მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 41

1ო, სიკვდილო, რა მწარეა შენი გახსენება ადამიანისთვის, რომელიც მშვიდად ცხოვრობს თავის სიმდიდრეში! უზრუნველი და ყოველმხრივ ბედნიერი კაცისთვის, ვისაც კიდევ შეუძლია საჭმლის ჭამა.

2ო, სიკვდილო, მშვენიერია შენი განაჩენი გაჭირვებული, დაუძლურებული ადამიანისთვის, მიხრწნილისთვის და ყოველივეზე ზრუნვით გამწარებულისთვის, სასოწარკვეთილისთვის და თმენადაკარგულისთვის!

3ნუ გეშინია სიკვდილის განაჩენისა, გაიხსენე შენი წინაპრები და შენი მომავალნი.

4ეს სასჯელია უფლისგან ყოველი ხორციელისთვის და როგორ უარყოფ მას, რაც უზენაესს ესათნოება. რა ათი, რა ასი, რა ათასი წელი - არ აღირიცხება სულეთში სიცოცხლის ჟამი.

5ცოდვილთა შვილები საძაგლები არიან და ურჯულოებთან ერთად სახლდებიან.

6ცოდვილთა შვილების მემკვიდრეობა განადგურდება და მათი შთამომავლობა სამუდამოდ სირცხვილში იქნება.

7ურჯულო მამას შვილები გაკიცხავენ, რადგან მის გამო ჩაცვივდნენ სირცხვილში.

8ვაი თქვენდა, ურჯულო კაცნო, რომელთაც უზენაესი ღვთის რჯული დაგიგდიათ!

9როცა იბადებით, შესაჩვენებლად იბადებით, და როცა კვდებით, შეჩვენებაა თქვენი ხვედრი.

10ყოველი, რაც მიწისაგანაა, მიწადვე მიიქცევა, ასევე ურჯულონიც - შეჩვენებიდან წარწყმედისკენ.

11ადამიანები თავიანთ სხეულებს იგლოვენ, ხოლო ცოდვილთა უკეთური სახელიც კი წარიხოცება.

12იზრუნე სახელზე, რადგან იგი უფრო დიდხანს იქნება შენთან, ვიდრე ოქროს ათასი დიდი საგანძური.

13კარგი ცხოვრების დღეები დათვლილია, კარგი სახელი კი საუკუნოდ რჩება.

14დაიცავით, შვილებო, მცნება და მშვიდობით იყავით. დაფარული სიბრძნე და უჩინარი განძი - რა სარგებლობაა ამ ორისგან?

15თავისი სისულელის დამფარველი კაცი სჯობს კაცს, თავისი სიბრძნის დამფარველს.

16ამიტომაც ყურადიღეთ ჩემი სიტყვები: ყოველგვარი სირცხვილის შენახვა როდია კარგი, და ყველაფერი ყველას მიერ ჭეშმარიტებით როდი ფასდება.

17გრცხვენოდეთ გარყვნილებისა დედ-მამის წინაშე და სიცრუისა წინამძღოლის და მეუფის წინაშე;

18შეცოდებისა მსაჯულისა და მთავრის წინაშე და ურჯულოებისა საკრებულოსა და ხალხის წინაშე;

19უსამართლობისა ნაცნობისა და მეგობრის წინაშე და ქურდობისა იმ ადგილზე, სადაც ცხოვრობ;

20გრცხვენოდეთ ღვთის სიმართლისა და აღთქმისა, და პურ-მარილზე იდაყვთა დაყრდნობისა,

21მოტყუებისა სესხება-მიცემისას და დუმილისა მომსალმებლის წინაშე,

22მეძავი ქალის ცქერისა და ნათესავისგან პირის შექცევისა,

23წილისა და ძღვენის წართმევისა და გულისთქმისა გათხოვილი ქალის მიმართ,

24არშიყობისა საკუთარ მხევალთან (და ახლოს არ გაეკარო მის საწოლს),

25მეგობრებისთვის დასაყვედრებელი სიტყვებისა (და გაცემის შემდეგ ნუღარ დაამადლით);

26გრცხვენოდეთ ჭორის გამეორებისა და დაფარულ სიტყვათა გამჟღავნებისა.

27იყავი ჭეშმარიტად მორცხვი და ყოველი ადამიანის სიყვარულს მოიპოვებ.


წინა თავი შემდეგი თავი