მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 32

1თუ სუფრის უფროსად დაგსვეს, თავს ნუ აიმაღლებ, არამედ იყავი მათ შორის, როგორც ერთი მათგანი; ჯერ მათზე იზრუნე და მერე დაჯექი,

2როცა ყოველ საქმეს აღასრულებ, რაც გევალება, რათა მათით გაიხარო და რიგიანი გაძღოლისთვის გვირგვინი მიიღო.

3ისაუბრე, წინამძღოლო, რადგან ეს შეგეფერება დარბაისლური ცოდნით, და მუსიკასაც ნუ დააბრკოლებ.

4როცა უსმენენ, ენად ნუ გაიკრიფები და ნუ ბრძენობ უდროო დროს.

5როგორც ლალის ბეჭედია ოქროს სამკაულში, ასევე მუსიკის კეთილხმოვანებაა ნადიმზე ღვინის სმისას.

6როგორც ბეჭედი სმარაგდისა ოქროს ბუდეში, ასევე მუსიკის ჰანგია ტკბილი ღვინის სმისას.

7ისაუბრე, ჭაბუკო; თუ საჭირო შეიქენი, თქვი ორიოდე სიტყვა, როცა შეგეკითხებიან;

8თქვი უმთავრესი, მცირედით მრავალი, და იყავი მცოდნე და შეგეძლოს დუმილის დაცვაც.

9დიდებულთა შორის ყოფნისას მათ თავს ნუ გაუტოლებ და ნუ მრავალსიტყვაობ, როცა სხვა საუბრობს.

10ქუხილს ელვა უსწრებს წინ, ხოლო მორიდებულ კაცს - კეთილგანწყობა.

11დროულად წამოდექ და ბოლო ნუ იქნები, სახლისკენ იჩქარე და ნუღარ შეყოვნდები.

12იქ გაერთე და ისე მოიქეცი, როგორც გსურდეს, მაგრამ ქედმაღლური სიტყვით ნუ შესცოდავ.

13ამისთვის დალოცე შენი შემქმნელი და თავისი სიკეთით შენი კმამყოფელი.

14უფლის მოშიში შეიწყნარებს შეგონებას და დილაადრიანად ამდგარნი წყალობას იპოვნიან.

15რჯულის მძებნელი მისით აღივსება, ხოლო თვალთმაქცი მასში დაბრკოლდება.

16უფლის მოშიშნი სამართალს იპოვნიან და ნათელივით გააბრწყინვებენ მსაჯულებას.

17ცოდვილი კაცი თავს აარიდებს მხილებას და შენდობასაც თავისი ნებისამებრ მოიპოვებს.

18გონიერი კაცი განსჯას არ უგულებელყოფს, უგუნურსა და ამპარტავანს კი შიში ვერ შეარყევს.

19დაუფიქრებლად ნურაფერს გააკეთებ და, თუ გააკეთებ, სინანულს ნუ მოჰყვები.

20ნუ გაემართები ნანგრევების გზით, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა.

21ნუ მიენდობი სწორ გზასაც.

22და უფრთხილდი თვით შენს შვილებსაც კი.

23ყოველ საქმეში შენს სულს მიენდე, რადგან ესაა მცნებათა დაცვა.

24რჯულის მოესავი მცნებებს უფრთხილდება და უფლის მოიმედე არ დაზარალდება.


წინა თავი შემდეგი თავი