მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 48

1გამოჩნდა ელია წინასწარმეტყველი და მისი სიტყვა ლამპარივით ანათებდა;

2ვინც მათ შიმშილი თავს დაატეხა და თავისი შურით შეამცირა მათი რიცხვი;

3უფლის სიტყვით ჩაკეტა ზეცა და სამგზის ჩამოიტანა ცეცხლი.

4როგორ განდიდდი, ელია, შენი სასწაულებით და ვინ დაიქადებს შენსავით?

5შენ აღადგინე გვამი სიკვდილისგან და ჯოჯოხეთისგან უზენაესის სიტყვით;

6შენ ჩამოაგდე მეფეები დასაღუპავად და დიდებულნი მათი სარეცლებიდან;

7სინაიზე მოისმინე მხილება და ქორებზე შურისგების მსჯავრი;

8შენ სცხე მეფეებს სამაგიეროს მისაზღველად და შენს მემკვიდრე წინასწარმეტყველებს;

9ატაცებულ იქმენ ცეცხლის გრიგალით ცეცხლოვანი ცხენების ეტლზე;

10განწესებული იყავი დროზე სამხილებლად, რათა დაგეცხრო უფლის რისხვა, ვიდრე სიშმაგემდე მიაღწევდა, შვილისკენ მოგექცია მამის გული და იაკობის შტოები აღგედგინა.

11ნეტარ არიან შენი მხილველნი, სიყვარულში განმშვენებულნი და ჩვენც სიცოცხლით ვცხონდებით.

12ელია იყო, გრიგალივით რომ დაიფარა და მისი სულით ელისე აღივსო. არ შერყეულა იგი მთავართა წინაშე თავის დღეში და ვერც ვერავინ დაიმორჩილა იგი.

13ვერავის სიტყვამ ვერ სძლია მას და განსვენების ჟამსაც იწინასწარმეტყველა მისმა ცხედარმა.

14როგორც სიცოცხლეში მოიმოქმედა სასწაულნი, ასევე საკვირველი იყო მისი საქმეები მისი აღსასრულის შემდეგ.

15და მაინც არ მოინანია ხალხმა და არ უკუაგდო თავის ცოდვები, ვიდრე ტყვეებად არ წაასხეს თავისი ქვეყნიდან და მთელ ქვეყნიერებაზე არ გაიფანტნენ.

16დარჩა ძალზე მცირე ხალხი და მთავარი დავითის სახლიდან. მათგან ზოგიერთი სათნოდ იქცეოდა, ზოგიერთმა კი გაამრავლა ცოდვები.

17ხიზკიამ გაამაგრა თავისი ქალაქი და მის შუაგულში წყალი შეიყვანა, რკინით გათხარა კლდე და ააშენა წყალსაცავი.

18მის დროს გამოილაშქრა სანხერიბმა და გამოგზავნა რაბსაკე, ხელი აღმართა სიონზე და ამპარტავნულად მედიდურობდა.

19მაშინ აუკანკალდათ გულები და ხელები, და იტანჯებოდნენ მშობიარეთა მსგავსად.

20მოუხმეს უფალს, გულმოწყალეს, და ხელები გაიწოდეს მისკენ. უმალ შეისმინა მათი წმიდამ ზეციდან და იხსნა ისინი ესაიას ხელით.

21მან დაამარცხა აშურელთა მხედრობა და მისმა ანგელოზმა შემუსრა იგი.

22რადგან ხიზკია უფლის წინაშე სათნოდ იქცეოდა და განმტკიცდა მამამისის, დავითის გზაზე, როგორც ამცნო ესაია წინასწარმეტყველმა, დიდმა და სარწმუნომ თავისი ხილვებით.

23მის დროს იყო, რომ უკუიქცა მზე და შეჰმატა მეფეს სიცოცხლეს ხანი.

24თავისი დიდი სულით იხილა უკანასკნელი ამბები და ანუგეშა სიონში მგლოვარენი.

25გამოაცხადა მოწევნადი საუკუნის დასასრულამდე და დაფარულნი - მათ ახდომამდე.


წინა თავი შემდეგი თავი