მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 33

1უფლის მოშიშს არ შეემთხვევა უბედურება, არამედ კვლავ და კვლავ იხსნის განსაცდელისგან.

2ბრძენი კაცი რჯულს არ შეიძულებს, მისი თვალთმაქცურად დამცველი კი ქარიშხალში მოხვედრილი ხომალდივითაა.

3გონიერი კაცი იწამებს რჯულს და რჯულიც სარწმუნოა მისთვის, როგორც პასუხი ურიმისა.

4მოამზადე სიტყვა და მაშინ მოგისმენენ, შეაუღლე ცოდნასთან და გაეცი პასუხი.

5ეტლის ბორბალია ბრიყვის გული და მისი აზრები - მბრუნავი ღერძი.

6ულაყ ცხენსა ჰგავს მქირდავი მეგობარი: ვინც არ უნდა შეაჯდეს, ჭიხვინებს.

7რატომღა სჯობს ერთი დღე მეორეს, თუ ყოველი დღის ნათელი წელიწადში მზისგანაა?

8უფლის სიბრძნით განიყვნენ ისინი, მან განასხვავა არენი და დღესასწაულნი.

9მათგან ზოგნი აამაღლა და წმიდაჰყო, ზოგნი კი სადაგ დღეთა რიცხვს მიაკუთვნა.

10ყოველი ადამიანი მიწისგანაა და მიწისგან შეიქმნა ადამიც.

11მაგრამ ყოვლისმცოდნე უფალმა დაყო ისინი და განასხვავა მათი გზები.

12მათგან ზოგნი აკურთხა და აამაღლა, ხოლო ზოგნი წმიდაჰყო და თავისთან მიიახლა, სხვანი კი დაწყევლა და დაამდაბლა და მიაქცია ისინი მათი ადგილიდან.

13როგორც თიხაა მექოთნის ხელში, ვის ნებაზეცაა დამოკიდებული მისი ყველა გზა, ასევე ადამიანებიც მათი შემოქმედის ხელშია და ისიც მიაგებს მათ თავისი განგების მიხედვით.

14როგორც ბოროტებას უპირისპირდება სიკეთე და სიკვდილს - სიცოცხლე, ასევე ღვთისმოსავს - ცოდვილი.

15ამგვარად შეხედე უზენაესის ყოველ საქმეს: წყვილ-წყვილად არიან, ერთიმეორეს უპირისპირდებიან.

16და მე უკანასკნელმა ვიფხიზლე, როგორც მცვრეველმა მკრეფავთა კვალზე,

17და ღვთის კურთხევით მაინც ვიმარჯვე და ყურძნის მკრეფავთა მსგავსად მეც ავავსე საწნახელი.

18იცოდეთ, მხოლოდ ჩემთვის როდი დავშვერი, არამედ ყველასთვის, ვინც ცოდნას ეძებს.

19შეისმინეთ ჩემი, ერის დიდებულნო და საკრებულოს წინამძღვარნო, ყურად იღეთ:

20შვილსა და ცოლს, ძმასა და მეგობარს ნუ დაისვამ თავზე შენს სიცოცხლეში. სხვას ნუ მისცემ შენს ქონებას, რათა არ შეინანო და არ მისტიროდე.

21სანამ ცოცხალი ხარ და პირში სული გიდგას, სხვას ნურავის დაუთმობ შენს ადგილს.

22რადგან უმჯობესია შვილებმა გთხოვონ, ვიდრე შენ უყურებდე შვილებს ხელებში.

23ყველა შენს საქმეში პირველი იყავი და ლაქას ნუ წააცხებ შენს ღირსებას.

24შენი სიცოცხლის უკანასკნელ დღეს და აღსასრულის ჟამს გაანაწილე მემკვიდრეობა.

25საკვები, ჯოხი და ტვირთი - ვირს; პური, წვრთნა და საქმე კი - მსახურს.

26დაასაქმე მონა და იპოვი მოსვენებას, გაუხსნი ხელებს და თავისუფლებას ეცდება.

27ხარის ქედს უღელი და აპეურები მოდრეკენ, ცბიერ მსახურს კი - ბორკილები და წყლულები.

28მიუჩინე მას საქმე, რათა არ გაზარმაცდეს, რადგან მრავალი ბოროტება უსწავლებია მცონარობას.

29დააყენე საქმეზე, როგორც მას შეეფერება და, თუ არ დაგემორჩილა, მძიმე ბორკილები დაადე.

30მაგრამ ნურცერთ ხორციელს ნუ მოსთხოვ ზედმეტს და განუსჯელად ნურაფერს გააკეთებ.

31თუ გყავს მსახური, შენსავით იყოს, რადგან სისხლით გყავს შეძენილი.

32თუ გყავს მსახური, ძმასავით მოექეცი, რადგან დაგჭირდება, როგრც საკუთარი სული.

33თუკი ბოროტად მოექეცი მას და ისიც ადგება და გაიქცევა, რომელ გზაზე დაუწყებ ძებნას?


წინა თავი შემდეგი თავი