მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 8

1ნუ ებრძვი ძლიერ კაცს, ვაითუ ოდესმე მის ხელში ჩავარდე.

2ნუ შეედავები მდიდარ კაცს, ვაითუ დაგძალოს მისმა წონამ, რადგან ბევრი დაუღუპავს ოქროს და მეფეთა გონება გადაუბრუნებია.

3ნუ ებრძვი მოლაყბე კაცს და მის ცეცხლს შეშას ნუ შეუკეთებ.

4ნუ გაერთობი უსწავლელთან, რათა არ შეურაცხყო შენი წინაპრები.

5ნუ აყვედრი ცოდვისაგან მოქცეულ კაცს; გახსოვდეს, ყველანი წყევლაში ვართ.

6ნუ შეურაცხყოფ კაცს მის სიბერეში, რადგან ყველანი დავბერდებით.

7ნუ იხარებ მკვდარზე, გახსოვდეს, ყველანი მოვკვდებით.

8ნუ უგულებელყოფ ბრძენთა მონათხრობს და მათი იგავების მიხედვით იცხოვრე, რათა მათგან შეიძინო ცოდნა და დიდებულთა სამსახური ისწავლო.

9ნუ უგულებელყოფ მოხუცთა მონათხრობს, რადგან მათაც თავიანთი მამებისგან ისწავლეს; მათგან ისწავლი განსჯას, და პასუხის გაცემას ჟამის შესაფერისად.

10ნუ გააღვივებ ცოდვილის ნაკვერჩხლებს, ვაითუ მისი ცეცხლის ალით დაიწვა.

11ნუ აღდგები თავხედის წინააღმდეგ, ვაითუ ჩაუსაფრდეს შენს სიტყვებს.

12სესხს ნუ მისცემ შენზე ძლიერ კაცს; თუ მისცემ, დამკარგველი იქნები.

13თავს ნუ იდებ, რაც შენს ძალას აღემატება; თუ თავს იდებ, მოიქეცი, როგორც გარდამხდელი.

14ნუ უჩივლებ მსაჯულს, რადგან მას მისი პატივისამებრ განსჯიან.

15თავზეხელაღებულს ნუ დაემგზავრები, რათა ტვირთად არ აიკიდო, რადგან იგი თავისი ნებისამებრ მოიქცევა და მისი უგუნურება დაგღუპავს.

16გულფიცხს ბრძოლას ნუ გაუმართავ და უდაბნოს ნუ გადაივლი მასთან ერთად, რადგან სისხლი მის თვალში არაფერია, და, სადაც შეწევნა არ გექნება, იქ დაგცემს.

17სულელთან ნუ ითათბირებ, რადგან ვერ შეძლებს სიტყვის შენახვას.

18უცხოს წინაშე დასამალს რასმე ნუ ჩაიდენ, რადგან არ იცი რას მოიმოქმედებს.

19ყველა კაცს გულს ნუ გადაუშლი, რადგან სანაცვლოდ მადლს არ მოგაგებს.


წინა თავი შემდეგი თავი