მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 35

1რჯულის შემნახველი ბევრ მსხვერპლს სწირავს, მცნებათა აღმსრულებელი კი სამადლობელ მსხვერპლს სწირავს.

2მადლის მიმგებელი გამტკიცულ ფქვილს სწირავს, ხოლო მოწყალების გამღები ქების მსხვერპლს სწირავს.

3სათნოა უფლისათვის ბოროტისგან განშორება და შეიწყალებს იგი უსამათლობისგან განდგომილს.

4ნუ წარდგები უფლის წინაშე ხელცარიელი, რადგან ყოველივე ამას მცნება მოითხოვს.

5მართლის შესაწირავი გააპოხიერებს სამსხვერპლოს და მისი კეთილსურნელება უზენაესის წინაშეა.

6მსხვერპლი მართალი კაცისა შეწყნარებულია და ხსოვნა მისი დავიწყებული არ იქნება.

7კეთილი თვალით ადიდე უფალი და ნუ დაამცრობ შენს ნახელავთა ნათავარს.

8მხიარული იყოს შენი სახე ყოველი გაცემისას და სიხარულით შესწირე მეათედი.

9მიეცი უზენაესს მისი მოცემისამებრ და კეთილი თვალით - შენი ხელით მონახვეჭისამებრ.

10რადგან უფალი სამაგიეროს მიმზღველია და შვიდწილად გადაგიხდის.

11ძღვენს ნუ შეამცირებ, რადგან არ მიიღებს, და ნურც უსამართლო შესაწირავის იმედი გექნება.

12რადგან უფალი მსაჯულია და მასთან პირფერობა არ ეგება.

13იგი არ მიიბრუნებს პირს გლახაკისგან და შეისმენს მის მუდარას.

14აბუჩად არ აიგდებს არც ქვრივის და არც ობლის ვედრებას, თუკი იგი სათქმელს გადმოღვრის.

15განა ქვრივის ღაწვებზე ცრემლი არ მოგორავს და არ ჩივის ხმამაღლა იმათ წინააღმდეგ, ვინც დაამდაბლა ისინი?

16ღვთის მსახური სათნოდ იქნება შეწყნარებული და მისი ლოცვა ღრუბლებამდე ააღწევს.

17მდაბლის ლოცვა ღრუბლებს სწვდება და მანამდე არ იქნება ნუგეშცემული, ვიდრე ღმერთამდე არ მიაღწევს;

18და არ შეწყვეტს, სანამ უზენაესი არ გადმოხედავს, სიმართლით არ განსჯის და სამართალს არ გააჩენს.

19არც უფალი დააყოვნებს და აღარ მოუთმენს მათ,

20ვიდრე წელში არ გატეხავს შეუწყალებელთ და შურისძიებას არ მიაგებს წარმართებსაც.

21ვიდრე არ შემუსრავს მედიდურთა სიმრავლეს და უსამართლოთა კვერთხს დალეწავს,

22ვიდრე სამაგიეროს არ მიუზღავს კაცს მის საქმეთაებრ და კაცთა საქმეებს მათი ჩანაფიქრისაებრ,

23ვიდრე სამსჯავროზე არ განსჯის თავის ხალხს და არ გაახარებს მას თავისი მოწყალებით.

24რადგან მისწრებაა მოწყალება გასაჭირში, როგორც საწვიმარი ღრუბლები გვალვაში.


წინა თავი შემდეგი თავი