მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 47

1მის შემდეგ გამოჩნდა ნათანი საწინასწარმეტყველოდ დავითის დღეებში.

2როგორც ცხიმი, მსხვერპლისგან გამორჩეული, ასე იყო დავითი ისრაელიანთა შორის.

3ციკნებივით ეთამაშებოდა ლომებს და ბატკნებივით - დათვებს.

4განა სიჭაბუკეში არ მოკლა ბუმბერაზი და სირცხვილი ჩამორეცხა ხალხს, როცა აღმართა ხელი შურდულის ქვით და დაამხო სიამაყე გოლიათისა?

5რადგან უზენაეს უფალს მოუწოდა და მან მისცა ძალა მარჯვენაში, რათა დაემარცხებინა ომში მძლე კაცი და აემაღლებინა რქა თავის ხალხისა.

6ამგვარად განადიდეს იგი მრავალთა შორის და უფლის კურთხევით შეასხეს ხოტბა, როგორც დიდების ჯიღის მატარებელს.

7რადგან გაანადგურა გარშემო მტრები, დაიმორჩილა მოწინააღმდეგე ფილისტიმელნი და მათი რქები დღემდე შემუსვრილია.

8ყველა თავის საქმეში წმიდას, უზენაესს უძღვნიდა მადლს დიდების სიტყვებით; მთელი გულით უგალობა უფალს და შეიყვარა თავის შემოქმედი.

9დააყენა მგალობელნი საკურთხევლის წინ, რათა მათი ხმებით დაეტკბო ჰანგი.

10მან დაამშვენა დღესასწაულები და დაადგინა ჟამნი მთელი წლის მანძილზე ღვთის წმიდა სახელის შესაქებად და ტაძრის ასახმიანებლად ცისკრიდანვე.

11უფალმა მიუტევა ცოდვები და მისი რქა საუკუნოდ აამაღლა, მისცა მას მეფეთა აღთქმა და დიდების ტახტი ისრაელში.

12შემდგომად მისა გამოჩნდა მისი ბრძენი ვავი და მამის წყალობით იცხოვრა ბედნიერად.

13სოლომონმა მშვიდობიან ხანაში იმეფა, რადგან ღმერთმა ყოველმხრივ მოასვენა, რათა აღემართა სახლი მის სახელზე და საუკუნო ტაძარი განემზადებინა.

14როგორ გაბრძენდი შენს სიჭაბუკეში! მდინარესავით აივსე გონიერებით.

15შენმა სულმა დაფარა დედამიწა და აღავსე იგი იდუმალი იგავებით.

16შორეულ კუნძულებს მისწვდა შენი სახელი და შეგიყვარეს შენი სიმშვიდისთვის.

17შენი საგალობლებით და ანდაზებით, იგავებით და განმარტებებით განცვიფრდნენ ქვეყნები.

18უფალი ღმერთის სახელით, რომელიც ისრაელის ღმერთად იწოდება, კალასავით შეკრიბე ოქრო და ტყვიასავით გაამრავლე ვერცხლი.

19მაგრამ მიდრიკე შენი წელი ქალებისკენ და დაემონე მათ შენი სხეულით.

20ლაქა წასცხე შენს დიდებას და წარყვენი შენი მოდგმა ისე, რომ რისხვა მოაწიე შენს შვილებზე და მათაც დაიტირეს შენი უგუნურება,

21რომ ორად გაყავი ხელმწიფება და ეფრემიდან ურჩ სამეფოს დაედო სათავე.

22მაგრამ უფალი არ დაივიწყებს თავის მოწყალებას, არცერთ თავის ნამოქმედარს არ გაანადურებს, არ შემუსრავს თავისი რჩეულის შთამომავლობას და თავისი მოყვარულის თესლს არ აღმოფხვრის. მან მისცა იაკობს ნატამალი და დავითს - ძირი მისი ღეროდან.

23განისვენა სოლომონმა თავის მამა-პაპასთან და თავის შემდგომად თავისი თესლისგან ხალხს დაუტოვა უმეცარი და ჭკუანაკლული რობოამი, რომელმაც ხალხი განიშორა თავის თათბირით,

24და იერობოამი, ნაბატის ძე, ვინც აცთუნა ისრაელი და ეფრემიც ცოდვის გზაზე დააყენა. დიდად გამრავლდა მათი ცოდვები, რისთვისაც თავიანთი ქვეყნიდან განიდევნენ.

25და ყოველგვარ ბოროტებას სჩადიოდნენ, ვიდრე მათზე შურისგებამ არ მოაწია.


წინა თავი შემდეგი თავი