მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იერემია წინასწარმეტყველი
თავი 51

1ესრეთ იტყჳს უფალი: აჰა, მე აღვადგინო ბაბილონსა ზედა და დამკჳდრებულთა ზედა ქალდეაჲსათა გულნი აღმადგინებელთანი, ქარი შემწუელი, განმხრწნელი.

2და გამოვავლინნე ბაბილონისათჳს მაგინებელნი, და გინებულ-ყონ იგი და განრყუნან ქუეყანა მისი, რამეთუ ვაჲ ბაბილონსა ზედა გარემოს დღესა შინა განბოროტებისა მისისასა.

3მის ზედა მოირათხნ მომრთხმელმან მშჳლდისა თჳსისამან, და მის ზედა გარემოირატყნ, რომლისა არნ საჭურველი თჳსი. ნუ ჰრიდებთ ჭაბუკთა მისთა ზედა, და განაქარვეთ ყოველი ძალი მისი.

4და დაეცნენ წყლულნი ქუეყანასა შინა ქალდეველთასა და დაგუმერილნი გარეთ მისსა.

5მით, რამეთუ არა დაქურივდა ისრაილი და იუდაჲ ღმრთისა მათისაგან, უფლისაგან ყოვლისა მპყრობელისა, რამეთუ ქუეყანა მათი აღივსო უსჯულოებითა წმიდათაგან ისრაილისათა.

6ივლტოდეთ ბაბილონისშორისისაგან, და განირინეთ კაცადმან სული თჳსი, და ნუ განჰვარდებით უსამართლოებისა მისისა მიერ, რამეთუ ჟამი შურისძიებისა მისისაჲ არს უფლისა მიერ, მისაგებელი მისი მიაგოს მან.

7სასუმელი ოქროსა, ბაბილონი, ჴელსა შინა უფლისასა, დამათრობელი ყოვლისა ქუეყანისაჲ, ღჳნისაგან მისისა სუმიდეს წარმართნი. ამისთჳს აღიძრნეს წარმართნი.

8და მეყსეულად დაეცა ბაბილონი და შეიმუსრა, ჰგოდებდით მას, დასდევით რიტინე განხრწნილებასა მისსა, გან-ხოლო-იკურნოს.

9ვჰკურნებდით ბაბილონსა და არა განიკურნა, დაუტევეთ იგი და წარვედით კაცადი ქუეყანად თჳსსა, რამეთუ მიეახლა ცად მიმართ სასჯელი მისი, და აღიწია მივარსკულავთამდე.

10გამოიღო უფალმან მსჯავრი თჳსი. მოვედით, მიუთხრნეთ სიონსა საქმენი უფლისა ღმრთისა ჩუენისანი.

11განიმზადენით სამშვილდველნი, აღავსენით კაპარჭებნი. განაღჳძა უფალმან სული მეფისა მიდთაჲსა, რამეთუ ბაბილონსა ზედა არს რისხვაჲ მისი მოსპობად მისსა, რამეთუ შურისგება უფლისაჲ არს შურისგება ტაძრისა მისისა.

12ზღუდეთა ზედა ბაბილონისათა აღიღეთ სასწაული, დაადგინენით მცველნი, აღადგინენით მჴუმილნი, განმზადენით საჭურველნი, რამეთუ ჴელ-ყო და ყოს უფალმან, რაოდენნი თქუნა მკჳდრთა ზედა ბაბილონისათა,

13დამკჳდრებულთა წყალთა ზედა მრავალთა და სიმრავლესა ზედა საუნჯეთა მისთასა, ახს აღსასრული შენი ჭეშმარიტად ნაწლევთა შენთა,

14რამეთუ ფუცა უფალმან ძალთამან მკლავისა მიმართ თჳსისა, ვითარმედ: აღგავსო შენ კაცებითა, ვითარცა მკლებითა, და ჴმობენ შენ ზედა აღმავალნი, ვითარცა მთრგუნავნი საწნეხლისანი.

15შემქმნელმან ქუეყანისამან ძალითა თჳსითა განმმზადებელმან მკჳდროვნისამან სიბრძნითა თჳსითა და გულისხმის-ყოფისა მიერ თჳსისა გარდაართხა ცაჲ.

