუხარე იყო დავით ფრიად, რამეთუ შეიზრახა ერი იგი, რათამცა ქვა დაკრიბეს დავითს, რამეთუ განრისხებულ იყო ერი იგი ცოლთა და შვილთა მათთათჳს. და განძლიერდა დავით უფლისა მიერ ღმრთისა თჳსისა.

7და ჰრქუა დავით აბიათარს მღდელსა, ძესა აქიმელექისასა: წარმოიპყარ ევფუდი! და მოიღო აბიათარ ევფუდი დავითისა თანა.

8და იკითხა დავით უფლისა მიერ: უკუეთუ ვდევნო და ვეწიო ერსა მას? და ჰრქუა უფალმან: დევნა-უყავ, რამეთუ ეწიო და მოუღო ნატყუენავი იგი!

9და დევნა-უყო დავით ექუსასითა მით ერითა და, ვითარცა მოვიდა იგი ნაღვარევსა მას ბოსორისასა, დაუტევა მუნ ორასი კაცი მცველი ვანისა.

10და ოთხასითა მით სდევდა დავით და ორასი კაცითა დაშთა წიაღ კერძო ნაღვარევსა მას ბოსორისასა.

11და პოვეს მუნ კაცი ერთი ეგჳპტელი ველსა მას და შეიპყრეს იგი, მოიყვანეს დავითისა და სცეს მას პური და წყალი, ჭამა და სვა.

12და მოსცეს მას ლეღვისკვერი და სკიჭი. და მოექცეს მას სულნი, რამეთუ სამ დღე და სამ ღამე პური არა ეჭამა და არცა ესვა წყალი.

13მაშინ ჰკითხა დავით და ჰრქუა: ვისი ხარ, ანუ ვიდრე ხვალ? ხოლო მან ჰრქუა: მონა ვარ მე კაცისა ერთისა ამალეკელისა და დამაგდო მე უფალმან ჩემმან, რამეთუ შემყმა მე შიმშილმან, რამეთუ ესე სამი დღე არს.

14და მივედით სამხრით კერძო ჰურიასტანად და ქელობად და სეკელად, და მოვწუთ სეკელა ცეცხლითა.

15და ჰრქუა მას დავით: და აწ შენ შემძლებელ ხარა, რათა შემიყვანო ბანაკსა მათსა? ხოლო მან ჰრქუა დავითს: მეფუცო თუ მე ღმერთსა შენსა, და არა მომკლა მე და არცა მიმცე ჴელთა უფლისა ჩემისათა, შეგიყვანო შენ ბანაკსა მათსა. და ეფუცა დავით მას.

16და შეიყვანა იგი ბანაკსა მათსა და იხილა დავით, რამეთუ განბნეულ იყუნეს ჟამსა მას ქუეყანასა, ჭამდეს, სუმიდეს და იხარებდეს დიდძალსა მას ზედა ნატყუენავსა, რომელ მოეღო ქუეყანისა მისგან უცხოთესლთასა და ჰურიასტანისა.

17და მივიდა დავით და დაესხა მათ ზედა და მოსრნა იგინი ცისკრითგან მწუხრადმდე. და ხვალისგანცა მოსწყჳდნა იგინი და არა განერა მათგანი, გარნა ოთხას ოდენ ყრმა, რომელნი ასხდეს აქლემთა და ივლტოდეს.

18და დაჰყარა დავით ყოველი იგი ნატყუენავი და ორნივე იგი ცოლნი მისნი.

19და არა დაუტევა მათგან მცირითგან ვიდრე დიდამდე ვაჟნი და ქალნი და ნატყუენავი ყოველნი, რომელიცა წარეღოთ მათგან, ყოველივე მოუღო დავით.

20და მოუღო დავით ყოველი საცხოვარი, მროწეულნი და არვენი და წარიქცინა წინაშე იავარისა მის. და წარვიდა დავით და ერქვა მას მიერითგან "ნატყუენავი დავითისა".

21და ვითარცა მივიდა დავით ორასთა მათ თანა კაცთა, რომელნი ვანისმცველად დაედგინნეს და იგინი მოეგებვოდეს დავითს და ერსა მას და ჰკითხვიდა მათ დავით მშჳდობით სიცოცხლესა.

22მაშინ ჰრქუეს კაცთა მათ უღირსთა და უცებთა, რომელნი იყუნეს ღვაწლსა მას დავითისათა, ვითარმედ არა მიიღონ ნაწილი კაცთა მათ, რომელნი აქა დადგეს, გარნა ცოლნი და შვილნი მათნი მიიყვანნედ და სხუასა ნატყუენავსა განვეყენნეთ ჩუენგან.

23მიუგო დავით და ჰრქუა: არა ეგრე არს, ძმანო ჩემნო, არმედ ესრე ვყოთ, ოდესღა უფალმან ღმერთმან ჩუენმან მოგუცნა მტერნი ჩუენნი ჴელთა ჩუენთა.

24ვერ ეგების ეგე სიტყუაჲ ყოფად, არამედ სწორად მიიღონ ყოველთა: ვანისმცველმან და მტყუენველმან.

25და ყო ეგრე, და დაიდვა სჯულად მიერითგან ბრძანებისაებრ და სამართლისა შორის ისრაჱლსა ვიდრე დღევანდელად დღემდე.

26და მოვიდა დავით სეკელად და წარავლინნა მოციქულნი და მოუძღუანნა ნაწილნი ყოვლისა მისგან ნატყუენავისა მოხუცებულთა იუდასთა და ყოველსა გარემოს მისსა და თქუა: ესე ნაწილი იყავნ თქუენდა ნატყუენავისა ამისგან მტერთა უფლისათასა,

27რომელნი-იგი ბეთორს იყუნეს და რომელნი არემათს იყუნეს სამხრით კერძო და რომელნი-იგი იეთერს იყუნეს,

28და რომელნი არუერს იყუნეს, და რომელნი-იგი სეფომორს იყუნეს, და რომელნი ესთამოს იყუნეს,

29და რომელნი-იგი რაქათს იყუნეს, და რომელნი ქალაქთა ერამელთასა იყუნეს, და რომელნი-იგი ქალაქთა მათ კინეველთასა იყუნეს,

30და რომელნი-იგი ჰრამას იყუნეს, და რომელნი-იგი ლაქაისასანს იყუნეს, და რომელნი - ანათაგს,

31და ქებრონს და ყოველთა მათ ქალაქთა, რომელთა მისმენილ იყო დავით და კაცნი იგი, რომელ მის თანა იყვნეს.


წინა თავი შემდეგი თავი