მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 51

1გმადლობ, უფალო და მეუფეო, და გაქებ შენ, ღმერთო, მხსნელო ჩემო, ვმადლობ შენს სახელს,

2რადგან მფარველად და შემწედ მეყავ, იხსენი სხეული ჩემი დაღუპვისაგან, ცილისმწამებლური ენის მახისგან და სიცრუის შემცველ ბაგეთაგან; ჩემზე ამხედრებულთა წინაშე შემეწიე და მიხსენი მე.

3შენი უხვი მოწყალების და სახელის ძალით კბილთა ღრჭენისგან და შთანთქმისგან, ჩემი სულის მძებნელთა ხელიდან და მრავალი ჭირისაგან, რომელნიც განვიცადე,

4ყოველი მხრივ შემხუთველი ცეცხლისგან და ცეცხლის შუაგულისგან სადაც არ დავიწვი.

5ჯოჯოხეთის სტომაქის სიღრმიდან, უწმინდური ენისა და ცრუ სიტყვისგან,

6და მეფის წინაშე უსამართლო ენის ცილისწამებისგან. ჩემი სული სიკვდილს იყო მიწევნილი და ჩემი სიცოცხლე ჯოჯოხეთს მიეახლა.

7ყოველი მხრიდან შემომერტყნენ და არ ჩანდა მხსნელი, თვალებით ვეძებდი ადამიანთაგან შემწეობას, მაგრამ ამაოდ.

8მაშინ გავიხსენე შენი წყალობა, უფალო, და საქმენი შენი დასაბამიდან, რომ შენ გადაარჩენ ჩენს მოიმედეთ და დაიხსნი მათ მტრების ხელთაგან.

9და აღვამაღლე მიწიდან ჩემი ვედრება და სიკვდილისგან დახსნა შეგთხოვე.

10მოვუხმე უფალს, ჩემი უფლის მამას, არ მივეტოვებინე გასაჭირის დღეებში, როცა ამპარტავანთა წინაშე არ იყო შემწეობა. დაუცხრომლად ვადიდებ შენს სახელს და მადლობით გიგალობ.

11რადგან ვედრება ჩემი შესმენილ იქნა, გადამარჩინე მე წარწყმედას და ავი დროებისგან დამიხსენი.

12ამისათვის გმადლობ და შეგაქებ შენ, და ვაკურთხებ უფლის სახელს.

13ჯერ კიდევ სიჭაბუკისას, ვიდრე ავხეტიალდებოდი, ცხადად ვეძებდი სიბრძნეს ჩემს ლოცვაში;

14მასზე ვუხმობდი ტაძრის წინაშე და ბოლომდე მისი მძებნელი ვიქნები.

15როგორც შეთვალული მწიფე მტევანი, ისე ხარობდა მისით ჩემი გული, ჩემმა ფეხებმა სწორი გზით იარა და სიყრმიდანვე კვალში ჩავუდექი.

16ყურს მცირედ მივაპყრობდი და ვიღებდი მას, მრავალს ვპოულობდი ჩემთვის შეგონებას.

17წარმატებასაც მივაღწიე და, ვინც მე სიბრძნე მომცა, მას განვადიდებ.

18გადავწყვიტე მას გავყოლოდი, ვშურობდი სიკეთეს და არ შევრცხვენილვარ.

19ჩემი სული შეეჭიდა სიბრძნეს და რჯულის საქმეშიც გავიწაფე; ხელები მაღლა აღვაპყრე და ჩემი უმეცრება ვაღიარე.

20ჩემი სული მივმართე მისკენ და სიწმინდეში ვპოვე იგი; გული იმთავითვე მას განვუკუთვნე და ამატომაც არ მიმატოვებს.

21ჩემი შიგნეული მის მოსაძებნად შეიძრა და ამიტომაც შევიძინე კეთილი განძი.

22უფალმა მომცა ენა ჯილდოდ და მით შევაქებ მას.

23მომიახლოვდით მე, უსწავლელნო, და სასწავლებელ სახლში დადექით,

24რადგან გჭირდებათ თქვენ იგი და თქვენს სულებსაც ძალზე სწყურიათ.

25გავხსენი პირი და წარმოვთქვი: შეიძინეთ იგი უვერცხლოდ.

26ქედი მის უღელს მოუდრიკეთ და მიიღოს მოძღვრება თქვენსა სულმა. ახლოს არის იგი საძებარი.

27საკუთარი თვალით იხილეთ, რომ მცირედ დავშვერი და სანაცვლოდ დიდი სიმშვიდე მოვიპოვე.

28ეზიარეთ სწავლას თუნდაც დიდძალი ვერცხლის ფასად და მისი წყალობით უამრავ ოქროს შეიძენთ.

29გაიხაროს სულმა თქვენმა მისი მოწყალებით და ნუ შეგრცხვებათ მისი ქებისა.

30დროულად აკეთეთ თქვენი საქმე და თქვენს საზღაურს თავის დროზე გადაგიხდით.


წინა თავი