16ჴმად ქუხილისა დადვა სიმრავლე წყლისაჲ ცისა შორის და აღმოიყვანნა ღრუბელნი დასასრულისაგან ქუეყანისა, ელვანი წჳმად შექმნა და გამოიყვანა ნათელი საუნჯეთაგან მისთა.

17განსულელნა ყოველი კაცი მეცნიერებისაგან; სირცხჳლეულ იქმნა ყოველი ოქროსმჭედელი ქანდაკებულთა მისთაგან, რამეთუ ნაწილად გამოადნვეს. არა არს სული მათ შორის,

18ამაოებ არიან საქმენი საკიცხელნი სადუმარნი, ჟამსა შინა ზედმოხილვისა მათისასა წარწყმდენ ესენი.

19არა არს ესემლევანი ნაწილი იაკობისი, რამეთუ რომელნი დაჰბადნა, ყოველნი იგი არს ნაწილ მისსა, და ისრაილი საკურთხ მკჳდრობისა მისისა, უფალი ძალთა სახელი მისი.

20შენ განმიბნევ მე ჭურჭელთა ბრძოლისათა, და განვაბნივნე მე შენ შორის ნათესავნი, და აღვიხუნე შენ შორის მეფენი.

21და განვაბნინე შენ შორის ცხენი და მჴედარი მისი, და განვაბნინე შენ შორის ეტლები და აღმავალნი მათნი.

22და განვაბნინე შენ შორის მამაცი და ცოლი მისი, და განვაბნიო შენ შორის მოხუცებული და ჭაბუკი და მოყმე და ქალწული მისი,

23და განვაბნიო შენ შორის მუშაკი და სამუშაკოჲ მისი, და განვაბნინე შენ შორის მთავარნი და სპასპეტნი.

24და მივაგო ბაბილონსა და მკჳდრთა ქალდეველთასა ყოველნი უკეთურებანი მათნი, რომელნი ქმნნეს სიონს შინა, წინაშე თუალთა თქუენთა, - იტყჳს უფალი.

25აჰა, მე შენდა მიმართ, მთაო განხრწნილო, - იტყჳს უფალი, - განმხრწნელო ყოვლისა ქუეყანისაო. და მივყო ჴელი ჩემი შენ ზედა, და შთამოგაგორვო შენ კლდეთაგან, და გყო შენ, ვითარცა მთაჲ მოცეცხლული.

26და არა მოიღონ შენგან ქვაჲ საფუძველად, რამეთუ განსარყუნელად იყო საუკუნოდ, - იტყჳს უფალი.

27აღიღეთ სასწაული ქუეყანასა ზედა და ჰნესტუეთ ნესტუსა წარმართთა შორის. წმიდა-ყავთ მის ზედა ნათესავები და ჰმოწმეთ მის ზედა მეფეთა არარატისათა, მენი და ასხანაზელთა დაადგინენით მის ზედა წყლულებისმდომნი აღიყვანეთ მის ზედა ცხენი, ვითარცა სიმრავლე მკალთა.

28წმიდა-ყავთ მის ზედა ნათესავი, მეფე მიდთაჲ და წინამძღუარნი მისნი, და ყოველნი სპასპეტნი მისნი და ყოვლისა ქუეყანისა ჴელმწიფებისა მისისანი.

29შეიძრა ქვეყანა და სტკიოდა მით, რამეთუ აღდგა ბაბილონსა ზედა გულისსიტყვა უფლისაჲ დადებად ქუეყანაჲ ბაბილონისაჲ განსაქარვებელად, არდასამკჳდრებელად იგი.

30მოაკლდა მეჰომე ბაბილონისაჲ მბრძოლად, და დასხდენ წყუდეულებასა შინა. მოსწყდა მძლავრება მათი და იქმნნეს, ვითარცა დედანი. მოიწუნეს კარვებნი მათნი, შემუსრნნეს მოქლონნი მისნი.

31მდევარი შემთხუევად მდევნელისა სდევდეს და მეღაღადისე შემთხუევად მეღაღადისისა, მეღაღადებად მეფისა ბაბილონისასა, ვითარცა წარწყმდა ქალაქი დასასრულით გამოსავალთა მისთაჲთ.

32მით, რამეთუ შეპყრობილ იქმნნეს და სახლებნი მათნი მოიცეცხლნეს ცეცხლითა, და მამაკაცნი მისნი მბრძოლნი გამოვიდენ.

