მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 19

1ლოთი მუშა ვერ გამდიდრდება და მცირეთა არად ჩამგდები თანდათან დაკნინდება.

2ღვინო და ქალები აუკუღმართებს გონიერთ და მეძავებთან საქმის დამჭერი მეტისმეტად თავაშვებულია.

3მღილი და მატლი დაეუფლებიან მას და თავაშვებული სული წარიწყმიდება.

4მალემრწმენი ჭკუამსუბუქია და ვინც სცოდავს, საკუთარ თავს ვნებს.

5გულისთქმას აყოლილს მსჯავრი დაედება, ვნებათა წინააღმდგომი სიცოცხლეს დაიგვირგვინებს.

6ენის მომთოკავი უშუღლოდ იცხოვრებს და ლაყბობის მოძულე ბოროტს აიცილებს.

7ნურასოდეს გაიმეორებ სიტყვას და არასოდეს არაფერი დაგეკარგება.

8ნურც მეგობარს და ნურც მტერს ნუ ეტყვი და, თუ შენთვის ცოდვა არ არის, ნუ გაამჟღავნებ.

9რადგან მოგისმენს ვინმე და დაგიდარაჯდება, გავა დრო და შეგიძულებს.

10მოისმინე სიტყვა? მოკვდეს შენთან ერთად. ნუ გეშინია, არ აგაფეთქებს.

11სულელს ისე ატკივებს სიტყვა, როგორც მშობიარეს შობადი ჩვილი.

12რაღა ბარძაყში გარჭობილი ისარი და რაღა სიტყვა სულელის გულში.

13ჰკითხე მეგობარს, იქნებ მას არ ჩაუდენია; და თუ ჩაიდინა, მომავალში ნუღარ ჩაიდენს.

14ჰკითხე მახლობელს, იქნებ არ უთქვამს და თუ თქვა, ნუღარ გაიმეორებს.

15ჰკითხე მეგობარს, რადგან ხშირად იბადება ცილისწამება, და ყველა სიტყვას ნუ ირწმუნებ.

16ზოგი სცოდავს, მაგრამ არა სულით, ენით კი ვის არ შეუცოდავს?

17ჰკითხე შენს მახლობელს, ვიდრე დაემუქრებოდე, და უზენაესის განგებას გზა მიეცი.

18

19

20ყოველი სიბრძნე უფლის შიშია და ყოველ სიბრძნეში კანონის აღსრულებაა.

21

22ბოროტის ცოდნა არაა სიბრძნე და არც გონიერებაა იქ, სადაც ცოდვილნი ბჭობენ.

23არის სიჭკვიანე, რომელიც სისაძაგლეა, და არის ბრიყვი, რომელსაც მხოლოდ სიბრძნე აკლია.

24ჭკუანაკლი, მაგრამ ღვთისმოშიში სჯობს დიდად გაბრძნობილს, მაგრამ რჯულის დამრღვევს.

25რაღა საფუძვლიანი, მაგრამ უსამართლო სიჭკვიანე, და რაღა მადლის წახდენა განაჩენის გამოტანისას.

26არის ცბიერი, მწუხარებით თავჩაქინდრული, მაგრამ შიგნით სავსეა ვერაგობით.

27სახეს მალავს და მოიყრუებს, მაგრამ სადაც არ ელი, იქ მიგასწრებს.

28თუ კაცი შეუძლებლობის მიზეზით ვერ სცოდავს, დროს იპოვნის და ბოროტებას მაინც ჩაიდენს.

29კაცი გარეგნობით იცნობა, ხოლო გონიერი - სახის გამომეტყველებით შეხვედრისას.

30სამოსელი, სიცილი და სიარული ამხელს ადამიანს.


წინა თავი შემდეგი თავი