მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 20

1ზოგჯერ მხილება უდროოა და ზოგჯერ, ვინც დუმს, ის არის გონიერი.

2მხილება სჯობს ლიტონ გულისწყრომას.

3რადგან ნაკლში მხილებული თავს შეიკავებს.

4რაღა საჭურისისგან ქალწულის გაუპატიურების მცდელობა და რაღა განაჩენის ძალით გამოტანა.

5ზოგის მდუმარებაში სიბრძნე ჩანს, ზოგი კი საძულველია ბევრი ლაყბობის გამო.

6ზოგი დუმს, რადგან პასუხი არა აქვს, ზოგი კი იმიტომ დუმს, რომ დროს უყურებს.

7ბრძენი კაცი დრომდე ჩუმად იქნება, მკვეხარა და უგუნური კი დროს არ მოუცდის.

8სიტყვამრავალს შეიძაგებენ და ძალად მოლაპარაკე შეძულებული იქნება.

9ზოგჯერ წარმატება კაცის საზიანოდ არის, ზოგჯერ ზარალიც შენაძენია.

10ზოგიერთი საჩუქარი სარგებლობას ვერ მოგიტანს, ზოგიერთი საჩუქარი კი ორმაგად ანაზღაურდება.

11ზოგჯერ დამცირებას დიდება მოაქვს და კაცი სიმდაბლისგან თავს მაღლა ასწევს.

12ზოგი მცირეთი ბევრს ყიდულობს, ზოგი კი მცირედისთვის შვიდმაგად გადაიხდის.

13ბრძენი ლაპარაკით აყვარებს თავს, სულელთა მადლი კი ფუჭად იკარგება.

14უგუნურის წყალობა არას გარგებს, რადგან ერთის ნაცვლად ბევრი თვალი აქვს:

15ცოტას მოგცემს და მრავალჯერ დაგაყვედრის, გზირივით ექნება პირი დაღებული; დღეს რომ გაასესხებს, ხვალ უკან ითხოვს. საძულველია ამგვარი კაცი.

16სულელი ამბობს: არ მყავს მეგობარი და არც მადლიერია ვინმე ჩემი სიკეთისათვის;

17ჩემი პურის მჭამელნი ავსიტყვაობენო. რამდენი დასცინებს მას და რა ხშირადაც!

18სჯობს მიწაზე დაცურდეს ფეხი, ვიდრე ენაზე. ამგვარად ჩქარა მოაწევს ბოროტთა დაცემა.

19უმადლო კაცი უდროო არაკია, მუდამ პირზე რომ აკერიათ უმეცართ.

20სულელის პირით თქმული იგავი უარსაყოფია, რადგან თავის დროზე არ ამბობს მას.

21ცოდვისაგან ზოგი გაჭირვების გამო თავს იკავებს და, სულს რომ მოითქვამს, აღარ ინანებს.

22ზოგი მორცხვობით იღუპავს თავს, ზოგი კი ბრიყვული გამომეტყველებით.

23ზოგი სირცხვილის გამო ჰპირდება მეგობარს და ტყუილუბრალოდ იკიდებს მტრად.

24სიცრუე ადამიანში ბოროტი ლაქაა, უმეცრებს მუდამ პირზე აკერიათ.

25ქურდი სჯობია სულმუდამ ცრუმეტყველს, თუმცა ერთსაც და მეორესაც წარწყმედა ელის.

26ცრუ კაცს თავისი საქციელი არცხვენს და სირცხვილი მისი მასთანაა საუკუნოდ.

27ბრძენი სიტყვებით გამოაჩენს თავს და გონიერი კაცი დიდებულებს მოეწონებათ.

28მიწათმოქმედი თავის ზვინს აამაღლებს და დიდებულთა მაამებელს უკანონობაც ეპატიება.

29ძღვენი და საბოძვარი ბრძენთაც კი უბრმავებენ თვალებს და პირში ამოდებული ლაგამივით დააბრკოლებენ მხილებაში.

30დაფარული სიბრძნე და უჩინარი განძი - ვის რაში არგია ან ერთი ან მეორე?

31სჯობს კაცი, თავისი სიბრიყვის დამფარველი, კაცს, რომელიც თავის სიბრძნეს ფარავს.


წინა თავი შემდეგი თავი