33მით, რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაილისაჲ: სახლნი ბაბილონისანი, ვითარცა კალოჲ ოჴერი, მოოჴრდენ. მერმე მცირედღა, და მოიწიოს ღალვაჲ მისი.

34განმყო მე, შემჭამა მე და მეწია მე, ვითარცა ბნელი წულილი, ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილონისმან, დამადგინა მე, ვითარცა ჭურჭელი ცალიერი შთამნთქა მე, ვითარცა ვეშაპმან, აღივსო მუცელი თჳსი შუებულებისაგან ჩემისა, განმაგარეეს მე რუდენებათა ჩემთა.

35და საარებათა ჩემთა ძჳნად ბაბილონისა წარიხუნეს. თქუას მკჳდრმან სიონისამან და სისხლი ჩემი ძჳნად მკჳდრთა ქალდეაჲსათა თქვას იერუსალიმმან.

36ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე ვსაჯო წინამოსაჯული შენი, და შურ-ვიგო შურის-გება შენი, და მოვაოჴრო ზღუაჲ მისი. და განეაჴმო წყაროჲ მისი.

37და იყოს ბაბილონი ბორცუებ და სამკჳდრებელად ვეშაპთა და განსარყუნელად და სასტჳნველად, და არა დაეშენოს.

38თანად ერთბამად, ვითარცა ლომნი აღდგენ ზოგად ძენი მათნი და ვითარ ლეკუნი ლომთანი.

39განჴურვებასა შინა მათსა სარეცელი მათი მივსცე განუსუენებელად, და მივსცე სასუმელი მათ და დავათრვნე იგინი, რაჲთა დასულბენ და დაიძინონ ძილი საუკუნოჲ, და ვერ განიღჳძონ, - იტყჳს უფალი,

40და შთავჴადნე იგინი, ვითარცა კრავნი, დაკლვად და ვითარცა კრავნი თიკნებითურთ,

41ვითარ მოოჴრდა სისახ და მოინადირა სიქადული ყოვლისა ქუეყანისაჲ, ვითარ იქმნა ბაბილონი განსაქარვებელად ყოველთა შორის ნათესავთა?

42აღმოვიდა ბაბილონსა ზედა ზღუაჲ, ჴმითა ღელვათა მისთათა დაიფარა.

43იქმნნეს ქალაქნი მისნი განსაქარვებელ, ქუეყანა ურწყულ და უვალ, ქუეყანაჲ, რომელსა ზედა არ დაიმკჳდროს მის ზედა არა ვინ კაცმან, არცა დაიმასპინძლოს მათ შინა ძემან კაცისამან.

44და შური ვიძიო ბილს ზედა ბაბილონს შინა და გამოვიხუნე, რომელნი შთაენთქნეს, პირისაგან მისისა, და არღარა შეკრბენ მისდამი ნათესავნი წარმართნი მერმე. და ზღუდეცა ბაბილონისაჲ და-ვე-ეცა.

45გამოვედით საშუალისაგან მისისა, ერო ჩემო! და განირინეთ კაცადმან სული თჳსი გულისწყრომისაგან რისხვისა უფლისა.

46და ნუ სადა შეშინდეს გული თქუენი და წიწნეულ იქმნეთ სმენისაგან სმენადისა ქუეყანასა ზედა, და შემოვიდეს მასვე წელსა შინა სმენაჲ, და მის თანა წელიწადსა შინა სმენაჲ და უსამართლობაჲ ქუეყანასა ზედა და მჴელმწიფები მჴელმწიფებასა ზედა, იგავი იგავსა ზედა.

47ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და ზედა მივიხილო ქანდაკებულთა ზედა ბაბილონისათა, და ყოველი ქუეყანაჲ მისი სირცხჳლეულ იქმნეს, და ყოველნი წყლულნი მისნი დაეცნენ შორის მისსა.

48და იხარებდენ ბაბილონსა ზედა ცანი და ქუეყანაჲ და ყოველნი მათ შორისნი, რამეთუ ჩრდილოჲთ მოვიდენ განმხრწნელნი მისნი, - თქუა უფალმან.

49და რამეთუ ბაბილონს შინაცა დაცემაჲ წყლულთა ისრაჱლისათაჲ მის შორის, და ბაბილონისანიცა უკუე დაეცნენ წყლულნი ყოვლისა ქუეყანისა მიერ ძლეულნი.

