მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 22

1ჭუჭყიან ქვაბს ჰგავს ზარმაცი და ყველა უსტვენს მის უპატიობას.

2ხარის ნეხვსა ჰგავს ზარმაცი; ყოველი მისი ამღები ხელს იფერთხავს.

3მამის სირცხვილია უზრდელი ვაჟიშვილის ყოლა, ქალიშვილი საზარალოდ იბადება.

4გონიერი ასული ქმარს შეიძენს, ურცხვი კი მშობლის დარდია.

5უტიფარი ქალი არცხვენს მამასაც და ქმარსაც, და ორივესგან შეძულებული იქნება.

6რაღა უდროო დროს ამბის მოყოლა და რაღა მხიარული ჰანგი ტირილის ჟამს; წკეპლით წვრთნა კი ყოველთვის სიბრძნეა.

7

8

9რაღა ბრიყვის მასწავლებელი და რაღა ნამსხვრევების შემწებებელი, ან მძინარის გამღვიძებელი ღრმა ძილისაგან.

10გინდა ბრიყვისთვის გიამბნია ამბავი, გინდა მთვლემარისთვის. ბოლოს იკითხავს, რა იყოო?

11იტირე მკვდარი, რადგან მოკლებული აქვს ნათელი და იტირე ბრიყვიც, რადგან მოკლებული აქვს გონება; ნაკლებად იტირე მკვდარი, რადგან განისვენა, ბრიყვის სიცოცხლე კი სიკვდილზე უარესია.

12მკვდარი შვიდ დღეს იგლოვე, ბრიყვი და უღვთო - ყოველდღე, სანამ ცოცხალია.

13უგუნურთან ნუ მრავალსიტყვაობ და უმეცართან ნუ დადიხარ. მოერიდე, რათა უსიამოვნება არ შეგემთხვეს და არ წაიბილწო მასთან შეხლა-შემოხლისას. აარიდე მას თავი და სიმშვიდეს მოიპოვებ და აღარ შეგაწუხებს მისი უგუნურება.

14რა არის ტყვიაზე მძიმე? და რა არის სახელი მისი, თუ არ ბრიყვი?

15ქვიშის, მარილისა და რკინის ზოდის ზიდვა უფრო ადვილია, ვიდრე უგუნური კაცისა.

16როგორც სახლის მტკიცედ შეკრული ხის სარტყელი მიწის ძვრისას არ დაირღვევა, ასევე გული, დაყრდნობილი გონივრულ რჩევაზე, არ შედრკება საფრთხეში.

17გონივრულ განსჯაზე დაფუძნებული გული ჩუქურთმაა გლუვ კედელზე.

18როგორც მაღალი საბჯენები ვერ გაუძლებს ქარს, ასევე მხდალი გული უგუნური განსჯისას ვერ გაუძლებს შიშს.

19დაჭრილი თვალი ცრემლებს გადმოღვრის, დაჭრილი გული კი გრძნობებს წარმოაჩენს.

20ფრინველებს დააფრთხობს გასროლილი ქვა და მეგობრის მაგინებელი დაარღვევს მეგობრობას.

21თუკი მეგობარზე იშიშვლე მახვილი, იმედს ნუ დაკარგავ, შეგიძლია უკან ჩააგო.

22თუ მეგობრის წინააღმდეგ პირი გახსენი, ნუ გეშინია, რადგან შეგიძლია შეურიგდე. მხოლოდ ძაგება, ქედმაღლობა, საიდუმლოს გამჟღავნება და მზაკვრული ქცევა განდევნის ყველა მეგობარს.

23მახლობლის ნდობა მის სიღატაკეში მოიპოვე, რათა მასთან ერთად იშვებდე მის კეთილდღეობაში. მასთან დარჩი გასაჭირის ჟამს, რათა მის მემკვიდრეობაში წილი დაიდო.

24ცეცხლის გაჩენამდე ღუმელში ალმური და კვამლია, ასევე სისხლის დაღვრამდე - ლანძღვა-გინება.

25მეგობრის დაცვისა არ შემრცხვება და მის წინაშე არ დავიმალები.

26თუკი მის გამო ბოროტება შემემთხვევა, ყველა, ვინც გაიგებს, მოერიდება მას.

27ნეტავ ეყენოს მცველი ჩემს პირს და ესვას გონიერების ბეჭედი ჩემს ბაგეებს, რათა მათგან არ დავეცე და არ დამღუპოს ჩემმა ენამ.


წინა თავი შემდეგი თავი