მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 43

1უზენაესი სიდიადეა მოწმედილი ცამყარი - სახე ზეცისა დიდების ხილვაში.

2საკვირველი ქმნილება - მზე, შემოქმედება უზენაესისა, გამოჩნდება თუ არა, ამოსვლისთანავე, აცხადებს თავს.

3თავის შუადღისას უხმობს იგი ქვეყანას და მის მცხუნვარებას წინ ვინ დაუდგება?

4ქურას ახურებენ ნაკეთობათა გამოსადნობად, მაგრამ მზე სამგზის ბუგავს მთებს; ცეცხლის ალმურის აღმომსუნთქველია და თვალებს ჭრის ბრწყინვალე სხივებით.

5დიდია უფალი, მისი შემქმნელი, ვისი სიტყვითაც ისწრაფვის თავის სარბიელზე.

6მთვარეც ყველას უჩვენებს თავის დროზე ჟამს და საუკუნის ნიშნებს.

7მთვარისგანაა ნიშნები დღესასწაულისა, მისი ნათელი იკლებს გავსების შემდეგ.

8თვე მისი სახელით იწოდება; საკვირველად იზრდება ცვალებადობაში, ზეციურ მხედრობათა საჭურველი, ცის მყარზე მანათობელი.

9ცის მშვენება ვარსკვლავთა დიდებაა, სხივოსანი სამკაული უფლის ზესკნელში.

10წმიდის სიტყვით დგანან მწყობრად და არ იღლებიან თავიანთ სადარაჯოზე.

11შეხედე ცისარტყელას და აკურთხე შემქმნელი მისი, უმშვენიერესია თავისი ელვარებით.

12დიდებული რკალებით გარს ერტყმის ზეცას; უზენაესის ხელმა გადაჭიმა იგი.

13თავისი განგებით მოავლენს თოვლს და ჩააქრობს ელვა მისი მსჯავრისა.

14ამისთვის გაიხსნენ საგანძურნი და გამოფრინდნენ ღრუბლები, როგორც ფრინველები.

15თავისი სიდიადით შეამკვრივა ღრუბლები და დაიმსხვრნენ სეტყვის ლოდები.

16მისი მზერისგან მთები ირყევიან და მისი ნებით ქრის სამხრეთის ქარი.

17მისი ქუხილის ხმა ათრთოლებს დედამიწას, ასევე ჩრდილოეთის ქარიშხალიცა და გრიგალიც.

18ჩამოჰყრის თოვლს თავქვე დაშვებული ფრინველების მსგავსად და კალიასავით ეფინება მიწას; მისი სისპეტაკის სილამაზე აოცებს თვალს და გულს იტაცებს მისი ბარდნა.

19მოაფრქვევს მიწაზე ჭირხლს მარილივით და გაყინვისას ეკალივით წაიმახება.

20დაბერავს ცივი ქარი ჩრდილოეთისა და წყალი ყინულად იქცევა; დაფარავს წყლის ყოველ შესაკრებელს და აბჯარივით შემოსავს წყალს.

21გადაჭამს მთებს და უდაბნოს ბუგავს და ცეცხლივით გადატრუსავს ბალახს.

22მაგრამ ყველაფრის სწრაფი მკურნალია ნისლი, ჩამოყრილი ცვარი აგრილებს ხორშაკს.

23თავისი ბრძანებით დააცხრო უფსკრული და აღმოაცენა მასზე კუნძულები.

24ზღვაოსნები მოგვითხრობენ იქაურ განსაცდელზე და გვაოცებს, რასაც ჩვენი ყურებით ვისმენთ.

25იქ არის უცნაურობანი და საკვირველებანი - ყოველგვარი ჯურის ცხოველი და ზღვის ურჩხულნი.

26მისი წყალობით გზას იგნებს მისი მაცნე და მისი სიტყვით ყოველივე ერთიანდება.

27ბევრს ვილაპარაკებთ და ვერ გავსწვდებით, დავასკვნით მხოლოდ: ყველაფერია იგი.

28საიდან მოვიცეთ ძალა მის სადიდებლად? რადგან ყველა თავის ქმნილებაზე დიდია.

29საშიშია უფალი და დიდზე დიდი, საკვირველია მისი მეუფება.

30უფლის მადიდებლებმა აამაღლეთ იგი, რამდენადაც შეძლებთ, და მაინც უფრო აღმატებული იქნება. მოიკრიბეთ ძალა მისმა აღმაზევებლებმა, მაგრამ ნუ დაშვრებით, რადგან მაინც ვერ მიაღწევთ.

31ვის უხილავს იგი და აღუწერია? და ვის განუდიდებია იმგვარად, როგორიც არის?

32ბევრი რამ არის დაფარული ამაზე უფრო დიდი, ჩვენ კი მხოლოდ მცირე ნაწილი ვიხილეთ მის საქმეთაგან.

33რადგან ყოველივე უფალმა შექმნა და სიბრძნე ღვთისმოსავებს მისცა.


წინა თავი შემდეგი თავი