მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 16

1უვარგის შვილთა სიმრავლეს ნუ ისურვებ, და ნურც ურჯულო ვაჟებით ხარობ.

2მათი გამრავლება ნუ გაგახარებს, რადგან არა აქვთ შიში უფლისა.

3არ ირწმუნო მათი სიცოცხლე და ნუ დაენდობი მათ სიმრავლეს, რადგან ზოგჯერ ერთი სჯობს ათასს და უშვილოდ გადაგება - ურჯულო შვილთა ყოლას.

4რადგან ერთი გონიერისაგან ქალაქი აშენდება, ურჯულოთა ტომი კი მოოხრდება.

5მრავალი ამგვარი რამ იხილეს ჩემმა თვალებმა და ამაზე უარესი მოუსმენიათ ჩემს ყურებს.

6ცოდვილთა საკრებულოში ცეცხლი გაჩაღდება, ურჩ ხალხში კი რისხვა აინთება.

7არ შეიწყალა ძველი ბუმბერაზები, რომელნიც თავიანთი ძალის იმედად განუდგნენ მას.

8არ დაინდო ლოთის სახლეულიც, რომელიც მოიძულა მისი ამპარტავნობისთვის.

9არ შეიწყალა წარწყმედილი ხალხი, რომელიც მედიდურობდა თავისი ცოდვებით.

10ისევე, როგორც ექვსასი ათასი კაცი, გულქვაობამ რომ შეკრიბა ერთად.

11თუნდაც ერთი იყოს ქედფიცხელი, მაინც საკვირველი იქნება დაუსჯელი რომ დარჩეს, რადგან წყალობაცა და რისხვაც უფალთანაა, და შეწყალებაც ხელეწიფება და რისხვის გადმოღვრაც.

12რამდენადაც დიდია მისი წყალობა, იმდენად დიდია მხილება მისგან და კაცს მისი საქმეების მიხედვით განსჯის.

13ვერ გაექცევა მას ცოდვილი ნაძარცვით და მოთმინება კეთილმორწმუნეთა ამაო როდია.

14ადგილს მიუჩენს ყოველ მოწყალებას და თითოეული თავის საქმეთა მიხედვით მიიღებს.

15

16

17ნუ იტყვი, დავემალები უფალს და სიმაღლიდან ვინ გამიხსენებსო? ვერც კი შემამჩნევსო ხალხის სიმრავლეში, რადგან რა არის ჩემი სული ზღვარდაუდებელ სამყაროში?

18აჰა, ზეცა და ზეცა ზეცისა, უფსკრული და მიწა, ირყევიან მისი მზერის ქვეშ;

19მთანიცა და საფუძველიც დედამიწისა ერთნაირად ირყევა ძრწოლით, როცა მათ მოხედავს.

20ეს ვერ გაუგია გულს და მის გზებს ვინ მოიაზრებს?

21როგორც ქარი, რომელსაც ადამიანი ვერ ხედავს, ასევე მისი საქმეების უმრავლესობაც დაფარულია.

22ვინ მოგვითხროს საქმენი მისი სამართლიანობისა? ან ვინ დაელოდება მათ? რადგან შორსაა აღთქმა.

23ამგვარად განსჯის გულით ღატაკი და უგუნური და ცდუნებული კაციც ამგვარად ფიქრობს.

24ყური დამიგდე მე, შვილო, და ისწავლე სიბრძნე და ჩემი სიტყვები გულით შეისმინე.

25აწონილად გამოვაჩენ სწავლას და ზედმიწევნით გავაცხადებ ცოდნას.

26დასაბამითვეა მისი საქმეები და როცა შექმნა ისინი, დაჰყო ნაწილებად.

27საუკუნოდ მოაწესრიგა თავისი საქმენი და მათი ხელმწიფება თაობათა მიმართ. არც სწყურიათ და არც იღლებიან, არც სწყვეტენ თავის მოქმედებას.

28არ ავიწროებენ ერთმანეთს და არასოდეს ეურჩებიან უფლის სიტყვას.

29შემდგომ ამისა უფალმა მიწას გადმოხედა და აღავსო იგი თავისი სიკეთით.

30ყოველი ცხოველის სულმა დაფარა მისი პირი და მისკენ მიიქცევა ყოველივე.


წინა თავი შემდეგი თავი