მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 29

1წყალობის გამღები სესხს აძლევს მახლობელს და თავისი ხელით მისი მომაღონიერებელი მცნებათა დამცველია.

2ასესხე მახლობელს მისი გასაჭირის ჟამს და თავადაც დროზე დაუბრუნე ვალი.

3მტკიცედ დაიცავი სიტყვა, მისი ერთგული იყავი და ყოველ ჟამს იპოვი შენთვის საჭიროს.

4ბევრმა მიიჩნია სესხი ნაპოვნად და ტანჯვაში ჩააგდო თავისი შემაწევარნი.

5ვიდრე მიიღებდეს, ხელებს დაუკოცნის მას და მახლობლის ფულზე ლაპარაკისას ხმას დაუწევს, გადახდისას კი დროს გააჭიანურებს, დაუდევრად გასცემს პასუხს და დროს მოიმიზეზებს.

6თუკი შეძლებს გადახდას, ნახევარს ძლივს მიუტანს და მსესხებელს ნაპოვნად ჩაეთვლება; თუ არა და, დაუკარგავს თავისი ფული და ტყუილუბრალოდ მტერიც შეუძენია, რადგანაც წყევლას და გინებას შეუთვლიან და ნაცვლად პატივისა უპატიობას მიაგებენ.

7ამგვარი ვერაგობის გამო მრავალნი უარს ამბობენ სესხებაზე. ეშინიათ, ტყუილუბრალოდ არ იზარალონ.

8მაგრამ ღარიბის მიმართ სულგრძელი იყავი და მოწყალებას ნუ დაუგვიანებ.

9შეეწიე გლახაკს მცნებისამებრ და გასაჭირში მყოფს ხელცარიელს ნუ გაუშვებ.

10დახარჯე ვერცხლი ძმისა და მეგობრის გულისათვის და ნუ დაჟანგავ მას ლოდის ქვეშ დასაღუპავად.

11შენი საუნჯე უზენაესის მცნებისამებრ დააწყვე და ოქროზე მეტ სარგებლობას მოგიტანს.

12სამადლოდ გასაცემი შენს საგანძურში დააგროვე და იგი გიხსნის ყოველგვარ გასაჭირში,

13და მტკიცე ფარზე და მძიმე შუბზე უკეთ დაგიცავს მტრისგან.

14კეთილი კაცი მახლობელს თავდებად დაუდგება, სირცხვილდაკარგული კი მიატოვებს.

15ნუ დაუკარგავ თავდებობის მადლს, რადგან შენთვის გასცა მან თავისი სიცოცხლე.

16თავმდების დოვლათს დაავსებს ცოდვილი და უმადური თავის მხსნელს მიატოვებს.

17თავდებობამ ბევრი შეძლებული დაღუპა და, როგორც ზღვის ტალღამ, შეარყია.

18სახლიდან განდევნა ძლიერი ვაჟკაცები და უცხო ტომებში ახეტიალა.

19ცოდვილი, თავდებობის მტვირთველი და მოგებას გამოდევნებული, სასჯელს იტვირთავს.

20შეეწიე მახლობელს შენი შეძლებისამებრ და უფრთხილდი, რომ თავადაც არ ჩავარდე.

21დასაბამი სიცოცხლისა წყალი და პურია, სამოსელი და სახლი კი - სირცხვილის დამფარველი.

22ფიცრულში ერჩიოს ღატაკს ცხოვრება უცხოთა შორის ბრწყინვალე ნადიმებს.

23მცირედითაც და დიდითაც მადლიერი იყავი და სახლეულის საყვედურს არ მოისმენ.

24ცუდია სიცოცხლე სახლიდან სახლამდე ხეტიალში; სადაც ხიზნად ხარ, პირს ვერ გააღებ.

25უმასპინძლებ და ასვამ უმადლოდ და, ამასთან ერთად, მწარესაც მოისმენ.

26მოდი აქ, გადამთიელო, სუფრა გაშალე და, თუ რამე გაქვს, მეც მაჭამეო.

27დაუთმე ადგილი, გადამთიელო, პატივსაცემ კაცს, ძმა მესტუმრა და სახლი მჭირდება.

28მძიმეა ეს მგრძნობიარე კაცისათვის: თავშესაფრის დამადლება და სესხის დაყვედრება.


წინა თავი შემდეგი თავი