მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 37

1ყოველ მეგობარს შეუძლია თქვას, მეგობარი ვარო, მაგრამ ზოგი მეგობარი მხოლოდ სახელით არის მეგობარი.

2განა სიკვდილივით საწუხარი არ არის, როცა ამხანაგი და მეგობარი მტრად გადაგექცევა?

3ო, ბოროტო ზრახვავ, საიდან შემოძვერი, რომ ხმელეთი მზაკვრობით დაგეფარა?

4მეგობარი ტკბება მეგობრის სიხარულით და გასაჭირის ჟამს კი მის წინააღმდეგ იქნება.

5მეგობარი მეგობარს შეეწევა სტომაქის გულისთვის, ომის დროს კი ფარს დაწვდება.

6ნუ დაივიწყებ მეგობარს შენს სულში და გულიდან ნუ ამოგივარდება შენი კეთილდღეობის დროს.

7ყველა მრჩეველი თავის რჩევას აქებს, მაგრამ ზოგიერთი თავის სასარგებლოდ ურჩევს.

8მრჩევლისგან დაიცავი თავი და ჯერ გამოიცან, რა სურს მას, რადგან შესაძლოა, თავისთვის სასარგებლო რამ გირჩიოს, შენზე კი წილი ჰყაროს;

9გითხრას: კეთილია შენი გზა, მერე წინ დაგიდგეს იმის დასანახად, თუ რა შეგემთხვევა.

10ნუ ითათბირებ შენს მიმართ ეჭვით მომზირალთან და შენს მოშურნეებს დაუფარე განზრახვა.

11ნუ ითათბირებ ცოლთან მის რაყიფზე და მხდალთან - ომზე, ვაჭართან - გაცვლა-გამოცვლაზე და მყიდველთან - გაყიდვაზე, მოშურნესთან - მადლიერებაზე და უწყალოსთან - ქველმოქმედებაზე, მცონარესთან - ნურა საქმეზე, ერთი წლით დაქირავებულთან - სამუშაოს დასრულებაზე და ზარმაც მსახურთან დიდ საქმეზე; არანაირი ბჭობისას არ დაენდო მათ.

12არამედ ყოველთვის მიმართე მხოლოდ ღვთისმოსავ კაცს, ვისზედაც შეიტყობ, რომ მცნებებს მტკიცედ იცავს, ვისი სულიც შენს სულს ეთანხმება და თუ დაეცემი, შენთან ერთად იმწუხრებს.

13დაეყრდენი შენი გულის რჩევას, რადგან მასზე უფრო სანდო არავინ არ გყავს.

14კაცის სული ხომ ზოგჯერ უფრო მეტს გვაუწყებს, ვიდრე მაღალზე მჯდომი შვიდი მეთვალყურე.

15ყოველივე ამისთვის კი ევედრე უზენაესს, რათა ჭეშმარიტებით წარგიმართოს გზა.

16დასაბამი ყველა საქმისა განსჯაა, ყოველგვარ საქმეზე უწინარესი კი - რჩევა.

17კვალი გულის ცვალებადობისა ოთხ მდგომარეობას გვიჩვენებს:

18ბოროტებასა და სიკეთეს, სიცოცხლესა და სიკვდილს; ენა კი მიწყივ მეუფებს მათზე.

19ზოგი კაცი გაწაფულია, მრავალს მოძღვრავს, მაგრამ ურგებია საკუთარი თავისთვის.

20ზოგიერთი სიტყვით ბრძენობს, მაგრამ საძულველია; ამგვარს ყოველგვარი საზრდელი მოაკლდება,

21რადგან არ მიეცა მას უფლისგან მადლი და მოკლებულია ყოველგვარ სიბრძნეს.

22ზოგი ბრძენია საკუთარი თავისთვის და მისი ცოდნის ნაყოფი მის ბაგეზე სარწმუნოა.

23ბრძენი კაცი თავის ხალხს აღზრდის და მისი ცოდნის ნაყოფი სარწმუნოა.

24ბრძენი კაცი კურთხევით აღივსება და მას შენატრის ყოველი მხილველი.

25კაცის სიცოცხლე დღეების რიცხვით განისაზღვრება, ხოლო დღენი ისრაელისა კი განუსაზღვრელია.

26ბრძენი დაიმკვიდრებს თავისი ერის ნდობას და მისი სახელი საუკუნოდ იცოცხლებს.

27შვილო, გამოსცადე შენი სული სიცოცხლეში და ნახე, რა არის მისთვის ცუდი, და ნუ შეამთხვევ.

28რადგან ყველაფერი როდია ყველასთვის სასარგებლო და ყოველ სულს როდი ესათნოება ყოველივე.

29გაუმაძღარი ნუ იქნები განცხრომაში და საჭმელ-სასმელს ნუ დაეხარბები.

30რადგან ბევრი ჭამისგან ჩნდება სენი და გაუმაძღრობამ გულისრევა იცის.

31გაუმაძღრობით მრავალნი აღესრულნენ, თავშეკავებული კი სიცოცხლეს იხანგრძლივებს.


წინა თავი შემდეგი თავი