მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 45

1წარმოშვა მისგან გულმოწყალე კაცი, მადლის მპოვნელი ყოველი ხორციელის თვალში, ღვთისთვისაც და კაცთათვისაც საყვარელი მოსე, რომლის ხსენებაც კურთხეულია.

2დიდებით წმიდებს დაამსგავსა და გაადიადა იგი საქმეთა წყალობით მტრების დასაშინებლად.

3მისი სიტყვებით შეწყვიტა ნიშები და განადიდა იგი მეფეთა წინაშე; მისი მეშვეობით მბრძანებლობდა თავის ხალხს და მასვე აჩვენა თავისი დიდება.

4ერთგულებისა და მორჩილებისთვის წმინდა ჰყო იგი და ყოველი ხორციელისგან გამოარჩია;

5მოასმენინა მას თავისი ხმა, შეიყვანა ნისლში და პირისპირ მისცა მას მცნებანი - რჯული სიცოცხლისა და შემეცნებისა, რათა იაკობისათვის ესწავლებინა აღთქმა და ისრაელისთვის მისი სასჯელები.

6აამაღლა აარონი, მისი მსგავსი სიწმიდით, მისი ძმა, ლევის ტომიდან;

7დაუდვა მას საუკუნო აღთქმა და ერის მღვდლობა ჩააბარა მას. აკურთხა იგი მშვენიერ სამოსელში და შემოარტყა სარტყელი დიდებისა.

8შემოსა იგი სანაქებო სრულყოფილებით და გამოაწყო მდიდრული სამოსელით: საწმერთულით, ტალავარით და ეფოდით.

9შემოარტყა მას ბურთულაკები და ოქროს მრავალი ეჟვანიც შემოავლო, რათა ფეხის გადადგმისას ხმები გამოეცათ და ტაძარში რეკვა ამტყდარიყო მისი ხალხის შვილებისთვის შესახსენებლად.

10შემოსა წმიდა სამოსით, ოქროთი ლურჯით და ძოწეულით - ნაქარგი ქსოვილით, მსჯავრის სიტყვით და ურიმითა და თუმიმით, ოსტატის ნახელავი მეწამული ქსოვილით;

11პატიოსანი თვლებით მოოჭვილი ბეჭდით ოქრომჭედლის ნახელავ ოქროს ბუდეში, რომელზედაც სამახსოვროდ ამოკვეთილია წარწერები ისრაელის ტომთა რიცხვის მიხედვით;

12თავსაბურავს ზემოთ ოქროს გვირგვინით ნიშნად სიწმიდის ბეჭდისა ღირსების სადიდებლად - ეს არის ქმნილება ხელოვნებისა და სამკაული, თვალებისთვის სანატრელი.

13მის დრომდე არ იყო მშვენებანი და ვერც უცხოტომელი შეიმოსება ამგვარად ვერასოდეს, არამედ მხოლოდ მისი შვილები და მისი შთამომავლობა სამარადჟამოდ.

14მისი მსხვერპლი ყოველდღე შეიწირება, მუდმივად, ორჯერ.

15აუვსო მოსემ ხელი და სცხო მას წმინდა ზეთი; მიეცა მას და მის თესლს საუკუნო აღთქმა ცის დღეებში, რათა ემსახურონ უფალს და აკურთხონ მისი ხალხი მისი სახელით.

16გამოარჩია იგი ყოველი ცოცხალისაგან, რათა უფლისათვის ძღვენი მიერთმია: საკმეველი და კეთილსურნელება იმის სამახსოვროდ, რომ თავისი ხალხი შეიწყალა.

17მისცა მას თავისი მცნებებით ხელმწიფება მსჯავრის გამოსატანად, რათა დაემოძღვრა იაკობი მოწმობებით და თავისი რჯულით გაენათლებინა ისრაელი.

18წინ აღუდგნენ მას უცხონი და შეშურდათ მისი უდაბნოში - დათანი, აბირონი და მათი ხალხი, და კორახის კრებული სიშმაგითა და გულისწყრომით.

19იხილა უფალმა და არ მოეწონა, და აღესრულნენ ისინი გულისწყრომის სიშმაგეში. მოახდინა მათზე სასწაული და თავისი ცეცხლის ალით შემუსრა ისინი.

20შეჰმატა აარონს დიდება და მისცა მას მემკვიდრეობა; უწილადა მას პირველმოწეული ნაყოფები; პირველ ყოვლისა კი მოუმზადა პური საძღომად,

21რადგან ისინი ჭამენ უფლის მსხვერპლს, რომელიც მას და მის შთამომავლობას მისცა.

22მაგრამ მას არა აქვს მემკვიდრეობა ხალხის ქვეყანაში და არც წილი ხალხს შორის, რადგან თავად უფალია მისი წილი და მემკვიდრეობა.

23ფინხაზი, ელეაზარის შვილი, მესამეა დიდებით, რადგან მოშურნე იყო იგი უფლის შიშში, მტკიცედ იდგა ხალხის განდგომისას სულის სიქველით და ივედრებოდა ისრაელის შეწყალებისთვის.

24ამიტომაც მიეცა მას მშვიდობის აღთქმა, რომ სათავეში ჩადგომოდა საწმიდარსა და მის ხალხს, რომ მის შთამომავლობას საუკუნოდ ჰქონოდა მღვდლობის ღირსება.

25დავითსაც, იესეს შვილს, იუდას ტომიდან, მიეცა აღთქმა, რომ სამეფო მემკვიდრეობა გადავიდოდა მხოლოდ შვილიდან შვილზე. ასევე მემკვიდრეობა აარონისა მისი შთამომავლობისაა.

26ღმერთმა თქვენც ჩაგიგდოთ სიბრძნე გულში, რომ მისი ხალხი სიმართლით განსაჯოთ, რომ არ წარიხოცოს მისი სიკეთენი და მისი დიდება თაობიდან თაობაში გადავიდეს.


წინა თავი შემდეგი თავი