მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 21

1შვილო, შესცოდე? ნუღარ მიუმატებ, არამედ ადრინდელთა მიტევებისთვის ილოცე.

2გაექეცი ცოდვას, როგორც უხსენებელს, რადგან, თუ ახლოს მიხვალ, გიკბენს. მისი კბილები ლომის კბილებია - ადამიანთა სულების მომაკვდინებელი.

3ყოველი ურჯულოება ორლესული მახვილივითაა - მისი ნაჭრევი არ განიკურნება.

4დაშინებით და ძალადობით სიმდიდრე ოხრდება, ასევე მოოხრდება ამპარტავნის სახლი.

5ღატაკის ვედრება მისი პირიდან ღვთის ყურამდე აღწევს და სწრაფადვე მოდის მისი განაჩენი.

6მხილების მოძულე ცოდვილის კვალზეა, ღვთის მოშიში კი გულით მოინანიებს.

7ენით ძლიერი შორიდან შეიცნობა, მაგრამ გამჭრიახი ხედავს, სად წაიბორძიკებს იგი.

8რაღა სხვისი ხარჯით თავისი სახლის მშენებელი და რაღა საკუთარი საფლავისთვის ქვების შემგროვებელი.

9ურჯულოთა თავყრილობა ძენძის გროვაა და მათი აღსასრული ცეცხლის ალია.

10ცოდვილთა გზა ქვებით არის მოკირწყლული, მაგრამ მის ბოლოში ჯოჯოხეთის უფსკრულია.

11რჯულის დამცველი განაგებს თავის ფიქრებს და სიბრძნე უფლის შიშის განსრულებაა.

12უნიჭო ვერ განისწავლება, მაგრამ ზოგჯერ ნიჭი სიმწარეს ამრავლებს.

13ბრძენის ცოდნა წყალდიდობასავით იზრდება და მისი რჩევა სიცოცხლის წყაროა.

14ბრიყვის გონება გატეხილ ჭურჭელს ჰგავს - ვერავითარ ცოდნას ვერ დაიჭერს.

15გონიერი მოისმენს ბრძნულ სიტყვას, შეაქებს მას და თავადაც შეითვისებს; თავქარიანი მოისმენს, არ მოეწონება და ზურგს უკან მოისვრის.

16ბრიყვის მონათხრობი ტვირთია გზაზე, გონიერის ბაგეებზე კი მადლი იპოვება.

17ჭკვიანი კაცის პირს საკრებულოში დაუწყებენ ძებნას და მის სიტყვებს გულში ჩაითხრობენ.

18რაღა დანგრეული სახლი და რაღა სიბრძნე ბრიყვთათვის; ცოდნა უგუნურისა უაზრო სიტყვებია.

19უჭკუოსთვის წვრთნა ბორკილებია ფეხებზე და ჯაჭვი - მარჯვენა ხელზე.

20ბრიყვი სიცილის დროს ხმას აიმაღლებს, ჭკვიანი კაცი კი წყნარად გაიღიმებს.

21წვრთნა ჭკვიანისთვის ოქროს სამკაულია და ძვირფასი სალტე - მარჯვენა მკლავზე.

22ბრიყვის ფეხები შინისკენ მიიჩქარის, მრავლისგანმცდელი კაცი კი კდემამოსილად შედგება მის წინ.

23უგუნური სახლში კარებიდან იჭვრიტება, აღზრდილი კაცი კი გარეთ დადგება.

24უზრდელობაა ადამიანისათვის კარებიდან მოსმენა, გონიერს კი შეაწუხებს ამგვარი ურცხვობა.

25უგუნურთა ბაგენი ბევრს ლაპარაკობენ, გონიერთა სიტყვები კი სასწორზე იწონება.

26ბრიყვთა გული მათ პირზეა, ბრძენთა პირი კი - მათ გულში.

27სატანის წყევლისას უღვთო თავის სულს იწყევლის.

28მაბეზღარა ბილწავს თავის სულს და მოძულებულია თავის სამეზობლოში.


წინა თავი შემდეგი თავი