50განრინებულნი ქუეყანისაგან ვიდოდეთ და ნუ დასდგებით. მოიჴსენეთ შორიელთა უფლისა, და იერუსალჱმი აღვედინ გულთა თქუენთა ზედა.

51გურცხუენა, რამეთუ გუესმა ყუედრებაჲ ჩუენი, დაფარა უპატიოებამან პირი ჩუენი. შევიდეს სხუა ნათესავნი წმიდათა მიმართ ჩუენთა სახიდ უფლისა.

52ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და შურ-ვიგო ქანდაკებულთა ზედა მისთა, და ყოველსა ქუეყანასა ზედა მისსა დაეცნენ წყლულნი,

53რამეთუ აღ-თუ-მაღლდა, ესვიდეს ბაბილონი, ვითარცა ცაჲ, და რამეთუ განმაგრდეს თუ სიმაგრე ძალისა მისისაჲ, ჩემ მიერ მოიწინენ მომსრველნი მისნი, - იტყჳს უფალი.

54ჴმაჲ ღაღადებისაჲ შორის ბაბილონისა და შემუსრვაჲ დიდი ქუეყანასა ზედა ქალდეველთასა,

55რამეთუ მოსპო უფალმან ბაბილონი, და წარწყმიდა მისგან ჴმაჲ დიდი, რომელი ოხრიდა, ვითარცა წყალნი მრავალნი, მისცა მოსპოლვად ჴმაჲ მისი.

56რამეთუ მოვიდა ბაბილონს ზედა საარებაჲ, მოისრნეს მბრძოლნი მისნი, შეძრწუნდა მშჳლდი მათი, რამეთუ ღმერთი შურისმეძიებელ არს. თჳთ უფალმან ნაცვალ-აგოს მას ნაცვალსაგებელი მისი.

57და დაათრვნეს სიმთრვალითა მთავარნი მისნი, და ბრძენნი მისნი, და დამწყებნი მისნი, და სპასპეტნი მისნი და ძალნი მისნი, და დაიძინონ ძილი საუკუნოჲ, და აღარა განიღჳძონ უკუნისამდე, - იტყჳს მეუფე, უფალი ყოვლისა მპყრობელი, სახელი მისი.

58ამათ იტყჳს უფალი: ზღუდე ბაბილონისაჲ განვრცნა. გარდარღუევით გარდაირღუეს, და ბჭენი მისნი მაღალნი ცეცხლითა მოიცეცხლნენ, და არა დაშურებოდიან ერნი ცუდად და ნათესავნი მის შორის მოაკლდენ.

59სიტყუაჲ, რომელი ამცნო უფალმან იერემიას წინაწარმეტყუელსა, რქმად არეაჲსსა ძისა ნირისსა, ძისა მაასესა, ოდეს წარვიდოდა სედეკიაჲს მიერ, მეფისა იუდასა, ბაბილონად წელსა შინა მეოთხესა მეფობისა მისისასა, და არეა იყო მთავარ ნიჭთა.

60და დაწერნა იერემიამან ყოველნი ძჳრნი, რომელნი მოიწინენ ბაბილონსა ზედა, წიგნსა შინა ერთსა ყოველნი ესე სიტყუანი, დაწერილნი ბაბილონისათჳს.

61და თქუა იერემია არეაჲს მიმართ: რაჟამს მიხჳდე ბაბილონად, და იხილო, და აღმოიკითხნე თანად ყოველნი ესე სიტყუანი.

62და სთქუა: უფალო, უფალო, შენ სთქუ ადგილსა ამას ზედა მოსპოლვად იგი და არყოფად მას ზედა მკჳდრნი კაცითგან მისაცხოვართამდე, რამეთუ განსაქარვებელად უკუნისამდე იყოს!

63და იყოს, ოდეს დასცხრე აღმომკითხველი წიგნისა ამის, და დააკრა მას ზედა ქვაჲ და შთააგდო იგი საშუალ ევფრატსა.

64და სთქუა: ესრეთ დაინთქას ბაბილონი, არღა აღდგეს პირისაგან ძჳრთასა, რომელთა მე მოვაწევ მის ზედა, და დაემტკიცნეს სიტყუანი იერემიასნი, ვიდრე აქამომდე.


წინა თავი შემდეგი თავი