მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 24

1სიბრძნე თავის თავს განადიდებს და თავის ხალხში შეიქება.

2პირს გახსნის უზენაესის საკრებულოში და მისი მხედრობის წინაშე შეიქება.

3მე გამოვედი უზენაესის პირიდან და ნისლივით დავფარე დედამიწა.

4მაღალზე დავდგი ჩემი კარავი და ჩემი ტახტი სვეტზე ღრუბლისა.

5მარტომ შემოვიარე ზეცის სიმრგვალე და მოვვლე სიღრმენი უფსკრულისა.

6ზღვის ტალღებში მთელს დედამიწაზე ყოველი ხალხში და ტომში მოვიხვეჭე დოვლათი.

7ყველა მათგანში ვეძებე განსვენება, ვის სამკვიდროებში დავბინავებულიყავი.

8მაშინ მიბრძანა მე ყოველთა დამბადებელმა, ჩემმა შემქმნელმა, და საბოლოოდ განმიჩინა კარავი და მითხრა: იაკობში დაივანე და ისრაელში დამკვიდრდიო.

9უწინარეს საუკუნისა, დასაბამითვე, შემქმნა მე და უკუნისამდე არ გავთავდები.

10წმინდა კარავში ვიმსახურე მის წინაშე და სიონში ასე განვმტკიცდი.

11ასევე თავის საყვარელ ქალაქში მომასვენა და იერუსალიმში იყო ჩემი ხელმწიფება.

12გავიდგი ფესვი სახელგანთქმულ ხალხში, წილხვედრილში უფლისა, რომელიც დაიმკვიდრეს მათ.

13ავმაღლდი, როგორც კედარი ლიბანში, და როგორც კვიპაროსი ჰერმონის მთებზე.

14ავმაღლდი, როგორც ფინიკი ენგადში, და როგორც ბუჩქები ვარდისა იერიქონში, როგორც მშვენიერი ზეთისხილი ველზე და როგორც ჭადარი ავმაღლდი.

15გამოვეცი კეთილსურნელება, როგორც დარიჩინმა და ასპალანთმა და როგორც რჩეულმა გუნდრუკმა ამო სურნელი მოვფინე, როგორც ხალბანმა, ონიქსმა და შტახსმა და როგორც საკმევლის კვამლმა კარავში.

16გავშალე რტოები, როგორც ბელეკონმა და ჩემი რტოები დიდებისა და მადლის რტოებია.

17მე წარმოვშვი მადლი, როგორც ვაზმა და ჩემი ყვავილები დიდებისა და დოვლათის ნაყოფია.

18

19მოდით ჩემთან, მსურველნო ჩემნო, და გაძეხით ჩემი ნაყოფით.

20რადგან ჩემი გახსენება თაფლზე უტკბესია და ჩემი დამკვიდრება გოლეულზე გემრიელია.

21ჩემ მჭამელთ კიდევ მოშივდებათ და მსმელთა ჩემთა კიდევ მოსწყურდებათ.

22მსმენელი ჩემი არ შერცხვება და ჩემით მუშაკნი არ შესცოდავენ.

23ყოველივე ეს უზენაესი ღვთის აღთქმის წიგნია, რჯული, რომელიც მოსემ მემკვიდრეობად გვიანდერძა ჩვენ, იაკობის საკრებულოს.

24

25ის ავსებს სიბრძნით, როგორც ფისონი და როგორც ტიგრისი მწიფობის დღეებში.

26ის ავსებს გონებით, როგორც ევფრიტი და როგორც იორდანე მკის დღეებში.

27ის ასხივებს მოძღვრებას, როგორც ნათელი და როგორც გეონი რთვლის დღეებში.

28პირველმა ვერ შეიმეცნა იგი სრულად და ასევე ვერ ჩასწვდება მას უკანასკნელიც.

29რადგან ზღვის უვრცესია მისი აზრი და მისი განგება უფსკრულზე ღრმაა.

30მე კი, როგორც რუსხმული მდინარიდან და როგორც ნაკადული გავედი წალკოტში.

31ვთქვი, მოვრწყავ-მეთქი ჩემს ბაღს და დავათრობ ჩემს კვლებს. და აჰა, რუსხმული ჩემი მდინარედ იქცა, მდინარე ჩემი კი - ზღვად.

32კვლავ გამოვანათებ სწავლებას, როგორც განთიადს და შორს გავაბრწყინებ მას.

33კვლავ გადმოვღვრი მოძღვრებას, როგორც ქადაგებას და დავუტოვებ მას თაობებს საუკუნოდ.

34ხომ ხედავთ, მხოლოდ ჩემთვის როდი დავმშვრალვარ, არამედ ყოველი მძებნელისთვის.


წინა თავი შემდეგი თავი